#nankakikalia #მოგზაურობა

მოგზაურობა ფრანგულ რივიერაზე

გაზიარება:

საქართველოში მასშტაბურმა ვაქცინაციამ სტარტი აიღო. ალბათ მალე, ძალიან მალე შევძლებთ ევოპის ქალაქებსა და მსოფლიოს მასშტაბით, როგორც უწინ, მოგზაურობას. მანამდე კი ფრანგულ რივიერაზე ჩემი მოგზაურობის მოგონებებს გაგიზიარებთ.

ფრანგული რივიერა

ფრანგული რივიერას პოპულარობა უპირობოა და ეს გარკვეულწილად კლიმატის დამსახურებაცაა – აქ თბილი ზამთარი იცის, ხოლო ზაფხულში მზე რბილი და ნაკლებად მწველია. ლაჟვარდოვანი ნაპირი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია მსოფლიოში, რაც ასევე უძრავი ქონების ღირებულებაზე პირდაპირპროპორციულად აისახება.

ლაჟვარდოვანი ნაპირი (Côte d'Azur) – ეს სახელწოდება ფრანგმა მწერალმა სტეფან ლეჟარიემ მოფიქრა, რომელმაც 1887 წელს გამოსცა რომანი „ლაჟვარდოვანი ნაპირი“.

MENTON

menton

ჩემი მოგზაურობა ფრანგულ რივიერაზე მენტონით დაიწყო, რომელსაც მეტსახელად „საფრანგეთის მარგალიტსაც“ უწოდებენ. ლაჟვარდოვანი სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ქალაქი საფრანგეთისა და იტალიის საზღვარზე მდობარეობს და ცნობილია ულამაზესი ბაღებითა და გასაოცარი ხედებით ხმელთაშუა ზღვაზე.

მენტონი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის უკიდურესი კუთხეა, რომელშიც იტალიური  და ფრანგული კულტურა ჰარმონიულადაა შერწყმულია. აქ საუკეთესო რესტორნები სწორედ რომ იტალიურია. ყველა კუთხეში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ჯელატოები და ამავდროულად ისიამოვნოთ ფრანგული შიკითა და დახვეწილობით, რომელიც ასე იგრძნობა სანაპიროზე მოსეირნე ფრანგებში.

 

დამატებითი ინფორმაცია

მენტონში ყოველი წლის თებერვალში ქალაქის ცენტრი ლიმონითა და სხვადასხვა ციტრუსით შექმნილი ქანდაკებებით ფორმდება. აქ ამ დროს ლიმონების ნამდვილი ფესტივალია, თუმცა ციტრუსების სურნელი ქალაქში ნებისმიერ სეზონზე ტრიალებს, რის გამოც ის ძალიან მახსენებს აფხაზეთის ერთ-ერთ ქალაქს და ამ ნოსტალგს ხელს, ეს აფხაზეთისმაგვარი ხედებიც უწყობს. 

MONACO

თუკი ღამის ცხოვრებას, ყველაზე ძვირადღირებული შამპანურით ხელში, გლამურსა და შიკს მოწყურებული ხართ, თქვენ არდადეგები სწორედ მონაკოში უნდა დაგეგმოთ.

 

 

თუ მსოფლიოში ტენდენციები იცვლება და სამყაროს ანდერგრაუნდი იპყრობს, მონაკო უცვლელი რჩება. ქალბატონებისთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის, ხოლო მამაკაცებისთვის სმოკინგის გარეშე აქ ყველაზე პრესტიჟული კარები დახურული რჩება. მდიდრული ვილა ფრანგულ რივიერაზე, იახტა და სამორინეს ფსონი – ეს სწორედ ისაა, რის გარეშეც მონაკო სრულიად წარმოუდგენელია.

monaco
Casino Monaco

მსოფლიო ელიტას ფრანგული რივიერას ეს პაწაწინა სახელმწიფო მდიდრული სასტუმროებისა და სამორინეების, შოპინგისა და გართობის გამო იზიდავს. ძვირადღირებული მანქანებით თავის მოწონება და წვეულებები იახტებზე შაპანურის შადრევნებით, აქ ყოველდღიურობის ნაწილია.

