#მოდა

5 დასამახსოვრებელი ჩვენება ლონდონის საიუბილეო მოდის კვირეულიდან #LFW

გაზიარება:

ლონდონი, რამდენიმედღიანმა ქაოსმა მოიცვა, ჰოლივუდის A-lister-ები და მოდის ინსაიდერები, ქალაქში ერთდროულად გამოჩნდნენ. სანამ კინოვარსკვლავები Baftas - ბრიტანეთის კინოაკადეემის დაჯილდოებაზე დასასწრებად მიემართებოდნენ, მოდის თაყვანისმცემლები ლონდონის მოდის კვირეულის დატვირთულ გრაფიკს უბამდნენ ნებიჯებს.

წლევანდელი მოდის კვირეული ლონდონისთვის საიუბილეო აღმოჩნდა. 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის ჩვენებით ქალაქი, ლონდონის მოდის კვირეულის 40 წლისთავს ზეიმობს. „40 წლით უკან, წარსულში ვიხედებით და ვზეიმობთ იმ დროინდელ კრეატიულობას და ამომავალ ნიჭს, ვიხსენებთ ისტორიებსა და ხმებს, რომლებიც ამავდროულად ჩვენს მომავალსაც წარმოადგენენ “, - თქვა კეროლაინ რაშმა, ბრიტანეთის მოდის საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა. კეროლაინმა ისიც დასძინა, რომ მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ, ამ დიდი თარიღის აღნიშვნა, ერთწლიანი აქტივობების სერიით დაიწყება.

კრეატიულობა ნამდვილად ის სიტყვაა, რომელიც ლონდონის მოდის კვირეულის გაგონებისას გვახსენდება. აქ დაფუძნებული დიზაინერების მრავალფეროვნებისა და მათი გლობალური მსოფლმხედველობის გათვალისწინებით, ძნელია ლონდონისგან კრეატივს არ მოველოდეთ. ბრიტანელი დიზაინერის რიჩარდ ქუინის შემოქმედებით დაწყებული, რომელმაც შეძლო და ლონდონში მაღალი მოდის ოქროს ხანა დააბრუნა, იმ დიზაინერებით დამთავრებული, რომლებიც ლონდონს საკუთარ სახლს უწოდებენ, მოდის დედაქალაქი მუდმივად შთაგონების, ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების წყაროა.

„მიმაჩნია, რომ ლონდონი კვლავ გლობალური ქალაქია...  ის წარმოუდგენლად მრავალფეროვანია და საუკეთესო ადგილია ახალი ბრენდის დასაწყებად. კოლეჯები დღემდე წარმატებით იზიდავენ საერთაშორისო სტუდენტებს, ეს ნიჭი კი რჩება ლონდონში და შესანიშნავი ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება“, - აღნიშნავს კეროლაინ რაში.

Erdem

კანადაში დაბადებული, ლონდონში დაფუძნებული, ბრიტანელ-თურქი დიზაინერი ერდემ მორალიოღლუ გამოუსწორებელი რომანტიკოსია. გასაკვირიც არავისთვის ყოფილა, როდესაც დიზაინერმა 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის შთაგონებად მარია კალასი წარგვიდგინა. ამერიკაში დაბადებული საოპერო სამყაროს ქალღმერთი, წარმოშობით ბერძენი იყო, სწორედ მარია კალასის ბერძნულ ფესვებს და ამ კულტურის დრამატულ ელფერს მიეძღვნა Erdem-ის უახლესი შოუ ლონდონის მოდის კვირეულზე. კრეატიული ხედვით და სწორი აქცენტებით შექმნილი ჩვენება ისეთივე სანახაობრივი აღმოჩნდა, როგორც ეს ერდემ მორალიოღლუს შეეფერებოდა.

