#ცნობილები

2023 წლის 10 ყველაზე გახმაურებული დაშორება

გაზიარება:

2023 წელი ჯერ არ დასრულებულა და უკვე არა ერთი Hollywood-ური ოჯახი "ჩამოგვექცა თავზე". ცნობილი წყვილების ქორწინებები და ურთიერთობები ერთი მეორის მიყოლებით დაინგრა და არც კი ვიცით, საიდან უნდა დავიწყოთ, ამიტომ The Diary თითქმის ჩავლილი წლის 10 ყველაზე გახმაურებულ დაშორებაზე მოგიყვებათ.

1. ჯო ჯონასი და სოფი ტერნერი

გასული კვირების ყველაზე გახმაურებული მოვლენა, ჯო ჯონასისა და სოფი ტერნერის 4-წლიანი ქორწინების დასასრული გახლდათ. მედიის ცნობით, განქორწინების საბუთები სასამართლოში ჯომ შეიტანა. ყვითელმა მედიამ დაშორების არა ერთი მიზეზი შემოგვთავაზა, თუმცა ჯონასის თქმით, არაფერს უნდა დავუჯეროთ გარდა იმისა, რასაც თავად ჯო და სოფი გვეტყვიან. ამ რჩევის გათვალისწინება რთულია, რადგან წყვილი დიდად არ საუბრობს. ყოფილები მხოლოდ ბანალური, სოც. მედიაში გავრცელებული განცხადებით შემოიფარგლნენ. ინტერნეტ მომხმარებელმა კი ფავორიტი უკვე გამოავლინა: ეს ცალსახად ჩრდილოეთის დედოფალია! სანსა სტარკს მხარს სრულიად Tik-tok უჭერს.

თაყვანისმცემლები პაპარაცების მიერ გადაღებული ვიდეოებიდან თუ წყვილის ინტერვიუებიდან იმ მომენტებს ჭრიან, სადაც სოფისა და ჯოს დაძაბული ურთიერთობა იგრძნობა. ბევრი თვლის, რომ Game of throne-ისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ, სოფის საკუტარი კარიერის გადადება დიდი ხნით მოუწია, რაც ჯოს ყველაზე მეტად აწყობდა. მას შემდეგ, რაც ტერნერი გადასაღებ მოედანზე დაბრუნდა, ჯონასმა პრეტენზიების გამოთქმა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მას არ მოსწონს, როდესაც ბავშვები დედის გარეშე რჩებიან, თუმცა თავად შვილების მუსიკალური ტურნეს გამო დატოვება არასდროს უთაკილია. 

2. ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი

ბრიტნის გულშემატკივრებისთვის ეს ამბავი განსაკუთრებულად მტკივნეული აღმოჩნდა, მაშინ როდესაც ვიფიქრეთ, რომ ბრიტნიმ საბოლოოდ იპოვა საკუთარი ბედნიერი დასასრული. მისი და სემის ქორწინების დასრულების შესახებ სიახლემ უბედურების ზარივით ჩამოკრა. წყვილმა 2022 წელს იქორწინა, მაგრამ ბედნიერებამ დიდ ხანს არ გასტანა. გავრცელებული ინფორმაციით, მეუღლეების დაშორების მიზეზი სემის მხრიდან ღალატი გახდა.

3. ნატალი პორტმანი და ბენჯამინ მილეპიედი

11-წლიანი ქორწინების დასასრულის შესახებ ცნობები, ივნისის თვეში ბენჯამინის ღალატის ჭორებს მოჰყვა. ყვითელი პრესა ირწმუნებოდა, რომ მილეპეიდს კლიმატის აქტივისტთან - კამი ეტიენთან ჰქონდა რომანი. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გარკვეული პერიოდი არსებობდა მოსაზრება, რომ ნატალიმ მეუღლეს ყველაფერი აპატია, თუმცა ეს სიმართლე არ აღმოჩნდა, რადგან მსახიობმა განქორწინების საბუთები სასამართლოში შეიტანა.

4. ბელა ჰადიდი და მარკ კალმანი

ბელა ჰადიდისა და მარკ კალმანის რომანის შესახებ პირველად 2021 წლის ივლისში შევიტყვეთ. სუპერმოდელი და სამხატვრო დირექტორი ბევრს მოგზაურობდნენ, მოდის კვირეულებსა და ოჯახურ შეკრებებზე დადიოდნენ, და ერთი შეხედვით ჩანდა, რომ პაპარაცებსაც არ უფრთხოდნენ. თუმცა, ურთიერთობიდან თითქმის 2 წლის თავზე, ბელა და მარკი ერთმანეთს დაშორდნენ. ჰადიდისთვის ბოლო თვეები განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა, რადგან მისი ლაიმის დაავადებაც გამწვავდა. უკვე მეორე სეზონია, რაც ბელა ჯანმრთელობის პრობლემების გამო პოდიუმზე აღარ გვინახავს, თუმცა მოდელი საკუთარ გასაჭირს პირადი გვერდის საშუალებით გახსნილად გვიზიარებს და მენტალურ პრობლემებზეც გვიყვება. 

