დაუზავდი საკუთარ თავს

ფსიქოკონსულტანტი ნათია ფარქოსაძე, გვირჩევს რომ ამ ურთულეს პერიოდში მაინც დავუზავდეთ საკუთარ თავს.

როდესაც სამყარო დაპაუზდა და თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრების ტემპიც გაჩერდა, ყველაზე ნათელი გახდა ჩვენი რაობა და აქტუალური პასუხი კითხვაზე „ვინ ვარ მე“? „ხსნა“ საკუთარი თავისთვის და ახლობელი ადამიანებისთვის თუ „პრობლემა,“ რომელიც ასეთი ხილული და ხელშესახებია უძრაობაში და მარტოობაში?

სამყარო გაჩერდა, მაგრამ ადამიანის შიდა სამყარო გააქტიურდა როგორც არასდროს, დაიწყო შიდა დინებები და ფიქრის ორმოში ჩავარდა ადამიანი

იმის გასარკვევად, თუ როგორ შეხვდეთ საკუთარ თავს შექმენით ფიქრის ცოცხალი საკუთარი გამოცდილება, რომ გამოიმუშაოთ „ემოციური ვალუტა“ მადლიერების, სიხარულის და სიყვარულის სახით, რომ იპოვოთ სულიერი სიმშვიდე და მოიპოვოთ თქვენი  პიროვნების ნამდვილი იდენტობა. ადამიანმა  უნდა გააცნობიეროს საკუთარი არსებობა, შემდეგ უნდა აღიაროს, რომ სურს ცვლილებები, ამისთვის კი უნდა გაიაზროს ცხოვრების რომელ წერტილში იმყოფება იმ მომენტში და როგორ არსებობს, მოწონს თუ არა მისი ცხოვრების ხარისხი და შეუძლია თუ არა იმ გარემოს ატანა რაშიც იმყოფება, ამოიცნოს საკუთარი ემოციები და ამის გარკვევის შემდეგ ომი გამოუცხადოს საკუთარ მანკიერ მხარეებს, ვნებებს და იმას რაც რეალურად დისკომფორტს უქმნის, დაანგრიოს ძველი პიროვნება და გაერკვეს საკუთარ სურვილებში, (რადგან ხშირად რთულია გამიჯნო საკუთარი „მინდა“ საზოგადოების მიერ დაკვეთილი „მინდასგან’’,) ამოიცნოს მისი შინაგანი თუ გარეგანი ბრძოლები და საბოლოოდ აპატიოს,  შეიყვაროს და დაუზავდეს საკუთარ თავს, და მიიღოს ისეთი, როგორიც არის და აღარ ეკამათოს გამუდმებით რეალობას, რადგან ადამიანს ხშირად მისი ქაოტური გონებიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე სხვისი კი არა საკუთარი თავის ატანა არ შეუძლია...

დროა დაუზავდე, შეიყვარო და მიიღო საკუთარი თავი

ადამიანის პოტენციალი იმ უზარმაზარ, ვეებერთელა ოკეანეს ჰგავს, რომელშიც ჯერ არავის შეუცურავს, ამიტომ დააფასეთ საკუთარი უნიკალური შესაძლებლობები, შეხვდით საკუთარ თავს, შეიყვარეთ სიცოცხლის გემო, ფერი, რიტმი, სუნი, თითოეული დღით ტკბობისა და სიხარულის განცდის უნარი!

ზევით