#საზოგადოება

მე არავინ მიმიტოვებია – მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი…

გაზიარება:

| ზურა მახარაშვილი |  

21 წლის იყო, როცა ჯერ კიდევ სტუდენტმა, მისი ერთადერთი სიყვარული – ნანა თოიძე ცოლად შეირთო. ოჯახის რჩენაში მშობლები ეხმარებოდნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახი თავად ერჩინა, მუსიკალური განათლება გაიხსენა და მაუდ-კამვოლის კომბინატის კლუბში ორკესტრი შექმნა, რომლისთვისაც პარტიტურების წერა დაიწყო. ამერიკელი მასწავლებლის წყალობით, ინგლისური ბავშვობიდან ძალიან კარგად იცოდა, ამიტომ უცხო ენაში მეზობლის ბავშვების მომზადება არ გაუჭირდა და  დამატებითი შემოსავალიც გაუჩნდა. 22 წლის იყო, როცა 19 ნოემბერს პირველი შვილი – ირაკლი ჩარკვიანი გაუჩნდა და მამა გახდა. თვითონაც პატარა იყო, ამიტომ ახალი სიცოცხლის დაბადება და მამობის პასუხისმგებლობა კარგად ვერც აღიქვა და ვერც გააანალიზა.

გელა ჩარკვიანი
ნანა, ირაკლი და გელა

ახალგაზრდა მშობლებმა ირაკლის დაბადებიდან პირველივე თვეს ბევრი სირთულე ნახეს. ჯერ იყო და რთულად, ექიმების დახმარებით დაიბადა, რამდენიმე დღის იყო, როცა დაბნეულ მშობლებს ბავშვი მაგიდიდან გადმოუვარდათ, ორი კვირისას კი ფილტვების ანთება დაემართა. დაახლოებით წლინახევრისამ პირველი, დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგა და მას შემდეგ მთელი ოჯახი მის ფეხდადგმულს დაჰყვებოდა. გელა მკაცრი მამა არასოდეს ყოფილა. ახალგაზრდობაში გარკვეული დოზით თავადაც მეამბოხე იყო. ირაკლის დასჯისა და სტიმულირების მეთოდით ზრდიდა. ირაკლი პატარაობიდან მოუსვენარი, უკომპრომისო, განსხვავებული, ზომაზე ცელქი და შემოქმედებითი ბავშვი იყო. მუდამ ახალ აღმოჩენებს აკეთებდა, მუდამ რაღაცას წერდა და იგონებდა. ბავშვობიდან მუსიკა იტაცებდა.

 

გელა ჩარკვიანი
ირაკლი და გელა

მამამ ირაკლის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაზე, გარკვეულწილად დიდი გავლენა იქონია. გელა მეგობრებთან ერთად წერდა სიმღერებს და მიუზიკლებს, რომლებსაც შინ დგამდა, რადგან მათი შინაარსი არა მარტო ცენზურისთვის, არამედ იმდროინდელი ფართო საზოგადოებისთვისაც მიუღებელი იქნებოდა. ასეთი სპექტაკლების დროს პატარა ირაკლის ბარმენის მოვალეობა ეკისრებოდა და სტუმრებს საინტერესო კოქტეილებს სთავაზობდა.

ცხოვრება შეჯიბრია. თუ გახდი ის, რაც შეგიძლია გახდე, მაშინ ბედნიერი ხარ

gela charkviani

ინგლისურის კარგად ცოდნის გამო, გელას საზღვარგარეთ მოგზაურობაც ხშირად უწევდა, საიდანაც შვილებისთვის (ირაკლის და – თეონა ჩარკვიანი, ძმაზე 5 წლით უმცროსია) „ბროდვეის“ მიუზიკლები ჩამოჰქონდა, რადგან როგორც მიაჩნდა კარგი საფუძველი იქნებოდა იმისთვის, რომ შვილებს მუსიკასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონოდათ. ალბათ ყოველივე ამან უბიძგა ირაკლის, რომ თავადაც მუსიკა, ლექსები და პროზაული ნაწარმოებები შეექმნა. სკოლა არასოდეს უყვარდა, ყველა დირექტორსა და მასწავლებელს რაღაცას უწუნებდა. საბოლოო ჯამში ოთხი სკოლა გამოიცვალა, თუმცა იქ შეძენილი მეგობრები სიცოცხლის ბოლომდე ჰყავდა. ბავშვობაში მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა, კარგი სმენა ჰქონდა, მაგრამ გამებისა და ეტიუდების დაკვრა ყოველთვის ეზარებოდა. გვერდით მიუდგებოდა და ყურადღებით უსმენდა ხოლმე მამას, როდესაც ჯაზს უკრავდა. ნელ-ნელა კლავიშებს დაუმეგობრდა და მათი დამოუკიდებლად ათვისება დაიწყო. მისი დებიუტი პროფესიულ მუსიკალურ ასპარეზზე კი ჯგუფ „არიშში“ შედგა.

