#ჯანსაღი ცხოვრება #WOMEN POWER

იაკო ჭალაგანიძე - ადამიანი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელების, განსაკუთრებით კი ინსტაგრამ და ტიკტოკ პლატფორმების პოპულარობა გაიზარდა, ხალხმა "ჩვეულებრივი" ადამიანებიც გაიცნო და შეიყვარა. ადამიანები, რომელთა ცხოვრება, გამოცდილებები და რჩევები ხშირად დიდი მოტივაციის წყარო ხდება. ისინი ყოველდღე ამტკიცებენ, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველა ოცნების ახდენის უნდა ვირწმუნოთ.

სწორედ ასეთი ადამიანია ინტერნეტ მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი იაკო ჭალაგანიძე, რომელიც გამომწერებს საკუთარ გამოცდილებას ყოველდღიურად უზიარებს და საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეძლო, პანდემიის დროს 18 საათიანი კვების რეჟიმითა და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობით სასურველ ფორმაში ჩადგომა. ის დღეს სოციალური ქსელების მეშვეობით ეხმარება სხვებს ოცნებების ახდენაში და ხალხს ცილებს, მეტ სიარულს და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას აყვარებს. იაკო საერთო მიზნისკენ მიმავალ ქალებს, პირადი შეტყობინებების გარდა, Facebook-ის დახურულ ჯგუფში ესაუბრება და ცდილობს, მოტივაციის გაზრდაში დაეხმაროს. დღეს, The Diary-ის გუნდი იაკო ჭალაგანიძეს უკეთ გაიცნობთ.

ვინ არის იაკო ჭალაგანიძე? გვითხარით თქვენზე ისეთი რამ, რაც საზოგადოებამ ჯერ არ იცის.

იაკო: გამარჯობა, როგორ მიხარია, რომ იაკოს სხვა მხრიდან გაცნობით დაინტერესდით. მე ვარ პირველ რიგში დედა, მეუღლე, ჟურნალისტი და ახლა უკვე ინფლუენსერიც. ამ როლში ჩემი გამომწერი გოგოების მხარდაჭერით აღმოვჩნდი. ისინი ათიათასობით არიან და ჩემგან მოტივაციას ელოდებიან.

ხშირად ქალებს, საზოგადოება სტანდარტებს გვიდგენს, რომელსაც მუდმივად უნდა მოვერგოთ. როგორ ფიქრობთ, მოქმედებს თუ არა ადამიანების ფსიქოლოგიაზე ასეთი ტოქსიკური გარემო და რა მექანიზმებით ებრძვით თქვენ მას?

რა თქმა უნდა მოქმედებს. მოქმედებს ისიც, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ჭარბ წონიანი ადამიანის მიუღებლობა აქვს, და ხშირ შემთხვევაში, ადამიანი თითის გაშვერის ობიექტი ხდება, ამის გამო კი ძალიან ბევრი ქალი ზის სახლში. მინდა მათ ვუთხრა, რომ არ არის საჭირო, 90-60-90 პროპორციების იყოს ყველა. პირადად მე, 140 კილო ბევრად უფრო ლაღი, მხიარული, და გიჟი ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ. არ ვიცი, ეს რამ განაპირობა, მაგრამ ასეა. დავდიოდი ყველგან და სხვისი თვალის გამოყოლება ჩემზე ზეგავლენას ვერ ახდენდა. დღესაც იმავეს ვფიქრობ, რომ სხვისი "არაჯანსაღი” დამოკიდებულება ჩვენზე არ უნდა მოქმედებდეს.

რამდენად გაიზარდა ცხოვრების ხალისი და ბედნიერების შეგრძნება მას მერე, რაც საკუთარ თავს დაუმტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია?

