#მოდა

დაბალწელიანი ჯინსის შარვლების დიდი დაბრუნება მოდის ტენდენციებში

გაზიარება:

პლატფორმიანი ფეხსაცმელების, ბაგეტის ჩანთების და კარგო შარვლების მობრუნების შემდეგ, მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის ვიხილავდით დაბალწელიან შარვლებს მოდის ტენდენციებში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი ჯერ კიდევ არ არის მორალურად მზად ამ ნახტომისთვის და წარსულში მიბრუნებისთვის, წამყვანი მოდის სახლები და დიზაინერები სულ უფრო აქტიურად ამატებენ საკუთარ კოლექციებში დაბალწელიან შარვლებს.

დიზაინერებს შორის, რომლებმაც 2023 წლის საგაზაფხულო სეზონზე დაბალწელიანი შარვლები წარუდგინეს მომხმარებლებს, სიმონ ჟაკმუსი, სტელა მაკარტნი, ჰედი სლიმანი და სხვები არიან. 

IT გოგოებმა უკვე სრულად აიტაცეს ტრენდი, საკმარისია მოდის კვირეულების ქუჩის სტილს ან სულაც ბელა ჰადიდის, ჰეილი ბიბერის, რიანასა თუ ზენდაიას ყოველდღიური სტილის პაპარაცულ ფოტოებს შევავლოთ თვალი, იმაში დასარწმუნებლად, რომ მოდა 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ტრენდის გაცოცხლებას ცდილობს.

მიუხედავად იმისა, რომ დაბალწელიანი ჯინსების ბუმი სწორედ მე-20 საუკუნის მიწურულთან ასოცირდება, ის პირველად ადრეულ 1960-იან წლებში გამოჩნდა. ეპოქაში, როდესაც ჯინსის შარვალი თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა, როკ ვარსკვლავებმა, მიკ ჯაკერმა და ჯენის ჯოპლინმა, თვითნებურად გადაკეთებული შარვლებით სრულად ახალ სტილს დაუდეს სათავე.

ამ პერიოდის დომინანტი შარვლები დღემდე ინახება Levi's-ის არქივში.

დაბალწელიანი ჯინსის შარვლების 90-იანი წლების დიდი დაბრუნება კი Central Saint Martins-ის კურსდამთავრებულის ლი ალექსანდრ მაკქუინის სახელთან ასოცირდება, რომელმაც ექსტრა დაბალი შარვლები წარუდგინა მოდის სამყაროს და მიუხედავად უდიდესი კრიტიკისა, ის პოპ ვარსკვლავების: მადონას, ბრიტნი სპირსის, პარის ჰილტონის და კრისტინა აგილერას საყვარელ სილუეტად იქცა და დღემდე განსაზღვრავს მათი პოპულარობის ზენიტის სტილს.

ზევით