Molly Goddard

Goddard-ის ხელწერად ქცეული თოჯინას კაბებისა და დახვეწილი სილუეტების წყალობით, ბრენდმა დაფუძნების დღიდან მოახერხა თაყვანისმცემლების დიდძალი არმიის შემოკრება. მოდის სამყაროს რუკაზე Goddard-ის სახელის მონიშვნას, მის დიზაინებში გამოყენებულმა მკვეთრმა ფერებმაც შეუწყვეს ხელი, თუმცა ბრენდის პოპულარობის მთავარ ნიშად მაინც მის მუდმივ სწრაფვას მივიჩნევთ განვითარებისკენ. 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის, Goddard-მა შთაგონება კრისტოფერ ბალენსიაგასა და კრისტიან დიორის ოტკუტიურ შემოქმედებიდან აიღო და მათ თანამედროვე იერსახე შესძინა. კოლექციაში ასევე წარმოდგენილი იყო ვინტაჟური პერანგები, პოლკა დოტ კაბები და ნაქსოვი მოსაცმელები, რომელსაც წლიდან წლამდე დიზაინერი წარმატებით ავითარებს.

Simone Rocha

ირლანდიელი სიმონ როშა თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი დიზაინერია. ერთი შეხედვით, მისი ტანსაცმელი შეიძლება უბრალოდ ლამაზ შემოქმედებად მოგეჩვენოთ, თუმცა მცირედი დაკვირვება, დეტალებზე კონცენტრირება და მარტივად აღმოაჩენთ იმ ღმა ტონებს, რომლებიც მის ნამუშევრებს სხვებისგან გამოარჩევს. ლონდონის მოდის კვირეულზე ჩვენ ვიხილეთ ტრილოგიის ბოლო ნაწილი სიმონ როშასგან, რომელიც ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებით დაიწყო.

JW Anderson 

ჩრდილოეთ ირლანდიელი დიზაინერი ჯონათან ანდერსონი, იმ მცირერიცხოვან შემოქმედთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც გლობალური ბრენდის კრეატიული დირექტორობისა და საკუთარი ლეიბლის მართვის საქმეს იდეალურად აბალანსებენ. Loewe-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი იდეების ნაკლებობას არასდროს უჩიოდა და არც ოქროს შუალედს არღვევს, როდესაც JW Anderson-ისთვის მუშაობს. დიზაინერმა 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის შოუ გამართა Seymour Leisure Centre-ში, რეკრეაციულ და ფიტნეს ცენტრში, რომელიც 1930-იანი წლებით თარიღდება. ჯონათან ანდერსონის ახალი კოლექციის მთავარი შტრიხი ნაქსოვი ტანსაცმელი იყო, რომლითაც დიზაინერი უკვე რამდენიმე სეზონია მოხიბლულია. ტექსტურის მოყვარულმა ანდერსონმა ნაქსოვი ტანსაცმლისგან სკულპტურული სილუეტები შექმნა და ისინი მინიმალური, თუმცა თვალშისაცემი აქსესუარებით გაამდიდრა.

Burberry

მას შემდეგ, რაც დიზაინერმა დანიელ ლიმ Burberry-ს 2022 წელს ჩაიბარა, ბრენდის მთავარი ორიენტირი ბრიტანული ფესვებისთვის ხაზგასმა იქცა. დანიელ ლი არის Celine-ის ვეტერანი ფიბი ფაილოს ხელმძღვანელობით, დიზაინერი აგრეთვე ხანმოკლე დროით, თუმცა დიდი წარმატებით მოღვაწეობდა Bottega Veneta-ში, სადაც ლის სახელს საკულტო აქსესუარების გამოჩენა დაუკავშირდა. სწორედ, აღორძინებით სახელგანთქმულ დიზაინერს Burberry-ს სიმდიდრეების წინა პლანზე წამოწევა დაევალა, რასაც ლი დიდი მონდომებით ასრულებს. თავისი მესამე შოუსთვის, დიზაინერი გადავიდა თავისი ორი წინა კოლექციის მუქი პალიტრიდან - ბუნებრივ ფერებში. მოდელებმა ერთმანეთის მიყოლებით მოირგეს ხელოვნური ბეწვი, ტყავის ქურთუკები და დახვეწილი აქსესუარები. სანამ 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის ქალის კოლექცია, კრისტოფერ ბეილის შემოქმედებითი ხელმძღვანელობის აღორძინების პერიოდში გვაბრუნებდა, მამაკაცის ხაზი 90-იანი და 2000-იანი წლების ჰიპ-ჰოპის გავლენით განისაზღვრა.

ზევით