კიშო კუროკავას მომავლის ხედვა - მეტაბოლიზმიდან სიმბიოზამდე

„არქიტექტურა (არის) თეატრის სცენა, სადაც წამყვანი მსახიობები არიან ადამიანები, ამ ადამიანებსა და სივრცეს შორის დიალოგის დრამატულ წარმართვას კი დიზაინის ტექნიკა ეწოდება“ – კიშო კუროკავა.

იაპონიის არქიტექტურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი არქიტექტორი კიშო კუროკავა გახლდათ, ადამიანი, რომელსაც უნიკალური ხედვის წყალობით მომავლის არქიტექტოსრაც უწოდებდნენ. 1960 წელს კუროკავამ მეტაბოლისტის მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი და ურბანული დაგეგმარების რადიკალური ავანგარდული სტილის პიონერად მოგვევლინა. 

მეტაბოლისტების ხედვა მეგაპოლისებზე იყო მორგებული, მუდმივად მზარდ ქალაქებს ახალ მოსახლეობასთან ადაპტაციისთვის მოქნილი საცხოვრებლების შექმნა სჭირდებოდა, რომელიც დროთა განმავლობაში გაფართოებას კიდევ და კიდევ დაექვემდებარებოდა.

ამ პრინციპებისა და ხედვების გათვალისწინებით, კიშო კუროკავამ თავისი პირველი და ალბათ ყველაზე ცნობილი ნაგაკინის კაფსულის კოშკის პროექტი წარადგინა. 1972 წელს, არქიტექტორის ჩანაფიქრი რეალობად იქცა, ტოკიოს ცენტრში შერეული დანიშნულების საცხოვრებელი და საოფისე კოშკი გამოჩნდა, ეს გახლდათ კაფსულა არქიტექტურის გამოყენების პირველი მაგალითი არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. 

პროექტი, ორი ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებული, 11 და 13-სართულიანი, ბეტონის კოშკისგან შედგებოდა, რომლებზეც ჰორიზონტალურად 140 კაფსულა იყო განთავსებული. დანადგარები სრულად იდენტური გახლდათ, თითოეული მათგანი აბაზანის ბლოკისგან, ჩაშენებული კარადებისა და კონდიცირების სისტემისგან შედგებოდა. ოსაკაში აშენებული კაფსულები ტოკიოში სატვირთო მანქანებით გადაიტანეს, თითო საცხოვრებლის აწყობას 3 საათი სჭირდებოდა, სულ რაღაც 1 თვეში კაფსულები სრულად გაიყიდა.

კუროკავას მეტაბოლიზმის თეორიების გავრცელებიდან 2 ათწლეულის შემდეგ, არქიტექტორმა სიმბიოზის ფილოსოფია წარადგინა და მის შესახებ ამომწურავად 1987 წელს გამოსულ ამავე სახელწოდების წიგნში საუბრობდა. კუროკავას ახალი აქიტექტურული თვალსაზრისის მტკიცებით, შენობები არა იზოლირებულ მექანიკურ სტრუქტურებად, არამედ ცოცხალი ორგანიზმივით დაკავშირებულად უნდა ყოფილიყო აღქმული. ეს პრინციპი საუკეთესოდ ვლინდება მის უფრო მასშტაბურ პროექტებში, როგორებიცაა: 2005 წელს აშენებული Art Centre ტოკიოში და ჩინეთში გაშენებული ახალი უბანი, რომელიც 150 000 ადამიანზე იყო გათვლილი.

როგორც არქიტექტორს და თეორეტიკოსს, კუროკავას ხშირად იხსენებენ, როგორც ომისშემდგომი იაპონური არქიტექტურის სახეცვლილების ავტორად პოსტმოდერნულ სტილში . კიშო ყოველთვის ზრუნავდა თავის ნამუშევრებში იაპონური სოციალური და ისტორიული ტრადიციების ჩართვაზე, ამავდროულად, იგი მუდმივად ცდილობდა არქიტექტურის ხედვის დამკვიდრებული წესებისა და დოგმების გადალახვას, კუროკავას მთავარი მისია გახლდათ მაქსიმალურად შესაბამისი ყოფილიყო თანამედროვე საჭიროებებთან და მან ეს იდეალურად მოახერხა, მეტიც, დროსაც კი გაუსწრო და მომავლის არქიტექტორად დაგვამახსოვრა თავი.

ზევით