დამატებითი ინფორმაცია

მონაკოში ყოველ შემოდგომაზე იახტების ფესტივალი იმართება, სადაც ერთდროულად ასობით იახტა და იახტის მეპატრონე იყრის თავს. Monaco Yacht Show ერთდროულად ყველაზე ინოვაციური, მდიდრული და დიზაინერული კუთხით სრულყოფილი იახტების გამოფენა და გაყიდვაცაა.

მონაკო

ასე რომ, თუკი თქვენც, ჩემსავით გერგოთ პატივი Monaco Yacht Show-ს სტუმრები იყოთ, იახტების თვალიერებაში თავად მონაკოს პრინცი არ გამოგრჩეთ თვალთახედვიდან – შესაძლოა ის თქვენთან ერთად მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული იახტის თვალიერებით ტკბებოდეს.

მონაკო
Monaco Yacht Show 2019

რაც შეეხება უახლოეს თარიღს, მაისის 20-23-ში აქ Monaco Grand Prix გაიმართება და დამსწრე საზოგადოებისთვისა ღია იქნება დასწრება, არც ტურისტებისთვის შექმნეს რაიმე სახის შეზღუდვები გარდა იმისა, რომ ბილეთთან ერთად Covid-19-ის PCR ტესტი უნდა წარადგინოთ. ზუსტად 2 კვირა რჩება Monaco Grand Prix-მა, დავფიქრდი, ბილეთები ხომ არ დამეჯავშნა?

NICE

ლაჟვარდოვანი სანაპიროს მარგალიტი, დახვეწილი და ელეგანტური – ეს ფრანგული რივიერას ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ნიცაა. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ეს უმშვენიერესი ქალაქი ბერძნებმა ჩვ.წ.აღ-მდე 350 წელს ააგეს და სახელიც გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს სადიდებლად დაარქვეს.

ნიცა მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია – საუცხოო არქიტექტურითა და საუკეთესო რესტორნებით, მრავალრიცხოვანი მუზეუმებით, ძველი ქალაქის ნანგრევებითა და ხეხილის ხეივნებით.

ბედნიერი ტურისტი მე, ნიცა, რომელიღაც წელი Covid-19-მდე 

დამატებითი ინფორმაცია

ნიცა მდიდარია სხვადასხვა მუზეუმითა და კოლექციებით, რომლებიც აქ ინახება. მხატვრები საცხოვრებელ ადგილად ხშირად სწორედ ნიცას ირჩევდნენ. ნიცაში თქვენ შეგიძლიათ მატისის სახლ-მუზეუმს ეწვიოთ, სადაც მხატვარმა ცხოვრება 1917 წლიდან გარდაცვალებამდე გაატარა.

CANNES

„წითელი ხალიჩისა“ და კინოსამყაროს წარმომადგენლების თავშესაყრელი ადგილი – ეს პირველი ასოციაციაა, რაც ამ ქალაქთან დაკავშირებით გიჩნდება. სამწუხაროდ, წითელ ხალიჩაზე და მასიურ ღონისძიებებზე ოცნება ჯერ ადრეა (მონაკოს Grand Prix გამონაკლისია), კანი ასევე საოცარი სილამაზის ქვიშის სანაპიროებითა და კამკამა წყლით გამოირჩეოდა.

ლაჟვარდოვანი სანაპიროს ეს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი წარსულითაც გამოირჩევა. იგი ერთ-ერთი უძველესია ამ სანაპირო ზოლზე არსებულ ქალაქთა შორის. ისტორიული წყაროების მიხედვით, კანის ტერიტორიაზე ქალაქი ქრისტეს შობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე დაარსებულა და მეთევზეების სოფელს წარმოადგენდა, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, იგი არისტოკრატთა ფავორიტ საკურორტო ადგილად იქცა.

cannes

დღეს კანი არა მხოლოდ ცნობილი კინოფესტივალის, არამედ სხვადასხვა კულტურული თუ სოციალურ-პოლიტიკური მოვლენის ეპიცენტრია.

ზევით