#ცნობილები

მონიკა ბელუჩის გზა წარმატებამდე: „მე ჩემი ოცნების პროდუქტი ვარ“

გაზიარება:

„მე ჩემი ოცნების პროდუქტი ვარ. ჯერ კიდევ ბავშვებაში მინდოდა მსახიობობა და ამ სამყაროში შესვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი რეალობისგან ძალიან შორს იყო“ - მონიკა ბელუჩი

1964 წლის 30 სექტემბერს, ირანული წარმომავლობის ემიგრანტისა და კათოლიკე იტალიელის ოჯახში დიდხანს ნანატრი სასწაული დაიბადა, „ღვთის საჩუქარს“ სახელად მონიკა ანა მარია ბელუჩი დაარქვეს. იმ პერიოდში მონიკას მშობლები ჩიტა-დი კასტელოში, პატარა იტალიურ სოფელში ცხოვრობდნენ, ბელუჩის მამა ფერმაში მუშაობდა დედა კი მხატვრობით ირჩენდა თავს. მონიკა საკმაოდ ღარიბ, თუმცა ჰარმონიულ ოჯახში გაიზარდა, გოგონამ ადრეულ ასაკში გააცნობერა, რომ მხოლოდ ცოდნას შეეძლო ფულის ნაკლებობის კომპენსირება, მოზარდობის ასაკში მშობლიური იტალიური ენის გარდა, მონიკა ფრანგულის, ინგლისურისა და ესპანური ენების საფუძველსაც ფლობდა.

მონიკას თავდაპირველი მიზანი ადვოკატობა იყო, თუმცა აღმოსავლური და ხმელთაშუა ზღვის სისხლის შერწყმამ გოგო შესაშური სილამაზით დააჯილდოვა. 13 წლის მონიკამ ბედი სამოდელო სფეროში სცადა, ადგილობრივი მოყვარული ფოტოგრაფის დახმარებით პორტფოლიო შეადგინა და ცხოვრების გარდამტეხ მოვლენებს დაელოდა. 16 წლის იყო, Liceo Classico-ს ჩვენებაში რომ მიიღო მონაწილეობა და მონიკა აღმოჩენად აქცია, სწორედ მაშინ ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში მყოფმა გაანალიზა, რომ შეეძლო ადვოკატობაზე უარი უფრო დიდი და წარმატებული მომავლისთვის ეთქვა.

1988 წელს მონიკა მილანში ჩავიდა და Elite Model Management-თან გააფორმა კონტრაქტი, მომდევნო წელს მონიკა ბელუჩის სახელი ნიუ-იორკსა და პარიზში მოდის სამყაროთი დაინტერესებულმა ყველა პირმა იცოდა. ახალგაზრდა ვარსკვლავი ფრანგული Elle-სთვის პოზირებდა და Dolce & Gabbana-ს სუნამოების რეკლამაშიც კი გამოჩნდა. ერთ-ერთი სარეკლამო რგოლი იტალიელმა კინორეჟისორმა ჯუზეპე ტორნატორემ გადაიღო, რომელმაც მომავალში მონიკა ბელუჩის სამსახიობო კარიერაში ყველაზე დიდებული როლი უბოძა.

მართალია, მონიკას საკმაოდ წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა, თუმცა თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად ბელუჩიმ კინოსამყაროში გადაინაცვლა. 90-იან წლებში იტალიურ კინოში პირველი ნაბიჯები გადადგა და ისეთ ფილმებში მიიღო მონაწილეობა, როგორებიც Vita coi figli, La Riffa და Briganti იყო. თუმცა ფრენცის ფორდ კოპოლამ 1992 წელს მონიკას დამსახურებული მთავარი როლი უბოძა, რის შემდეგაც დამწყები მსახიობით ამერიკელი და ევროპელი კინოპროდიუსერები დაინტერესდნენ. მრავალმა წყალმა და ბრწყინვალე სამსახიობო გამოცდილებამ ჩაიარა მონიკას ცხოვრებაში, მანამ სანამ მისი და ჯუზეპე ტორნატორეს გზები კიდევ ერთხელ გადაიყარა.

„მე ჯერ კიდევ მოდელი ვიყავი, როდესაც ტორნატორესთან ერთად რეკლამა გადავიღე. მაშინ მან მითხრა: „ერთი ფილმის მონახაზი მაქვს გონებაში, თუკი ოდესმე მას გადავიღებ, ამას აუცილებლად შენთან ერთად გავაკეთებ“. ამის შემდეგ ჩემს პირველ ფრანგულ ფილმში The Apartment-ში მივიღე მონაწილეობა, ამას მოჰყვა პირველი ამერიკული ფილმი Under Suspicion, მორგან ფრიმენთან და ჯინ ჰეკმანთან ერთად, ერთ დღესაც ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა: „გახსოვს ფილმი რომელზეც გეუბნებოდი? ის გონებიდან ვერაფრით ამოვიგდე“ - იხსენებდა მონიკა ბელუჩი ერთ-ერთ ინტერვიუში.

„საზოგადოებამ შეიძლება გაპატიოს გონიერება, გენიოსობაც კი მაგრამ არასდროს გაპატიებს სილამაზეს“ - და სწორედ ასე, ბელუჩიმ და ტორნატორემ ეკრანებზე „მალენას“ ისტორია გვიამბეს, ქალის, რომლისთვისაც სილამაზე ბუნების საჩუქრად და წყევლად ერთდროულად იქცა. 2001 წელს მონიკამ European Film Academy-ს People’s Choice ჯილდო დაიმსახურა „მალენას“ როლის შესრულებისთვის. 

„მალენას“ გასპარ ნოეს პროვოკაციული ფილმი Irréversible მოჰყვა, რომელიც მონიკა ბელუჩის ფილმოგრაფიაში ისეთივე დიდი ასოებით არის ჩაწერილი, როგორც „მალენა“. მონიკას გმირის გაუპატიურების ცხრა წუთიანმა სცენამ თავისი რეალისტურობით კანის კინოფესტივალზე რამდენიმე დამსწრე ცუდად გახადა, ბელუჩიმ განაცხადა, რომ ეშინია ამ ფილის ხელახლა ნახვის, თუმცა აშკარაა, რომ ეს მისი სამსახიობო კარიერის ერთ-ერთი უდიდესი შესრულება იყო.

რამდენიმე წლის განმავლობაში, მონიკა ბელუჩის კარიერა ზენიტში იმყოფებოდა, იტალიელი ლამაზმანი ძალებს არ იშურებდა ახალი ბრწყინვალე როლების მოსარგებად, ასე მივიდა მონიკა მელ გიბსონის ისტორიულ ეპიკურ ეკრანიზაციამდე The Passion of the Christ, რომელშიც ბელუჩიმ მარია მაგდალინელის როლი მოირგო.

მონიკამ, მომდევნო წლებშიც წარმატებით განაგრძო კინოინდუსტრიაში მოღვაწეობა და თუკი რამდენიმე კარიერულ პაუზას არ ჩავთვლით, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ის დღემდე წარმატებით აგრძელებს საყვარელი საქმის კეთებას და კინოში მოღვაწეობას.

ზევით