4 მარტს დედებისთვის მიძღვნილი, ემოციური მნიშვნელობის კონცერტი გაიმართება

4 მარტს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველი მსმენელის წინაშე დედებისთვის მიძღვნილი კონცერტით დათო და თათია კენჭიაშვილი წარსდგებიან.

დათო: იდეა, მე და ჩემს დას (თათიას) დაგვებადა, დედაჩვენმა 3 წლის წინ დაგვტოვა, მისი ხსოვნის პატივსაცემად ჩვენი უდიდესი სურვილი იყო სწორედ ამ კონცერტით დედებისთვის და არამარტო, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე გვეჩუქებინა. 

თათია: დედა ისე მოულოდნელად გარდაიცვალა, - სრულიად ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე, უსაზღვროდ მზრუნველი, - ფიქრადაც ვერ გავივლებდით, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. მას მერე, დათოც და მეც, სულ იმას ვდარდობთ, რომ საკმარის დროს და ყურადღებას ვერ ვუთმობდით მას; მართლაც რა ერთი წუთი ყოფილა ეს წუთისოფელი და რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი წუთი გამოიყენო ცხოვრებაში, რომ ყველაზე საყვარელ ადამიანს - დედას აჩუქო რაც შეიძლება მეტი სითბო და სიხარული.

დედას არ ვირჩევთ, ღმერთის მადლია და ამიტომაც ვუწოდეთ ამ კონცერტს - დედა ღვთისაა, - გვინდა ჩვენი სიმღერით ყველა დედას მივაგოთ ჩვენში დაგუბებული სიყვარული, - დღესვე, სანამ ჩვენს გვერდით არიან, სანამ ესმით ჩვენი.

დედა ძალიან კარგად მღეროდა, დათო და მე რომ ვმღერით ესეც, მისი დამსახურებაა, სახლში ხშირად ვმღეროდით ერთად, - ისე, ჩვენთვის, არა სხვების გასაგონად; ბოლო პერიოდში კი სულ მთხოვდა ჩამეწერა მასთან ერთად დუეტი, მაგრამ ზერელედ ვუსმენდი, არ მეცალა, არ შევუსრულე სურვილი, რაც ახლა ძალიან მიმძიმს.

ამ კონცერტით გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ დედა მთავარია ცხოვრებაში და ყოველთვის უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს ვიდრე ვუთმობთ.

ყველაზე დიდი სიხარულისა თუ განსაცდელის დროს, დამეთანხმეთ, ქვეცნობიერად დედას ვუხმობთ, მოველით რომ გაიზიარებს ჩვენს წარმატებას და გვიშველის მარცხის დროს. რაც დედა აღარ გვყავს გვერდით, დათოც და მეც ამას სულ უფრო მეტად ვაცნობიერებთ და დედასთან დაკავშირებული თითოეულ მომენტს ჩვენი მეხსიერებიდან ერთმანეთს ვუზიარებთ, მათ შორის იმ სიმღერებით, რომლებიც მას გვაგონებს - ეს კონცერტი ამ სიმღერებით იქნება გაჯერებული, თუმცა იქნება ახალი სიმღერებიც, რომლებიც დათომ მისი გარდაცვალების შემდეგ მისთვის და მასზე ფიქრით შექმნა და ერთად ვიმღერებთ, ვუმღერებთ დედებს. 

დათო: კონცერტზე, როგორც ძველი, ასევე ახალი პროგრამით გამოვალთ. პროგრამაში გაერთიანებული იქნება ზოგადკავკასიური ვოკალისა და ალტერნატიული მუსიკის სინთეზი, ჩვენი ყველა მუსიკოსი გამოირჩევა სხვადასხვა სტილით რაც უფრო საინტერესოს ხდის რეპერტუარს, ჩვენ ვიცნობთ მაილს დევისს, ეტა ჯეიმსს, ბილ ევანსს, ქვინსი ჯონსს, ჰერბი ჰენკოკსა და სხვებს, თუმცა ჩვენი ტრადიციული მუსიკისა და და ალტერნატიული მუსიკის სინთეზით ვქმნით სრულიად ინოვაციურ მუსიკას, რომელიც ჯერ საქართველოში არ გაკეთებულა. ვფიქრობ, ეს გაცილებით საინტერესოს ხდის ჩვენს მუსიკალურ სამყაროს...

თათიამე და დათოს არაერთი კონცერტი გვქონია ერთად, თუმცა ეს კონცერტი ჩვენთვის განსაკუთრებულია, იმდენ და ისეთ ძლიერ ემოციებს უკავშირდება, რომ სცდება ერთი საკონცერტო დარბაზის ჩარჩოებს…. ერთ პლანეტასაც კი.

ზევით