#მოდა

ავანგარდული ტიერი მუგლერის მარადიული გავლენა მოდის სამყაროზე

გაზიარება:

ლეგენდარულმა დიზაინერმა ტიერი მუგლერმა ერთხელ თქვა: „მე ვქმნიდი ტანსაცმელს, რადგან ვეძებდი იმას, რაც არ არსებობდა; მე მომიწია შემექმნა საკუთარი სამყარო”. მუგლერმა მიზანს ნამდვილად მიაღწია, დიზაინერმა დააფუძნა 80-90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ფუტურისტული მოდის სახლი, რომლის შემოქმედებაც დახვეწილი ოსტატობისა და ფანტაზიის ორიგინალურ გამოსახვად ითვლებოდა.

თუმცა, ტიერის პირველი გატაცება არა მოდა, არამედ ცეკვა გახლდათ. 1948 წელს, სტრასსბურგში, საფრანგეთში დაბადებული ბიჭი, Rhine Opera Ballet-ის მოცეკვავედ ითვლებოდა 1965-66 წლებში, სანამ მუგლერი პარიზში არ გადავიდა საცხოვრებლად და მოდის ინდუსტრიაში პირველი სამსახურით თავის რჩენას არ შეუდგა. ამის შემდეგ ტიერიმ დიზაინერის ასისტენტად დაიწყო მუშაობა სხვადასხვა მოდის სახლისთვის, ასე გრძელდებოდა, მანამ, სანამ მან 1973 წელს საკუთარი ready-to-wear კოლექცია Café de Paris არ შექმნა. 

„მე არასოდეს მიოცნებია ვყოფილიყავი მოდის დიზაინერი. მინდოდა ვყოფილიყავი რეჟისორი... მოდა უბრალოდ კარგი ინსტრუმენტი და კომუნიკაციის ბრწყინვალე საშუალება აღმოჩნდა“ - ტიერი მუგლერი.

ტიერი მუგლერის სადებიუტო ჩვენებაში წარმოდგენილი იყო გამარტივებული სილუეტები, რომლებმაც მთავარი შთაგონება დიზაინერის წარსულ გატაცებაში - ცეკვაში იპოვეს. Café de Paris აღმოჩნდა ის წარმატებული ნაბიჯი მოდის სამყაროში, რომელმაც ტიერის 1974 წელს საკუთარი სახელობის ბრენდის შექმნისკენ უბიძგა. მუგლერი ცნობილი გახდა თავისი ძლიერი სილუეტებით - დიდი მხრებით, გამოკვეთილი წელით და არასტანდარტული მასალების გამოყენებით, რომელსაც თან დაერთო შთაგონება სამეცნიერო ფანტასტიკის, მწერებისა და ფანტასტიკური არსებებისგან. 

1978 წელს მუგლერმა პარიზში ბრენდის პირველი ბუტიკი გახსნა და 80-იანი წლების შემდეგი წლები სრულად დაუთმო საკუთარი იმპერიის შენებას. 1990-იან წლებში, სუპერმოდელებისა და ცნობილი ადამიანების დიდი მხარდაჭერით, რომელთა რიგებშიც სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, ჯორჯ მაიკლი და RuPaul ერთიანდებოდნენ, Mugler წარმატებით იყიდებოდა დედამიწის გარშემო.

მუგლერმა ბევრი რამ გააკეთა მოდის თამაშის შესაცვლელად. 1984 წელს, თავისი ბრენდის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ტიერი სამყაროს მევლინა პირველ კუტიურერად, რომელმაც თავისი კოლექცაი საჯარო ღონისძიების სახით წარადგინა, ვილეტის რაიონში. ჩვენებას 6000 ადამიანი ესწრებოდა. ეს მისთვის პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩენის პირველი შემთხვევა იყო და დიზაინერმა ძალები არ დაიშურა, რათა ის წარუშლელ კვალად დარჩენოდა მოდის ისტორიას. 350 მოდელის დახმარებით, მუგლერმა რელოგიური მოტივებით შთაგონებული კოლექცია წარადგინა, თავისი გრანდიოზული ფინალით, როდესაც მოდელი პეტ კლივლენდი ჭერიდან ფურცლების შხაპის ქვეშ ჩამოვიდა.

1984 წლის ღონისძიება, ისევე როგორც მუგლერის ყველა შოუ, იყო ნაკლებად სტანდარტული შოუ და უფრო მხატვრული წარმოდგენა, რომელიც აერთიანებდა თეატრს, მუსიკას და ტანსაცმელს. მოდის ჩვენების მსგავსმა ფორმატმა შთააგონა როგორც ტიერის თანამედროვენი, ასევე დიზაინერების მომავალი თაობებიც, მათ შორის ჯონ გალიანო და ალექსანდ მაკქუინი.

დიდი ხნით ადრე, სანამ მოდური ჩვენების მრავალფეროვნება ინდუსტრიაში დღის წესრიგის მთავარ თემად იქცედა, ტიერი მუგლერს საკუთარ ჩვენებებში გამოჰყავდა პლუს ზომის მოდელები, დრაგ ქუინები და ტრანსგენდერი მოდელები.

„ჩემი ნამუშევრები მარადიულია, რადგან ის დაფუძნებულია ადამიანის სხეულის სილამაზესა და იმ მომხიბლავ სამყაროზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“, - აღნიშნა ერთხელ დიზაინერმა. „ჩემი შემოქმედება ეთაყვანება ქალებს, აძლევს მათ პიროვნულობას... მე მათ ჯავშანი ვუბოძე”.

ზევით