#მოდა #MBFW TBILISI

ლუკა მიქაძის ხელით მოხატული სამოსი და დებიუტი MBFW TBILISI-ზე

გაზიარება:

ლუკა მიქაძე ყოფილი ფეხბურთელი და მოქმედი მთავარი მწვრთნელია, რომელმაც საკუთარი სახელი მოდის სამყაროსთან, სულ რამდენიმე წლის წინ გააიგივა, მაშინ, როდესაც მივიწყებულ ბავშვობის ჰობს - ხატვას მიუბრუნდა და ის ხელახლა აღმოაჩინა. ტილოდან ლუკამ მალევე სამოსზე გადაინაცვლა და ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტის - ხელით მოხატული სამოსის შექმნა დაიწყო. ახალბედა დიზაინერის ხელწერა მის ექსკლუზიურობაში იმალება, ლუკა მიქაძე ყველაზე ფერად, ზოგჯერ სენტიმენტალურ და ყოველთვის შინაარსიან ნამუშევრებს მხოლოდ ერთ ეგზემპლარს ქმნის, ერთადერთსა და განუმეორებელს.

რამდენიმე კვირაში, ლუკა მიქაძეს და მის მრავალფეროვან სილუეტებს თბილისის მერსედეს ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში, შოურუმში ვიხილავთ, მანამდე კი ჩვენს ინტერვიუში გაგაცნობთ ლუკას პირად ისტორიას, მის მიერ განვლილ გზას და მოვისმენთ ახალბედა დიზაინერის მიღწეულ წარმატებაზე...

ლუკა, როდის ჩნდება მოდის სფეროსადმი ინტერესი თქვენს ცხოვრებაში?

ყოველთვის ვცდილობდი გემოვნებიანად და განსხვავებულად  შემერჩია ჩემი გარდერობი, ხატვა კი ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, თუმცა ყოველთვის რჩებოდა ჰობად, მანამ სანამ პანდემიის პერიოდში, წლების შემდეგ ხელახლა არ მივუბრუნდი მას. 3 წლის წინ, ისევე როგორც ყველას, მეც ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ წასულმა, გადავწყვიტე ბავშვობის ჰობს მივბრუნებოდი, სწორედ იქ განვაახლე ტილოზე ხატვა. რამდენიმე ნახატი ახლად შექმნილ გვერდზეც განვათავსე, მათ მცირე დროში საკმაოდ ბევრი შეძენის მსურველი გამოუჩნდათ. 

ის ფაქტი, რომ ხატვას მივუბრუნდი დედაჩემის უდიდესი დამსახურებაა, როდესაც ბავშვობის ჰობს მივუბრუნდი, მან უფლება მომცა მთელი სახლი მომეხატა. 

როდის გაჩნდა ხელით მოხატული სამოსის შექმნის იდეა?

ტილოზე ხატვის შემდეგ, მალევე გავაცნობიერე, რომ რაღაც ახალი, უფრო მასშტაბური მჭირდებოდა და სწორედ ასე, დავიწყე სამოსზე ხატვა. დასაწყისში, არ მქონდა ინფორმაცია რომელი საღებავით ან ტექნიკით უნდა მიმეღო სასურველი შედეგი, ძალიან დიდი დრო დამჭირდა ამ ყველაფერში გასარკვევად, თან ჩემი პროფესიიდან გამომდინარე დღეში 2-3 ვარჯიშის ჩატარებაც მიწევდა. პირველად, მაისურზე დავხატე, თუმცა ის 2 თვე არ გაიყიდა, იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი და ხატვა განვაგრძე, პირველივე დაბრკოლებისთვის არ მიმიცია უფლება ჩემს ოცნებებზე მეთქვა უარი.

ტილოზე შესრულებული ნახატების გაყიდვებიდან, შემოსული თანხით ვკერავდი მაისურებს და ვიწერდი სპეციალურ საღებავებს.

სასურველმა შედეგმაც არ დააყოვნა, მომდევნო თვეში 170 მაისური გაიყიდა, მაშინ გავაცნობიერე, რომ ჩემს მიზანს მივაღწიე და ჩემი შემოქმედებაც მთელს ქალაქს მოედო.