ჩარკვიანები თანდათან „სამეფო დინასტიად“ ჩამოვყალიბდით. ჯერ იყო „მეფე“ კანდიდი, მერე „მეფე ირაკლი“. მე „მეფის“ შვილიც ვარ და „მეფის“ მამაც

რაც შეეხება ალტერნატიულ მუსიკასა და როკს, საქართველოში ის სწორედ ირაკლის ბავშვობის პერიოდში ვითარდებოდა. 12-13 წლის იყო, როცა ქვეყანაში რევოლუცია დაიწყო და შინაგანად მეამბოხე ირაკლი აკეთებდა იმას, რაც მშობლებს არ უნდოდათ. ხშირად იკარგებოდა შინიდან რამდენიმე თვით და მარტო ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობდა ისე, რომ მისი ადგილსამყოფელი მშობლებმა არ იცოდნენ. ისე დაიწყო რუსთავის ორკესტრში დაკვრა, რომ დედამ და მამამ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. როცა გელამ მის შემოქმედებას მოუსმინა, მიხვდა, რომ ირაკლი კარგი მუსიკის დაწერას შეძლებდა და ცოტა დამშვიდდა. მშობლები განიცდიდნენ, თუმცა მიყვნენ ირაკლის ნებას და მათ თვალწინ ნელ-ნელა შვილის შემოქმედება სულ უფრო სერიოზული ხდებოდა.

18 წლისამ ლექსების წერა დაიყო (გელას ახლაც მიაჩნია, რომ ირაკლის საუკეთესო ლექსები სწორედ ამ ასაკშია დაწერილი). ირგვლივ ყოველთვის შემოქმედებითი მეგობრები ჰყავდა: გეგა კობახიძე, გია მირზაშვილი და  ლევან ღოღობერიძე. ბიჭები ერთმანეთის შემოქმედების პირველი შემფასებლები იყვნენ. ირაკლიმ  ნელ-ნელა მოთხრობების წერაც დაიყო და ლიტერატურისკენ გადაიხარა. გელას ეგონა, რომ შვილი სწორედ ლიტერატურას გაჰყვებოდა, მაგრამ მუსიკის სიყვარულმა თავისი ქნა. საბოლოოდ კი ჩამოყალიბდა ავტორად, რომელიც ტექსტს, მუსიკასა და ვიზუალს, ანუ  „არტ პროდუქტს“ თავად ქმნიდა. უპირისპირდებოდა იმ რეალობას, რომელშიც იყო. გამუდმებით ფიქრობდა რაღაც ახალი შეექმნა და ამით იკვებებოდა. ძალიან თამამი იყო და შიშის გრძნობა არ ჰქონდა. მუდამ ზღვარზე დადიოდა და ყოველთვის რისკის წინაშე დგებოდა, თუმცა დიდი ნაბიჯებით, გამართული მიიწევდა.

ირაკლი ჩარკვიანი
მეფე ირაკლი ჩარკვიანი

უკომპრომისო და მოუსვენარი იყო მუსიკალური მეტაფორების მაძიებელი შემოქმედის ბუნება. კულტურა იყო მისი ასპარეზი და მუდამ კულტურულ ამბოხში მონაწილეობდა. აქ გამოვლინდა ყველაზე მეტად მისი ბუნება და ნიჭი, რომლითაც არაერთი ტაბუ დაამსხვრია და გავლენა მოახდინა 1990-იანი და ადრეული 2000-იანი წლების ქართულ კულტურულ პროცესზე. რაც შეეხება ქართულ როკს, ის ჩვენი ეროვნული კულტურის ნაწილად აქცია. სწორედ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილმა განაპირობა ის, რომ მისი შემოქმედება მუდამ ახლებური, თავსებადი, ხელმისაწვდომი, უშუალო და რაც მთავარია – მუდამ ცოცხალია. უყვარდა ინტრიგა, ეპატაჟი. 43 წლის ასაკში ექსცენტრიკული, თამამი ნაბიჯი გადადგა – „მეფობა“ გადაწყვიტა და „გამეფდა“. 44 წლის ასაკში წავიდა ისე, რომ ყველაფრის თქმა ვერ მოასწრო, მაგრამ ბევრი თქვა. მისი ბიოგრაფია სიკვდილით ვერ დასრულდა – გრძელდება...

