#სილამაზე

DARTSOCARES: მარიამ დარცმელიას ბლოგი სახის მოვლისა და ჯანმრთელობის შესახებ

გაზიარება:

დარცო ზრუნავს“ (dartsocares) ამ სახელწოდების ბლოგით მარიამ დარცმელია Instagram-ის პლატფორმაზე წელიწად ნახევრის წინ გამოჩნდა. აკნეთი გამოწვეული პრობლემის მოგვარების გზების ძიებაში, დარცომ იმდენად ღრმად გამოიკვლია საკითხი, რომ მალევე გააცნობიერა, საკუთარი ცოდნისთვის მიმართულების მიცემა და სხვებისთვის გაზიარებაც შეეძლო. სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი dartsocares-ს, ქართულ ონლაინ სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე ინფორმაციულ, სანდო და მრავალმხრივ საინტერესო ბლოგს, რომლის განვითარებაც მარიამს წამითაც არ შეუწყვეტია.

Dartsocares-ის გვერდზე შეგიძლიათ იპოვოთ პასუხები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორებიცაა: დამატენიანებლის სწორად შერჩევა, სახის მოვლის პროდუქტის ინგრედიენტების სიის წაკითხვა, თმის ცვენის მკურნალობის გზები და სხვა.

მარიამ დარცმელიას ბლოგი, უდავოდ, არის ის აღმოჩენა, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ. გამოიწერეთ დარცოს Instagram გვერდი და ღრმად ჩაიძირეთ თავის მოვლის სამყაროში, მანამდე კი ამ სამყაროს გზამკვლევს - მარიამს გაგაცნობთ.

მარიამ, როდის გაჩნდა Dartsocare-ის შექმნის იდეა და როგორ შეცვალა მან თქვენი ცხოვრება?

Dartsocares-ის შექმნის იდეა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა მომაწოდეს, როცა ნახეს, რომ გარშემო უამრავ ადამიანს ვაძლევდი რჩევას და ვუზიარებდი წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას.

ბევრი ფიქრი დამჭირდა ბლოგის სახელზე, მინდოდა სახელიდანვე გაეგოთ ბლოგის ვიზიტორებს, რომ ჩემი მიზანი იყო მათზე და მათ კარგად ყოფნაზე ზრუნვა.

რაც შეეხება ცხოვრების შეცვლას, ბლოგის შექმნის მიზანი იყო, რომ მინიმუმ 1 გოგოს მაინც დავხმარებოდი მეტი ცოდნის მიღებასა და უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ 1.5 წლის განმავლობაში ამდენი ადამიანის ნდობას და სიყვარულს მოვიპოვებდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მიმართ კეთილგანწყობა და ნდობა უზომოდ მახარებს, ასევე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყოველდღიურად.

რა როლი ენიჭება თქვენს ბლოგში პირად გამოცდილებას?

ჩემი რთული გამოცდილება გახდა ამ ბლოგის შექმნის ნიადაგი; ჩემმა, წლობით სხვადასხვა ექიმში სიარულმა, უამრავმა წარუმატებელმა მკურნალობამ, ჯანმრთელობის პრობლემებმა და გაურკვევლობამ გადამაწყვეტინა მეტი მესწავლა ყველა იმ პრობლემაზე, რაც მაწუხებდა. შესაბამისად, ჩემმა ცუდმა გამოცდილებამ დამაყენა მუდმივი სწავლის და ინფორმაციის სანდო წყაროებიდან მოძიების გზაზე.

თქვენი ბლოგი სილამაზის სამყაროში ერთ დიდ გზამკვლევს ჰგავს, როგორ და საიდან იღებთ ცოდნას, რომელსაც შემდეგ გამომწერებს უზიარებთ?

ბლოგის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე ჩემთვის დავიწყე ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება (მაშინ ბლოგის იდეა გონებაშიც კი არ მქონდა, უბრალოდ მინდოდა გამეგო რა იწვევდა ჩემს აკნეს და როგორ შეიძლებოდა მისი მოგვარება). სულ თავიდან ვუსმენდი უცხოელ skincare blogger-ებს და მათი დახმარებით დავინტერესდი პროდუქტების შემადგენლობებით, ფორმულებით, მათი გამოყენების წესით და კანის რუტინის სწორად შედგენით.