უმეტესად მხოლოდ ერთ დიზაინს ქმნით, რომელიც აღარ განმეორდება, ეს მიდგომა/კონცეფცია რომ აგვიხსნათ...

ჩემი სამოსის უმეტესობა მართლაც არის Only One, სწორედ ეს ხდის მას უნიკალურს. ვფიქრობდი, როგორ უნდა ყოფილიყო ჩემი სამოსი გამორჩეული, ბაზარზე სადაც ტექნოლოგიები ძალიან მაღალ დონეზეა და რა უნდა ყოფილიყო ჩემი ნიშა, იმასთან ერთად რომ ხელით ვხატავდი გადავწყვიტე ერთ-ერთი მთავარი ხელწერა სწორედ ექსკლუზიურობა ყოფილიყო.

როდესაც იცი, რომ გაცვია სამოსი, რომლის მსგავსიც მეორე არ არსებობს, ვფიქრობ, ძალიან სასიამოვნოა, ეს გამორჩეულად გაგრძნობინებს თავს. 

რა ადგილი უჭირავს თქვენი წარმოების სტილს თანამედროვე მოდის ბაზარზე? რამდენად პოპულარულია ექსკლუზიურობის ცნება?    

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით, უპირატესობა მარტივად და სწრაფად წარმოებად ნივთებს ენიჭება, ვგრძნობ მხარდაჭერას, რომელიც ჩემ მიერ შექმნილი პროდუქტის მიმართ გაჩნდა, როგორც მომხმარებლების, აგრეთვე მოდის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. თითოეული პროდუქტი ძალიან დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს ჩემი მხრიდან, ბუნებრივია, ეს ართულებს მასიურ მწარმოებლებთან თუ დიდ ბრენდებთან კონკურენციას, თუმცა იმავდროულად გამორჩეულსაც გვხდის.

რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო?

ინსპირაცია საკმაოდ ცვალებადია, ერთი კონკრეტული წყარო არ მაქვს, რომლითაც ვიკვებები. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ დავხატე მაისური აფხაზეთის თემაზე, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა. შთაგონება სოციალურ ქსელში ნანახი ერთ-ერთი ვიდეო გახდა აფხაზეთზე, ყურების მომენტში თავში რამდენიმე კადრმა ერთად გაირბინა, ამომიტივტივდა ყველაფერი, რაც მთელი ცხოვრება მესმოდა აფხაზეთზე. ავდექი და უბრალოდ დავიწყე ხატვა, მთელი შეგრძნებით. მაისურის დასრულების შემდეგ კი მივიღე გადაწყვეტილება, რომ მისი არა ერთი, არამედ რაც შეიძლება მეტი ეგზემპლარი შევქმნა, მინდა, რომ მაისური რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ეცვას. 

წინასწარ არასდროს ვიცი რას ვხატავ, არც ის რომელი ფერების გამოყენება მომიწევს, გადაწყვეტილებებს სპონტანურად, უშუალოდ მუშაობის პროცესში ვიღებ.

მერსედეს ბენც მოდის კვირეულის დებიუტისთვის ემზადებით, როგორ მიმდინარეობს სამზადისი და რას ნიშნავს ეს გამოცდილება თქვენთვის?    

რა თქმა უნდა, ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, საკმაოდ დატვირთულად მიმდინარეობს მზადების პროცესი, ვცდილობ მაქსიმალურად გამორჩეული, ხარისხიანი და ფერადი პროდუქცია მივაწოდო მომხმარებელს. ჩემი ნამუშევრები ძირითად არის მხიარული ფერებისა და ემოციური კონტენტის ნაზავი. შესაბამისად ვცდილობ მომხმარებლამდე სამოტივაციო შინაარსიც მივიტანო, ჩემთვის როგორც მხატვრისთვის ამ ნამუშევრების დახმარებით მიღებული დადებითი უკუკავშირი უკვე გამარჯვებაა. 

როგორ ხედავთ თქვენი შემოქმედების განვითარებას მომავალში?

შემოქმედებითი სფერო იმდენად უსაზღვროა, რომ რთულია დღევანდელი პერსპექტივიდან რაიმე კონკრეტულის თქმა, თუმცა მსურს, რომ საერთაშორისო ბაზარზე მოვხვდე და ჩემი სამოსი და ნამუშევრები უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნო.

ზევით