
ლენი კრავიტსის ქალიშვილი - ზოე ელიზაბეტ კრავიტსი ქმარს შორდება. მსახიობმა მეუღლესთან - კარლ გლასმანთან განქორწინებაზე განაცხადი 18 თვიანი თანაცხოვრების თავზე, დეკემბრის ბოლოს შეიტანა.

ზოეს და კარლის ქორწილი 2019 წელს პარიზში, ზოეს მამის - ლენი კრავიტსის სახლში გაიმართა. გასულ ივნისს წყვილმა ქორწინების 1 წლის იუბილე აღნიშნა და გრძნობების საჯაროდ გაზიარებასაც არ მოერიდა. ზოემ Instagram-ზე ქორწილის ფოტო გააზიარა და მოკლე სათაური გაუკეთა: „ერთი წელი”. გლასმანმა მნიშვნელოვან თარიღს გაცილებით გრძელი პოსტი მიუძღვნა:
ერთი წელი... ეს ის არ არის, რასაც ველოდით, მაგრამ თუ ამის გადალახვას შევძლებთ, მაშინ ყველაფერი გამოგვივა. მიყვარხარ ყველაფერზე მეტად!
კარლმა რამდენიმე დღის წინ საკუთარი Instagram გვერდიდან 2 ფოტოს გარდა ყველა პოსტი წაშალა. დარჩენილ სურათებში ზოე არ ფიგურირებს. 2 იანვარს კი ზოემ „სთორიში” ორაზროვანი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ადამიანი საკუთარ გრძნობებს სანაგვეზე ყრის.

წყვილი შეუღლებამდე ერთმანეთს 3 წლის მანძილზე ხვდებოდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ Big little lies-ის ვარსკვლავი და Nocturnal Animals-ის მსახიობი ერთმანეთს ასე მალე, ან საერთოდ დაშორდებოდნენ, მაგრამ კრავიტსების ოჯახს ყოფილებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სჩვევიათ. ამის ნათელი მაგალითი ზოეს დედ-მამა, ლიზა ბონეტი და ლენი კრავიტსი არიან.