მედისონ ბიერის და NFL-ის ვარსკვლავის, ჯასტინ ჰერბერტის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რის შესახებაც წყვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით გვამცნო.
„meet my fiancé“ - ასე ასათაურებს მომღერალი Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტს.

სამი სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მათი ნიშნობა ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ამბად ქცეულიყო. საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნის მიუხედავად, წყვილი პირადი სივრცის შენარჩუნებას მაინც ახერხებს. მედისონს და ჯასტინს დღემდე არ უსაუბრიათ იმაზე, თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი.
წყვილის რომანის შესახებ პირველად ხმები 2025 წლის აგვისტოში გავრცელდა, როდესაც ჰერბერტი ბიერის კლიპის გადაღებებზე შენიშნეს, თუმცა მაშინ არც ერთ მათგანს გავრცელებული ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ურთიერთობას ოფიციალური სახე 2025 წლის ოქტომბერში მიეცა, როდესაც მედისონ ბიერი Los Angeles Chargers-ის მატჩამდე მოედანზე გამოჩნდა.

მომღერალს არაერთხელ უსაუბრია იმის შესახებ, რომ თავად პარტნიორში ყველაზე მეტად ემოციურ წონასწორობას, ნდობასა და სტაბილურობას აფასებს. ბოლო პოდკასტში მან ჰერბერტზე თქვა, რომ ის მის ცხოვრებაში ყველაზე საჭირო დროს გამოჩნდა და მათი ურთიერთობა მყარ საფუძველზეა აშენებული. მედისონმა ასევე აღნიშნა, რომ პოპულარობასთან გამკლავება ბევრად მარტივი აღმოჩნდა იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც კარგად ესმის პირადი სივრცის დაცვის მნიშვნელობა.
გულშემატკივრების განსაკუთრებული ყურადღება კიდევ ერთმა საინტერესო დეტალმა მიიპყრო. მედისონის სიმღერის - lovergirl-ის კლიპში, ავტომობილის სანომრე ნიშანზე წერია - "MBJH4EV". თაყვანისმცემლებმა წარწერა ასე გაშიფრეს: Madison Beer, Justin Herbert Forever. ამ დეტალმა ნიშნობის შემდეგ სრულიად ახალი მნიშვნელობა შეიძინა.

განსაკუთრებული ყურადღება მედისონ ბიერის ნიშნობის ბეჭედმა მიიპყრო, რომელიც საიუველირო ექსპერტების შეფასებით, კლასიკური დიზაინის წაგრძელებული, ბალიშის ფორმის ჭრის ბრილიანტია, რომელიც დაახლოებით 7.5-დან 15 კარატამდე მერყეობს. რაც შეეხება ღირებულებას, საიუველირო ინდუსტრიის სპეციალისტები ბეჭედს დაახლოებით 700 ათასიდან 1.2 მილიონ დოლარამდე აფასებენ.

ამ ეტაპზე მედისონ ბიერსა და ჯასტინ ჰერბერტს ქორწილთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაუმხელიათ. მუსიკისა და სპორტის ვარსკვლავებმა, რომლებიც მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან, ურთიერთობა თავიდანვე საკუთარი, გასაიდუმლოებული წესებით ააგეს. მათი ნიშნობაც სწორედ ამ სიყვარულის ისტორიის ლოგიკური გაგრძელებაა - ისტორიის, რომელიც ხმაურის გარეშე დაიწყო, მაგრამ დღეს უკვე მილიონობით ადამიანის ინტერესის საგანია.