გურანდა ლაზარაშვილის პირადი ბლოგი და იდეალური სამსახურის ფსიქოტურიზმის კონცეფცია

გურანდა ლაზარაშვილი ექიმი, ფსიქოლოგი, პიროვნული განვითარების მენტორი და მოგზაურია, რომელმაც ცხოვრების ორი სიყვარულის: მოგზაურობისა და ადამიანების დახმარების სურვილის გაერთიანება და იდეალური სამსახურის ფსიქოტურიზმის შექმნა მოახერხა. გურანდა თავის მრავალფეროვან ცხოვრებას: მოგზაურობას, ქოუჩინგს და ველნესს, Instagram-ზე პირად ბლოგში @gurinwonderland აერთიანებს და ჯერ კიდევ მზარდ აუდიტორიას ყოველდღიურად შთამაგონებელ კონტენტს სთავაზობს.

ფსიქოტურიზმის კონცეფციაზე რომ გვიამბოთ, რას მოიაზრებს იგი?

ფსიქოტურიზმს ვუწოდებ კონცეფციას, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ და მენტალურ მოგზაურობას, რომლის შედეგი ადამიანის ტრანსფორმაციაა. მარტში მივდივართ კვიპროსში, ულამაზეს ვილაში სადაც დავკავდებით იოგით, მედიტაციებით, ქოუჩინგის და ფსიქოთერაპიის ვორქშოფებით და 4 დღეში მოვახდენთ შესამჩნევად სასიკეთო ცვლილებებს თითოეულის ფსიქიკაში (ამაღლებული გუნება-განწყობილება, მომატებული და განახლებული ენერგია, ჯანმრთელობა, მოტივაცია, ახალი მეგობრები, გამოცდილებები, სიცოცხლის ხალისი და ახალი ჯანსაღი გეგმები).

ყოველი აქტივობა შერჩეული და გათვლილია ღრმა ფსიქოლოგიურ-ფიზიკური სარგებლიანობის მიხედვით, ამაში მეხმარება ჩემი სამედიცინო გამოცდილებაც. 

როდის გადაწყვიტეთ Instagram პლატფორმის თქვენი ბლოგებისთვის გამოყენება?

ინსტაგრამს ვიყენებდი პირადი განტვირთვის და მეგობრებთან კომუნიკაციის მიზნით. ბოლო რამდენიმე თვეა რაც დავიწყე ბლოგერობა (ჯერ ვსწავლობ და ვცდილობ). ეს განაპირობა შეტყობინებებმა, რომლებსაც უცნობი ადამიანები მწერდნენ/მწერენ იმის თაობაზე, რომ ჩემი პოსტები უდიდეს მოტივაციას და სიცოცხლის ხალისს აძლევთ, რომ კონკრეტულ საკითხებში ძალიან ვეხმარები და იყენებენ ჩემს ბლოგს. ამან მომცა მუხტი რომ უფრო მეტ ადამიანს გავაცნო თავი და მქონდეს საშუალება, მეტს დავეხმარო შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ.

ბლოგზე ვაზიარებ ჩემს მოგზაურობებით სავსე ყოველდღიურობას და რჩევებს ჯანმრთელ, ბედნიერ, წარმატებულ ცხოვრებაზე.

საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობის იდეა როგორ გაჩნდა?

ჩემი მიზანია რომ ჩემს გამომწერებს გავუზიარო სამყაროს ნათელი მხარე, ვასწავლო გზები, როგორ შეიძლება აქციონ საკუთარი ცხოვრებაც საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობად. სახელის ინსპირაცია Alice in Wonderland-დანაა. ჩემი ბავშვობის საყვარელი წიგნიდან, რომელიც ქვეცნობიერში მოგზაურობის სიმბოლოცაა და ჩემი აზრით, ჩემი ბლოგივით აერთიანებს ფიზიკურსა და მენტალურ მოგზაურობას ამ სამყაროში.

რა არის თქვენი ცხოვრების კრედო?

მოგზაურობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც ფსიქოლოგია და პიროვნული განვითარება. შთამაგონებს ყველა ის ახალი გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც ამ მოგზაურობებისას ვიღებ. ჩემი ცხოვრების კრედოც კავშირშია ამ ყველაფერთან: 

1. ვიყო გუშინდელ ჩემს თავზე უკეთესი (ეს მაძლევს უდიდეს მოტივაციას,წარმოიდგინეთ,ყოველ დილით როცა ვიღვიძებ მაქვს მისია, გუშინდელ ჩემს თავზე უკეთესი უნდა გავხდე. რაღაც უკეთ გავაკეთო, რაღაც უკეთ ვისწავლო,რაღაც ახალი ავითვისო და ა.შ. სხვათა შორის, ამას უდიდესი ეფექტი აქვს ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობასა და ბედნიერებაზე). 

2. ვიყო მზე, რომელიც მუდამ ვითარდება, ანათებს და ასხივებს სიყვარულს, სითბოს, სიკეთეს. ვთვლი, რომ სამყაროში უბედნიერესი ადამიანი ვარ, ბედნიერება კი მაშინაა ნამდვილი, როცა შეგიძლია სხვებსაც გაუზიარო. სხვათა შორის, აქვე აღვნიშნავ, რომ ნეირომეცნიერების აზრით, ბედნიერება უნარია, რომლის ათვისებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გარკვეული ასპექტების გათვალისწინებით და მოქმედებით.

ამიტომაც ჩემი საყვარელი პროფესია მაინც ბედნიერების ქოუჩობაა, როცა ადამიანებს ვეხმარები რომ იცხოვრონ ბედნიერად და ჯანსაღად.

აფირმაცია, რომელსაც ჩვენი მკითხველისთვის გამოარჩევდით, არის...

დღის, კვირის და ზოგადად ცხოვრების აფირმაციად დავიტოვებდი ჩემს კრედოს: მე ვარ გუშინდელ ჩემს თავზე უკეთესი, ჯანმრთელი,ბედნიერი და იღბლიანი. ესაა ჩემი აზრით ყველაზე სწორი აფირმაცია, რაც შეიძლება ჩვენს თავს გავუმეოროთ: ესაა თვითმოტივაცია პროგრესისთვის, მენტალური, ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის, რომელიც არასდროს ამოიწურება,არასდროს გაცვდება და მუდამ უკეთესი მომავლისკენ მიჰყავხარ.

როგორია თქვენი სამომავლო მიზნები?

ჩემი სამომავლო გეგმები ფსიქოტურიზმის დახვეწას და განვითარებას ეხება. ასევე ვაპირებ ისეთი სივრცის შექმნას, სადაც ადამიანებს შეეძლებათ სრული ტრანსფორმაცია- ჰოლისტიკური სივრცის შექმნას, რომელიც გააერთიანებს იოგას,მედიტაციას,მასაჟებს,აკუპუნქტურას,ფსიქოთერაპიას,არტთერაპიას და კიდევ უამრავი სახის თერაპიას,რათა ადამიანს შეეძლოს მთლიანობაში მიაღწიოს სრულ ჰარმონიას, სულიერ, მენტალურსა და ფიზიკურ გაჯანსაღებას.

ზევით