#მოგზაურობა

გაზაფხულის ბუნიობა: უძველესი ტრადიციების გავლენა თანამედროვე სამყაროზე

გაზიარება:

„ნიღბები ჩქარა! - რომ ვძლიოთ ეროსს. თვალს ვინ უსწორებს მის სხივმფენ სახეს, თუ ბუნიობა კვლავაც მზისფერობს და გაზაფხულის კვირტს უგებს მახეს - რაინერ მარია რილკე.


დღეს, თბილისის დროით 01 საათსა და 24 წუთზე, გაზაფხულმა კიდევ ერთხელ დაუგო კვირტს მახე, ოფიციალურად, ზამთრის „ნასესხები“ დღეები უკან მოვიტოვეთ და შეგვიძლია გაზაფხულის გაძლიერების და სინათლის მოკრების მომსწრენი თავადაც გავხდეთ. 2023 წელს ბუნიობა იგივე დღეღამტოლობა 21 მარტს დაემთხვა, დღე, როდესაც მზემ ეკვატორი გადაკვეთა, სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩრდილოეთში გადაინაცვლა და დედამიწის ყოველ ნაწილს თანაბრად მოაფინა სხივები, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენადაა მიჩნეული.

რატომ ეწოდება ამ მოვლენას ბუნიობა (Equinox)?

ბუნიობის დღეებში, დედამიწის ღერძი მზის სხივების პერპენდიკულარულია, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწის ყველა რეგიონი იღებს დაახლოებით ერთსა და იმავე რაოდენობას მზის შუქს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღამე და დღე, მთელ მსოფლიოში, თითქმის ერთმანეთის ტოლია. სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი, რის გამოც ამ დღეს „ბუნიობა“ ეწოდება, ის მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან equinoxium და ნიშნავს „თანასწორობას დღე-ღამეს შორის“, უფრო ქართულად რომ ვთქვათ დღეღამტოლობას.

ბუნიობა და ნაკიანი წელიწადი

ბუნიობის თარიღი მოძრავია, ის ძირითადად 19, 20 და 21 მარტს შორის მერყეობს, რაც აიხსნება იმით, რომ ჩვენი კალენდარული ერთი წელი ზუსტად არ ემთხვევა ტროპიკული წლის ხანგრძლივობას, იმ დროს, რაც დედამიწას სჭირდება მზის ორბიტის გარშემო შემოსაბრუნებლად. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი გრიგორიანული კალენდარი 365 (ნაკიან წელიწადს კი 366) დღეს მოიცავს, დედამიწას მზის გარშემო სრული ბრუნის გასაკეთებლად კი 365,242199 დღე ესაჭიროება. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ბუნიობა ნელ-ნელა შორდება გრიგორიანულ კანედარს დ ყოველწლიურად 6 საათის შემდეგ დგება.

ბუნიობას შეკრებილი ადამიანები მექსიკაში ჩიჩენ იცას გარშემო

ამ ბალანსის აღსადგენად 4 წელიწადში ერთხელ ვიღებთ ნაკიან წელიწადს 366 დღით, რომელიც კალენდარულ და ტროპიკულ წლებს შორის არსებულ სხვაობას ათანაბრებს და ბუნიობაც კვლავ უბრუნდება თავის საწყისს.

ბუნიობა, როგორც დღესასწაული სხვადასხვა კულტურაში

ბუნიობა ბევრ კულტურაში სინათლის სიბნელეზე გამარჯვებასთან ასოცირდება, დედამიწის სხვადასხვა წერტილში ეს დღე საზეიმოდ აღინიშნება, დღესასწაულის მოსაწყობად კი სპეციალურად შერჩეული ლოკაციები არსებობს. ინგლისში, ერთ-ერთი ასეთი ადგილი მისტიკური სტოუნჰენჯია,ხოლო მექსიკაში ჩიჩენ იცა. სიეტლში დღეღამსწორობის პატივსაცემად Pike Place Market-ზე მისულ მყიდველს ნარცისების შეკვრა გადაეცემა საჩუქრად, რასაკვირველია მარაგის ამოწურვამდე. 

ბუნიობის ტრადიციული ცერემონია სტოუნჰენჯთან

იაპონიაში გაზაფხულის ბუნიობის დღე სახალხო დღესასწაულია. იაპონია საფუძვლიანად არის მოდერნიზებული, მაგრამ მისი მცხოვრებლები კვლავ იცავენ ძველ ტრადიციებს, როგორიცაა ოჯახის საფლავების მონახულება და ოჯახური შეხვედრების გამართვა გაზაფხულის ბუნიობის აღსანიშნავად.

იმასაც გეტყვით, რომ ნოვრუზი იგივე სპარსული ახალი წელი, ყოველთვის ბუნიობას ემთხვევა. გამომდინარე იქიდან, რომ ირანული კალენდარი - მზის კალენდრის გავლენით არის შექმნილი, ის ასტრონომიული დაკვირვებით განისაზღვრება და წლის პირველი დღე დღეღამსწორობით იწყება.

ზევით