რა ვაჩუქოთ GEN Z-ის
ეძებთ საუკეთესო საჩუქარს Gen Z-ისთვის? ჩვენ უნიკალური, ტრენდული და თაობას ზისთვის იდეალური საჩუქრების სია მოგიმზადეთ!
ხელოვნება რომ საზოგადოების ყოფას ყველაზე კარგად ირეკლავს, არავისთვისაა უცხო. მსოფლიოს მუზეუმებში დაცულ ტილოებზე ასახული ამბები დიად ხელოვანებს, ერთ დროს, რეალობის აღწერის მიზნით აქვთ შექმნილი.
ამ სტატიაში განხილული ნამუშევრები გვახსენებენ, რომ ტირანიასთან ბრძოლა სამყაროს განმეორებადი ციკლის ნაწილია. თუმცა, იმავე ციკლის ნაწილია რევოლუცია და თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის ტრიუმფიც. მხატვრებმა შემოგვინახეს ზუსტი სურათი იმისა, თუ როგორია მჩაგვრელი ხელისუფლების არსი და დასასრული, რომელიც აუცილებლად დადგება.
ფრანსისკო გოია. სატურნი შთანთქავს თავის შვილს
ესპანელი არტისტის, ფრანსისკო გოიას სულისშემძვრელი ტილო დესპოტურ რეჟიმს ასახავს, რომელიც მომავალ თაობას ძალაუფლების სახელით ანადგურებს. გოიას ნამუშევარი ძალაუფლების დაკარგვით დაბრმავებული ტირანის პარანოიას გვაჩვენებს. რომაული მითის მიხედვით, სატურნი შიშმა შეიპყრო, რომ ტახტიდან ერთ-ერთი ვაჟი ჩამოაგდებდა, ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე სატურნმა ჩამოაგდო მამამისი. ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად, სატურნმა თავისი შვილები დაბადებისთანავე სათითაოდ შეჭამა. ეს ნახატი დიქტატორული და მჩაგვრელი ბუნების კრიტიკაა. სატურნის ძალადობრივი ქმედება ძალაუფლების მქონე ადამიანების დესტრუქციულ ხასიათს აღნიშნავს. ისინი საკუთარი ხალხის სიცოცხლით იკვებებიან, კონტროლის შესანარჩუნებლად კი ცოცხალ ადამიანებს ანადგურებენ.
თეოდორ ჟერიკო. მედუზას ტივი
თეოდორ ჟერიკოს ნახატი კორუმპირებული ავტორიტეტების მიერ სასოწარკვეთაში მიტოვებულ ხალხზე მოგვითხრობს. 1816 წელს, ფრანგულ გემ "მედუზაზე", კაპიტნის არაკომპეტენტურობის გამო დატრიალებულ კატასტროფას 150 ადამიანი გადაურჩა. ისინი ტივზე 13 დღის განმავლობაში უწყლობასა და შიმშილს ებრძოდნენ. საბოლოოდ, მათგან მხოლოდ 15 გადარჩა. ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ნახატი პოლიტიკური უპასუხისმგებლობის გამო გაწირული ხალხის სიმბოლოდ იქცა. თავს ყოველთვის უშველიან უკანონო, არაკომპეტენტური და არალეგიტიმური კაპიტნები, სასიკვდილოდ განწირულებს კი უკან მოიტოვებენ.
ლევან სონღულაშვილი. წითელი ჰორიზონტები
თანამედროვე ქართველი მხატვარი, ლევან სონღულაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ამერიკიდან ეხმიანება. ტილო, რომელიც მხატვარმა სულ ახლახან გაგვიზიარა, ასახავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ემოციურ სიმძიმესა და საერთო ტკივილს. სისხლისფერ წითელში მოსილი ხალხი, მარგარეტ ეტვუდის წიგნის პერსონაჟებს რომ მოგვაგონებს, დიქტატორის თავს მიასვენებს. ნამუშევარი ცვლილების ზღვარზე მყოფ საზოგადოებას ეხმიანება, იმ საზოგადოებას, რომელიც ებრძვის უსამართლობას, სისტემურ ჩაგვრასა და ტოტალურ ძალადობას.
ამბროჯიო ლორენცეტი. კარგი და ცუდი მთავრობის ალეგორია
ლორენცეტის ფრესკების სერიაზე კარგი და ცუდი მთავრობების მართული ქვეყნებია გამოსახული. მხატვარი გვიჩვენებს კონტრასტს - მშვიდი, აყვავებული ქვეყანა უპირისპირდება ტირანული მმართველის ქვეშ წარმოქმნილ ქაოსს, ძალადობასა და ნგრევას. ამ უზარმაზარი ფრესკის ყველა დეტალი საინტერესო და აღსანიშნია, თუმცა დღეს, ერთი ფრაგმენტი ყველაზე ხმამაღლა ყვირის საქართველოს რეალობას. ლორენცეტს გამოსახული აქვს ძირს დაგდებული ქალი, რომელიც ავტოკრატიის ქვეყანაში სამართალს ვერსად იპოვის.
ეჟენ დელაკრუა. თავისუფლება უძღვება ხალხს
და ბოლოს, რით უნდა დავასრულოთ, თუ არა ეჟენ დელაკრუას ისტორიული ნახატით, რომელიც თავისუფლების დროშადაა ქცეული. ქალი სახელად თავისუფლება წინააღმდეგობის ძალითა და იმედით განმსჭვალულ ხალხს მიუძღვება. დელაკრუას "თავისუფლების" სახეს ქართველ ქალებშიც ამოიკითხავთ, რომლებიც დღეს რუსთაველზე ჩვენი მომავლისთვის დგანან.