#მოდა

ბეტინა: პირველი ფრანგი სუპერმოდელი

გაზიარება:

სიმონე მიშელინ ბოდინის სახელით დაბადებული გოგონა, 1950-იანი წლების დასაწყისში ბეტინად იქცა. ჟაკ ფატმა მის წინ მდგარ მოდელს განუცხადა: - „ჩვენ უკვე გვყავს სიმონე, შენ ბეტინად მეჩვენები“. სწორედ ასე დაერქვა პირველ ფრანგ სუპერმოდელს ის სახელი, რომლითაც ლამაზმანი მოდის ისტორიაშიც სამუდამოდ ჩაეწერა.

ბეტინას იმიჯი 1950-იანი წლების სიგარეტის მწეველ, მაღალი მოდის დახვეწილობას წარმოადგენდა. როგორც მოგვიანებით ინტერვიუში იხსენებს: „მე ვიყავი ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ნამდვილი. არ ვატარებდი მაკიაჟს და წითელი თმა მქონდა“.

ბეტინა ფატის და ახალგაზრდა იუბერ დე ჟივანშის მუზა გახლდათ. ამ უკანასკნელმა წითური სუპერმოდელის პატივსაცემად ბეტინას სახელობის ბლუზაც კი შექმნა. ასევე მოდელი იქცა Givenchy-ს ბესტსელერი სუნამოს - Amarige-ს ინსპირაციად. მან მახვილგონივრული ხიბლი შესძინა ათწლეულის დრამატულ დეკოლტეებს და დახვეწილ ქუდებს. 

ბალეტის ყოფილ მოცეკვავეს პოზის ინსტინქტური გრძნობა ჰქონდა, რომელმაც დეკადები განსაზღვრა. „ჩემი მომრგვალებული ლოყები და ჯანსაღი გარეგნობა სრულად განსხვავდებოდა სხვებისგან“ - ამბობდა ბეტინა, „ჩემს წარმატებას, ჩემივე გამომეტყველებას ვუკავშირებ და არა ლამაზ გარეგნობას“. 

მიუხედავად საოცრად წარმატებული და გლამურული ცხოვრებისა, ბეტინას განვლილი წარსული სირთულეებითა და ტრავმებით იყო სავსე. 6 თვის ასაკში, მამის მიერ მიტოვებული გოგონა ანჟერში, ბებიასთან იზრდებოდა, სანამ მისი ერთადერთი მეურვე ომმა არ იმსხვერპლა. წლების შემდეგ, თითქოს ბედნიერი ოჯახის შექმნის გზაზე მდგარ ლამაზმანს კიდევ ერთი უბედურება გადახდა თავს. 1960 წელს, ორსული ბეტინა საქმროსთან, პრინც ალი ხანთან ერთად ავტო კატასტროფაში მოჰყვა. პრინცი ავარიის შედეგად დაიღუპა, ამ დღის შოკის ფონზე კი ბეტინას მუცელი მოეშალა. ამბობდნენ, რომ სწორედ ამ მოვლენებმა შესძინეს ბეტინას გამომეტყველებას სიმტკიცე და უშიშარი ხასიათი, რომელიც თითოეულ შავ-თეთრ ფოტოსურათზე აღიბეჭდებოდა.

ბეტინამ ზუსტად იცოდა როდის უნდა დაეტოვებინა სცენა და ასეც მოიქცა. 1967 წელს Chanel-ის შოუში გამოჩენის შემდეგ, 42 წლის ასაკში (სადაც კოკო შანელი ამართლებდა თავის მონსტრის რეპუტაციას და სთავაზობდა ბეტინას „მცირედით წონაში დაეკლო“, რის გამოც სუპერმოდელი შაბათ-კვირას არ ჭამდა), ბეტინამ თქვა: „სახალისო იყო ამის გაკეთება - ერთხელ! მე ამას აღარასდროს გავაკეთებ“.

70-იან წლებში ბეტინა ემანუელ უნგაროსა და ვალენტინოს მაღალი მოდის რეჟისორად მუშაობდა. ის პარიზში ცხოვრობდა, ბევრს მოგზაურობდა და ყოველთვის ესწრებოდა მოდის შოუებს. დღევანდელი მოდელების შესახებ კითხვაზე ბეტინამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: „ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან და ყველა ერთნაირად გამოიყურება. რა თქმა უნდა, მეც ახალგაზრდა ვიყავი, როცა დავიწყე, მაგრამ მაშინ გაცილებით ნაკლები კონკურენცია იყო, ნაკლებად ცნობილი სახელები“.

2010 წელს ბეტინას France's Ordre des Arts et des Lettres ორდენი მიენიჭა. ფრედერიკ მიტერანმა ლეგენდარულ ქალს ჯილდო ზედ დატანილი სტრიქონით გადასცა: „შენ ხარ, თანამედროვე ქალის განსახიერება“.

ზევით