5. არიანა გრანდე და დალტონ გომესი

არიანას და დალტონის ქორწილი 2021 წელს გაიმართა. წყვილი ერთმანეთს შეუღლებამდე წელიწად ნახევარი ხვდებოდა და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში აღებდა პრივატულ კარს, რომლის მიღმაც მათი ურთიერთობა იმალებოდა. სულ ცოტა ხნის წინ კი გრანდე უიმბლდონის ჩემპიონატზე ნიშნობის ბეჭდის გარეშე დააფიქსირეს, რასაც მათი განქორწინების შესახებ სიახლეც მოჰყვა. სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ არიანასა და დალტონის ურთიერთობა წლის დასაწყისშივე დასრულდა, თუმცა ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ ამ ამბის საზოგადოებისგან დამალვას. 

6. სოფია ვერგარა და ჯო მანგანიელო

7-წლიანი ქორწინების შემდეგ, სამწუხაროდ სოფიასა და ჯოს ქორწინებაც დასრულდა. ხმაურიანი "ლათინა" და მისი მომხიბვლელი მეუღლე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წყვილად ითვლებოდა, თუმცა ამბობენ, რომ ჯოს საერთო შვილების ყოლა სურდა, სოფიას კი პირველი ურთიერთობიდან უკვე 32 წლის შვილი ჰყავს. წყვილმა საერთო განცხადებაც გაავრცელა: "ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება. როგორც ორი ადამიანი, რომლებსაც უყვართ და ზრუნავენ ერთმანეთზე, თავაზიანად გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს ცხოვრების ახალ ეტაპზე".

7. ბილი აილიში და ჯესი რეზერფორდი

ბილი აილიში და ჯესი რეზერფორდი მაისში, რამდენიმე თვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. მათი რომანის შესახებ პირველად 2022 წელს გახდა ცნობილი. ნოემბრის თვეში ბილი და ჯესი წყვილის ამპლუაშიც გამოჩნდნენ, რასაც დიდი ხმაური მოჰყვა. მუსიკოსების ურთიერთობის განხილვისას აქცენტი მათ შორის ასაკობრივ სხვაობაზე კეთდებოდა. მომღერლის გარემოცვაში კი ამბობდნენ, რომ რეზერფორდს ბილიზე ძალიან ცუდი გავლენა ჰქონდა. 

8. ტეილორ სვიფტი და ჯო ალვინი

ტეილორ სვიფტი და ჯო ალვინი ერთმანეთს 6 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯერ კიდევ Eras Tour-ის დაწყებამდე დაშორდნენ. წყვილი ერთად ყოფნის პერიოდში მაქსიმალურად ცდილობდა პრივატული ურთიერთობის შენარჩუნებას, თუმცა თუკი ტეილორის ახალ სიმღერებსა და ალბომებს მოუსმენდით, აღმოაჩენდით, რამხელა გავლენა ჰქონდა ამ სიყვარულს მომღერლის ცხოვრებასა და კარიერაზე. სავარაუდოდ, როგორც ტეილორს სჩვევია, დაშორების რეალურ მიზეზს მისი მომდევნო სინგლების ტექსტებიდან შევიტყობთ. 

9. რიზ უიზერსპუნი და ჯიმ ტოტი

სულ ცოტა ხანში წყვილს თანაცხოვრების 12 წლის იუბილე უნდა აღენიშნა, მაგრამ რომანტიკული პოსტების ნაცვლად, საზოგადოებაში მათი დაშორების ინფორმაცია გავრცელდა. რიზ უიზერსპუნმა და ჯიმ ტოტიმ ერთმანეთი 2010 წელს გაიცნეს. ისინი საკმაოდ მალე, ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ და საერთო ვაჟი - ტენესი ეყოლათ, რომელიც დღეს უკვე 10 წლისაა. უიზერსპუნი პირად ცხოვრებას ყოველთვის განსაკუთრებით უფრთხილდება, ამიტომ ურთიერთობებზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს, თუმცა გასული 12 წლის მანძილზე არა ერთხელ აღუნიშნავს, რამდენად ბედნიერია, რომ ის ერთადერთი მოძებნა. როგორც ჩანს, მონასტერი აირია. 

10. კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი

კაილი და ტრევისი ერთმანეთს იანვრის თვეში დაშორდნენ. ჩანდა, თითქოს წყვილი ისევ დაუბრუნდებოდა ერთმანეთს (კაილი და ტრევისი აქამდეც დაშორებულან), თუმცა რეალითი შოუს ვარსკვლავის ახალი რომანის საჯაროდ დადასტურების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ჯენერი თავს ახალ სიყვარულთან - ტიმოთი შალამესთან იდეალურად გრძნობს. კაილისა და ტრევისს ორი საერთო შვილი ჰყავთ. 

ზევით