#სილამაზე

„დამალვით დავიღალე“ - ლინდა ევანგელისტას წარუმატებელი კოსმეტიკური პროცედურა

გაზიარება:

2018 წელს დონატელა ვერსაჩემ უფროსი ძმის ხსოვნისადმი მიძღვნილი გრანდიოზული შოუ გამართა და ჯანი ვერსაჩეს რჩეული გოგოები, ათწლეულების შემდეგ პოდიუმზე დააბრუნა. ისინი, ვინც სუპერმოდელების ფენომენი შექმნეს იდგნენ Versace-ს პოდიუმზე და კვლავინდებურად ანათებდნენ, თუმცა არავის გამოჰპარვია ის დანაკლისი, რომელსაც სახელად ლინდა ევანგელისტა ერქვა. რატომ არ იდგა ლინდა ნაომის, სინდისა თუ კარლას გვერდით? 

ამ კითხვას პასუხი ლინდამ მხოლოდ ახლა გასცა, გამოცემა People-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სუპერმოდელმა ისაუბრა იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ცხოვრების უკანასკნელი 5 წელიწადი ჩრდილში გაატარა და რის გამოც ხშირად გამხდარა კრიტიკის მსხვერპლი.

„დამალვით დავიღალე“ მოდის საკულტო ფიგურამ და 90-იანი წლების ყველაზე გამორჩეული სახემ დუმილი საბოლოოდ დაარღვია და ისაუბრა იმ წარუმატებელი კოსტმეტიკური პროცედურის შესახებ, რომელმაც მისი ცხოვრება ღამის კოშმარად აქცია და იმ ფიზიკურ და სულიერ ტკივილზე, რომელსაც ლინდა ევანგელისტა ყოველდღიურად განიცდიდა.

„პოდიუმზე დგომა მიყვარდა, ახლა კი მეშინია სადმე იმ ადამიანს არ გადავეყარო რომელსაც ოდესღაც ვიცნობდი... უბრალოდ აღარ შემიძლია ამ ტკივილით ცხოვრება, მზად ვარ ვილაპარაკო“ - განაცხადა ლინდამ ინტერვიუში.

2015 წელს ლინდა ევანგელისტამ გადაწყვიტა ლიპოსაქციის არაინვაზიური მეთოდისთვის მიემართა და სხეული ფორმაში FDA-ს „ცხიმების გაყინვის პროცედურით“ ჩაეყენებინა, თუმცა პროცედურას გეგმის მიხედვით სულაც არ ჩაუვლია. პროცედურიდან სამი თვის შემდეგ ევანჯელისტამ შენიშნა, რომ ნიკაპთან, ბარძაყებთან და მკერდთან კანი უცნაურად ჰქონდა ზომაში გაზრდილი,  რომლებიც სულ უფრო იზრდებოდა და მკვრივდებოდა.

თავდაპირველად, ლინდამ ეს პრობლემა საკუთარი ცხოვრების სტილთან დააკავშირა და გადაწყვიტა თვითმკურნალობის გზებისთვის მიემართა. ევანგელისტამ დაიწყო ვარჯიში და მიმართავდა დიეტებს, რომლებმაც საბოლოოდ შიმშილისთვის გაწირა სუპერმოდელი, თუმცა ამ უკიდურესმა ფორმამაც კი არანაირი შედეგი არ გამოიღო. 

მხოლოდ ამის შემდეგ, ლინდამ გადაწყვიტა რჩევა პროფესიონალისთვის ეკითხა, პასუხი კი შოკისმომგვრელი იყო, მას პარადოქსული ცხიმოვანი ჰიპერპლაზიის დიაგნოზი (PAH) დაუსვეს. PAH არის იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც პაციენტების 1%-ზე ნაკლებში იწვევს გაყინული ცხიმოვანი სხეულის გასქელებას და გაფართოებას, ყველაზე დიდი პრობლემა კი ამ შემთხვევაში ის გახლავთ, რომ სახეცვლილი სხეული ლიპოსაქციას აღარ ექვემდებარება.

ლინდამ დიაგნოზთან ერთად ცხოვრება ისწავლა, მიუხედავად იმისა, რომ მის ამჟამინდელ ფიზიკურ მდგომარეობას ვერ ეგუება და მიიჩნევს რომ სუპერმოდელი ლინდა ევაგელისტას პერსონა უკვე წარსულში დარჩა, მან იპოვა ძალა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოჩენილიყო ფოტოსესიაში, ხმამაღლა ელაპარაკა თავისი პრობლემების შესახებ და ამით სხვა ადამიანების ცხოვრებაც შეემსუბუქებინა.

„რატომ ვთვლით საჭიროდ, რომ ჩვენს სხეულებს ეს უნდა გავუკეთოთ? ყოველთვის ვიცოდი, რომ დავბერდებოდი, უბრალოდ ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი ვიქნებოდი. იმედი მაქვს ოდნავ მაინც მოვახერხე სირცხვილის თავიდან აცილება, ძალიან მინდა დავეხმარო სხვა ადამიანებს, რომლებიც იმავეს განიცდიან, რასაც მე, ეს არის ჩემი მიზანი“ - ამბობს ლინდა ევანგელისტა.

ზევით