აბსოლუტურად ამოტრიალდა ჩემი ცხოვრება (კარგის მხრივ, რა თქმა უნდა). პირველ რიგში, გავხდი ბევრი გოგოს მოტივაცია და ამ ბედნიერ ადამიანებთან კონტაქტი მავსებს ძალიან დადებითი ენერგიით. ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრების ხალისი და ბედნიერების შეგრძნება ოდესმე მაკლდა, თუმცა ახლა გაათასმაგებულად მიხარია ყოველი დღის გათენება, სარკეში ჩახედვა და ქუჩაში სიარული. ეს კი იმიტომ, რომ მე საკუთარ თავზე გავიმარჯვე. ცუდი მხარეც აქვს ამ ყველაფერს, გავხდი შოპოჰოლიკი. რის ჩაცმაზეც 30 წლის მანძილზე ვერც კი ვოცნებობდი, ახლა ვიცვამ და ვინაზღაურებ ყველა აუხდენელ ოცნებას.

 

ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ადრე შეუძლებლად მიგაჩნდათ სასურველ ფორმაში ჩადგომა. სად უნდა ეძიოს ადამიანმა ის ძალა, რომელიც არც კი იცის რომ გააჩნია, რათა შეცვალოს ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს?

სწორი კითხვაა, სად უნდა ეძებოს, რომელიც არც კი იცის რომ გააჩნია. ზუსტად მაგას ვეუბნები ყველას, რომ ეს ძალა, რომელსაც ნებისყოფა ჰქვია, ყველა ადამიანშია. ცოტა რთულია მისი პოვნა, მაგრამ შესაძლებელი. პირადად მე იმ ფაქტმა, რომ სხვებისთვის დაუჯერებლად ჟღერდა ჩემი ხმამაღლა გაჟღერებული მიზანი, მომცა ყველაზე დიდი მოტივაცია.

ვთქვი, რომ აი, გაჩვენებთ, თუ როგორ არ შემიძლია!

ჩემს თავს არ დავუტოვე სხვა გზა და ძალიან კონკრეტულად ვუთხარი, რომ დღეს არ არის ორშაბათი ( სულ ხომ ორშაბათს ველოდებით ხოლმე ახალი საქმის წამოსაწყებად). ოთხშაბათია და აი, დღეს თუ დაიწყებ, ყველაფერი გამოგივა. დავიწყე და შემდეგ უკვე თითო დაკლებულმა კილომ მოიტანა მოტივაცია. ასეა, ბევრი არ უნდა დაუთმოთ საკუთარ თავს, მოკლედ და კონკრეტულად უნდა უთხრათ, რომ მე ამას გავაკეთებ და დაგიმტკიცებ, რომ შემიძლია.

როგორია რეალური და სოციალური ქსელის იაკო? რა გაძლევთ მოტივაციას, რომ აქტიური იყოთ სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე?

⁠სოციალურ ქსელში ვარ ზუსტად ისეთი იაკო, როგორიც ვარ ოჯახში, მეგობრებთან, ანუ ვარ ის, რაც ვარ. მოტივაციას მაძლევენ გოგოები, რომლებიც განუწყვეტლივ მწერენ თავიანთ პრობლემებზე და მეც დიდი სიამოვნებით ვაძლევ რჩევებს. ჩემს ვიზუალურ მხარეს დიდ ყურადღებას ვაქცევ, რადგან დავანახო ამ გოგოებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია და საიდან სად შეუძლია მივიდეს ადამიანი თუ მოინდომებს. ინსტაგრამზე ძირითადად Outfit Reel-ებს ვდებ, რადგან მგონია, რომ ამან შეიძლება დიდი მოტივაცია მისცეს მას, ვინც ამ ბრძოლაშია ჩაბმული. ბრძოლას დავარქმევ, რადგან აქ ან იმარჯვებ, ან მარცხდები. ამიტომ ყოველწამიერად ვეკონტაქტები ჩემს გამომწერებს, რომ მეც გამარჯვებულმა ვუთხრა, რომ ისინიც გაიმარჯვებენ.

ხალხი ადევნებს თვალს თქვენს ცხოვრებას, ჩაცმის სტილს, ენდობა თქვენს რჩევებს. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? 

მიზეზი იმისა, რომ ხალხს მოვწონვარ, მენდობიან და მომყვებიან, არის ერთადერთი რამ და ეს არის გულწრფელობა.

გულწრფელი თუ არ ხარ, რამდენიც გინდა იაქტიურე სოციალურ ქსელში და ესაუბრე ხალხს, არავინ მოგისმენ.