გელა ჩარკვიანი და მეფე

44 წელი ზღვარი იყო ირაკლისთვის. ირაკლის სიბერის ეშინოდა

ქეთათო 16 წლის იყო, როცა ირაკლი გაიცნო. 17-ის კი, როცა ერთად ცხოვრება დაიწყეს. ირაკლი მაშინ ქეთათოზე ორჯერ უფროსი, 34 წლის გახლდათ. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მასთან ასაკობრივი ბარიერი არასოდეს უგრძვნია, ამის მიზეზი კი თავად ირაკლი იყო, რომელიც ურთიერთობაში ძალიან გახსნილი და საინტერესო იყო. ძირითადად მუდამ შინ იყვნენ. გარეთ იშვიათად – ძაღლის გასასეირნებლად გადიოდნენ. სვამდნენ მწვანე ჩაის, ლაპარაკობდნენ ფილოსოფიაზე, ბევრს უკრავდნენ და მღეროდნენ. ერთმანეთზე ზრუნავდნენ და პოზიტიურად მოქმედებდნენ. მეფესთან ურთიერთობით ქეთათომ საკუთარ თავში ბევრი მიძინებული, კარგი თვისება აღმოაჩინა. მისგან სწორი ცხოვრება და ყველაზე მთავარი – სიყვარული ისწავლა.  ი

ირაკლი და ნანა

ირაკლის ბავშვი უნდოდა, მაგრამ ქეთათოს მისი ზედმეტი პასუხისმგებლობით დატვირთა არ სურდა, ამიტომ ცდილობდა მისი სილაღე მაქსიმალურად დიდხანს შეენარჩუნებინა. პატარა ნანამ ირაკლი ისე შეცვალა, რომ ქეთათო ვეღარ ცნობდა. ირაკლი ეხმარებოდა ბავშვის მოვლაში, კვებაში, და საფენსაც საკუთარი ხელით უცვლიდა. ქეთათოს მოსწონდა ეს ყველაფერი, მაგრამ ცოტა ეგოისტური გრძნობა ჰქონდა და ერჩივნა ის პერიოდი, როცა ირაკლი მხოლოდ მისი იყო და მის სიყვარულში არავინ ეცილებოდა. ერთად ცხოვრება მხოლოდ 10 წელი მოასწრეს. ირაკლის დაკარგვით მან საკუთარი თავიც დაკარგა. „მეფის“ გარდაცვალების შემდეგ, როცა მარტო დარჩა და ფაქტობრივად თავიდან მოუწია დაბადება და ცხოვრების სწავლა, ნანა ქეთათოს ერთადერთი ხსნა და სტიმული აღმოჩნდა.

გელა ჩარკვიანი
გელა ჩარკვიანი და ირაკლის შვილი, ნანა. ფოტო: დინა ოგანოვა

ირაკლის გარდაცვალებისას ნანა ორწლინახევრის იყო. მამა ბუნდოვნად ახსოვს, ძველი ჩანაწერების ნახვისას კი კადრებად ახსენდება ირაკლისთან ურთიერთობის სხვადასხვა მომენტები. მეფის გარდაცვალების შემდეგ, „პატარა ნანა“-ზე (როგორც ბაბუა ეძახის) მზრუნველობა გელამ აიღო და დღეს ერთდროულად ბაბუის როლსაც ასრულებს და მამისასაც. ნანას საუკეთესო მეგობარიცაა და მასწავლებელიც. შაბათ-კვირას ბაბუა და შვილიშვილი ერთად ატარებენ და სხვადასხვა საგანს ინგლისურად მეცადინეობენ.

გელა ჩარკვიანი
გელა: „მახსოვს, ირაკლი ქეთათოსთან ერთად შემოვიდა და მითხრა: მალე ბავშვი გვეყოლება და მე მინდა მას რეტროსახელი დავარქვა – ნანა“

ირაკლის უფროსი შვილი მაქსიმე, 20 წელია მოსკოვში დედასთან, რუსეთში მიუზიკლების ცნობილ მსახიობ ელენა ჩარკვიანთან ერთად ცხოვრობს. საბავშვო ბაღი და პირველი კლასი თბილისში დაამთავრა. იცის ქართული ენა და 7 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა. ზაფხულის ცხელ თვეებსაც ბებია-ბაბუასთან ერთად საქართველოში ხშირად ატარებდა.მაქსიმემ უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა კარიერა სხვა მიმართულებით გააგრძელა: მუშაობდა კინოსტუდიაში, ტელევიზიაში, ახლა კი სხვადასხვა კლიპისა და სარეკლამო რგოლის სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერია. როცა თავისუფალი დრო აქვს, ცდილობს საქართველოში ჩამოვიდეს და მონატრებულ ოჯახის წევრებთან რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს.

გელა ჩარკვიანი
ჩარკვიანების დინასტია ერთ ფოტოზე

გელა ჩარკვიანმა წლების განმავლობაში ბევრი რამ აკეთა: იყო პოლიტიკურ ასპარეზზე, სხვადასხვა მიმართულებით კითხულობდა ლექციებს, წერდა მუსიკას. ცხოვრების გზაზე იყო ბედნიერი მომენტებიც, ტრიუმფებიც და ჩავარდნებიც. შესაძლოა იყო რაღაც, რაც კიდევ უფრო წინ წაწევდა მის ცხოვრებას, მაგრამ არასოდეს სერიოზული შეცდომა არ დაუშვია. საბოლოოდ კი, ყველა ტიტული მოიცილა და დარჩა ერთი – ლეგენდა გელა ჩარკვიანი.

თუ გინდა თავისუფალი დარჩე, სიკვდილს უნდა აჯობო. მისი არ უნდა გეშინოდეს.

ზევით