პროცესში ვიპოვე ამერიკელი და ბრიტანელი სერტიფიცირებული დერმატოლოგები, რომლებიც დიდი რაოდენობით ინფორმაციას აზიარებდნენ Youtube-ზე.

ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ ძალიან მაინტერესებდა ეს სფერო და დავიწყე სამეცნიერო სტატიებისა და კვლევების კითხვა, ბოლოს კი AAD-ს დერმატოლოგიის ორი პატარა კურსი გავიარე და შემდეგ ჩავაბარე HealthCert-ის Professional Certificate of General Dermatology-ს კურსზე.

მარიამ, თქვენ აქტიურად იბრძვით სილამაზის სფეროში გავრცელებული მითების დასანგრევად, როგორია თქვენი გამომწერების უკუკავშირი ამ პროცესში? როგორ ფიქრობთ, ცვლით ამ კუთხით ადამიანების ცხოვრებას?

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პატარა წვლილი მაინც შემაქვს ფართოდ გავრცელებული მავნე მითების დამსხვრევაში. ჩემივე გამომწერებისგან ვიცი, რომ რაღაც ეტაპზე მათაც სჯეროდათ ამ მითების, სანამ ჩემი გამომწერები გახდებოდნენ. მეც ვიყავი თინეიჯერობაში ბევრი ამ მითის მსხვერპლი, ამიტომაც დიდ ძალისხმევას ვდებ მათ დამსხვრევაში და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მეცნიერულად დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებაში.

და მაინც, ყველაზე მეტად რომელი მითის სჯერათ საქართველოში?

ერთდროულად ძალიან ბევრი გამახსენდა. ალბათ ყველაზე გავრცელებული მითია ფორების გახსნა-დახურვისა და მოშორების მითი. ფორების გაქრობა ან/და გახსნა-დახურვა შეუძლებელია, კანის ანატომიიდან გამომდინარე.

როგორ ფიქრობთ, რა ხდის თქვენს ბლოგს უნიკალურს? რატომ გენდობიან/უნდა გენდონ ადამიანები?

ჩემი აზრით ჩემს ბლოგს უნიკალურს ხდის ჩემივე თვისებები: გულწრფელობა, სამართლიანობა და მზრუნველობა. ამ ბლოგის ერთადერთი მიზანი იყო, არის და იქნება ობიექტური, მეცნიერების მიერ გამოკვლეული და დადასტურებული ინფორმაციის გაზიარება და პროდუქტების გულწრფელი განხილვები და რეკომენდაციები. 

რაც შეეხება ნდობას, არ ვფიქრობ, რომ ვინმე ბრმად უნდა მენდოს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ამ საქმისადმი სიყვარულით, მუდმივად ახალი ინფორმაციის მოძიებით, ღირებული და საინტერესო პოსტების გაზიარებითა და გამომწერებთან უშუალო კომუნიკაციით დავიმსახურებ მათ ნდობას.

საუკეთესო skin-care რჩევა, რაც კი ოდესმე მიგიღიათ...

მზისგან დამცავის ყოველდღიურად წასმის აუცილებლობა და ის, რომ პრევენცია ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე მკურნალობა.

ზამთარი დადგა, რა უნდა გავითვალისწინოთ ამ სეზონზე?

რადგან ზამთარში ტემპერატურა იკლებს და ჰაერში ტენიანობა მცირდება, ჩემი რჩევა იქნება გამოიყენოთ უფრო რბილი (კრემ-გელის ტექსტურის) დასაბანი, მსუბუქი ამშრევებელი და უფრო მსუყე დამატენიანებელი (რადგან ცივ და მშრალ ჰავაში კანი უფრო მეტ სითხეს კარგავს). ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ არ შეწყვიტოთ მზისგან დამცავის ყოველდღიურად წასმა (მიუხედავად იმისა, რომ მზეს შეიძლება ვერ ხედავდეთ ან მის სხივებს ისე ინტენსიურად ვერ გრძნობდეთ, როგორც ზაფხულში).

როგორ ხედავთ თქვენი ბლოგის განვითარებას სამომავლოდ?

ამ ბლოგის და ჩემი მიზანი დღესაც იგივეა რაც 2021 წლის 14 ივნისს: რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის სწორი და ღირებული ინფორმაციის მიწოდება. იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს მექნება ამ მიზნის განხორციელების საშუალება.

ზევით