ჩაცმის სტილს რაც შეეხება, ალბათ იყო რაღაც ნაპერწკალი ჩემში ამ კუთხითაც, რომელსაც ვერ ვაღვივებდი, რადგან სხეული არ მაძლევდა საშუალებას. დღეს მეც ჩემს გოგოებთან ერთად ვიზრდები, ისინი წონაში იკლებენ და მე პარალელურად ვსწავლობ და ვუზიარებ ჩემს აღმოჩენებს სტილში, რადგან როცა გაიმარჯვებენ და მიაღწევენ მიზანს, უკვე გამზადებული ვიდეოები დახვდეთ ჩემს გვერდზე. მათი დახმარებით თვითონაც ბევრს ისწავლიან, სად რა ჩავიცვათ, როგორ და რა ხერხებით მოვირგოთ ახალი სტილი და ა.შ. მართლა ვსწავლობ, აქამდე ვერ ვარჩევდი კაბას და ქვედაბოლოს რადგან არ მჭირდებოდა, ვერ ვიცვამდი და არც ვინტერესდებოდი.

21-ე საუკუნეში უკვე პროფესიად ითვლება კონტენტ კრეატორობა. თქვენც ამ ინდუსტრიის ნაწილი ხართ. გვითხარით, რა შესაძლებლობები მოგიტანათ ამ საქმემ?

კონტენტ კრეატორობა შესაძლებლობას მაძლევს, მივცე ძალა და მოტივაცია სხვებს, არამარტო მათ ვისაც დაკლება უნდათ, არამედ ყველას, ვინც რაიმეზე ოცნებობს და მისი ახდენა არარეალური ჰგონია. მე ვერ წარმოვიდგენდი თუ ოდესმე კომპანიები თავიანთ ღონისძიებაზე, როგორც კონტენტ კრეატორს, ისე დამპატიჟებდნენ და აი, ესეც ხდება. ვერ წარმოვიდგენდი, რომ თქვენ ინტერვიუს ჩაწერდით იაკოსთან, როგორც კონტენტ კრეატორთან. ამიტომ მინდა ყველას ვუთხრა, რომ შესაძლებელია ნებისმიერი ოცნება რეალობად ვაქციოთ.

საბოლოოდ, როგორ ფიქრობთ, რა არის ციფრულ პლატფორმებზე აქტიურობის თქვენი მისია? როგორია თქვენი გეგმები ამ სფეროში?

იაკო: ⁠მინდა ერთი რამ ხაზგასმით ვთქვა და ყველას მივაწვდინო ჩემი ხმა, რომ მე ვიყავი 120 კილო, როდესაც გავთხოვდი. მე ვიყავი 129 კილო როდესაც გავაჩინე ბავშვები. მე ვიყავი 140 კილო როდესაც ძალიან ბედნიერად და მხიარულად ვცხოვრობდი. აბა როგორ შეიძლება არ ვიყო Body Positive?! ყველაფერი კარგი ჩემს ცხოვრებაში მაშინ მოხდა, როდესაც ჭარბი წონა მქონდა. ახლა, როცა დავიკელი, ჩემს ყოველდღიურობაში ის შეიცვალა, რომ გავხდი კონტენტ კრეატორი. სამომავლო გეგმებისთვის კი მეც მჭირდება ამ სფეროში მოტივაცია და კომპანიების იმედი მაქვს, რაც უფრო დაინტერესდებიან ჩემით და ბევრ საქმეს გავაკეთებთ ერთად, მით უფრო მაგარი მოტივატორები ვიქნებით სხვებისთვის!

ნამდვილად! იაკო ჭალაგანიძე Body Positivity მოძრაობის იდეალური მაგალითია. ის ჯანსაღი წესით ცხოვრების მოტივაციას იძლევა და რაც მთავარია, ამტკიცებს, რომ არ არსებობს საზღვრები, რომელშიც ჩვენი ბედნიერება უნდა მოვაქციოთ. მისი დახმარებით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი რწმუნდება, რომ თუ ცხოვრების შეცვლა, ან გაუმჯობესება გვსურს, ეს ოცნება კი არა, რეალურად მიღწევადი მიზანია, მთავარი კი ჩვენი ნებისყოფაა.

ზევით