რა ვაჩუქოთ GEN Z-ის
ეძებთ საუკეთესო საჩუქარს Gen Z-ისთვის? ჩვენ უნიკალური, ტრენდული და თაობას ზისთვის იდეალური საჩუქრების სია მოგიმზადეთ!
დღეს ძლიერი ქალების საქართველოზე გიამბობთ. სანამ ილია თოფურია „ელ მატადორი“ გახდებოდა და მისი ჩემპიონობის ამბავი მთელ მსოფლიოს მოედებოდა, იყო ისტორია, რომელიც ომს, ოკუპაციას, ემიგრაციასა და უამრავ სირთულეს იტევს. სწორედ ამ და სხვა ბევრ საინტერესო ამბავს უზიარებენ TheDiary-ს მკითხველს ჩემპიონის დედა - ინგა ბენდელიანი თოფურია და ელ მატადორის და - მარიამი.
ინგა: "21 წლის ვიყავი აფხაზეთიდან რომ წამოვედი. ძალიან კარგი ბავშვობა მაქვს გავლილი და ყველაფერი მქონდა იმისთვის, რომ უზომოდ ბედნიერი ახალგაზრდა ვყოფილიყავი, ჩემი გეგმებით და მომავლის ჩანაფიქრებით. შემდეგ დაიწყო ომი, მაშინ მეორე შვილზე ფეხმძიმედ ვიყავი. ყველას ვეუბნები, რომ ჩემში, ისევე როგორც ყველა ადამიანში, რაღაც იყო რეზერვირებული, რომელსაც, თავს ასეთი ტრაგედია რომ არ გადამხდენოდა, არც კი ვიცი თუ გამოვიყენებდი. ყველა ადამიანმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, თუ რა უნდა ამ ცხოვრებისგან. მეც ეს გავაკეთე, ვუთხარი ჩემს თავს, რომ ან დავრჩებოდი ამ პრობლემაში, ან გამოვუშვებდი იმ ძალას, რომელიც ჩემში იყო. მივხდი, რომ ძლიერი ქალის რეზერვი მქონია. რომ ვკითხე საკუთარ თავს - ვაგრძელებ ცხოვრებას? პასუხი გავეცი, რომ კი, ვაგრძელებ ცხოვრებას, ვიწყებ თავიდან!
მთავარია საკუთარ თავთან იყო ავტორიტეტი, არაფერმა უნდა წაგაქციოს, შენგან უნდა მოდიოდეს ძალა.
შემდეგ უკვე, ეტაპობრივად ისე წავიდა ყველაფერი, რომ სხვა ბევრი მოტივაცია გაჩნდა. ბავშვებს გაზრდა და თანადგომა სჭირდებოდათ. მე ამ ტკივილით ვცხოვრობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ტკივილში დავრჩი. პირიქით, ეს ყველაფერი დამეხმარა გაძლიერებაში. ტკივილი ამ წარმატების საფუძველია, ეს წარმატება არის ის გზა, რომელიც მე გავიარე და ახლა შემიძლია ადამიანებს დავანახო, თუ სად ვარ მე დღეს".
მარიამი: „აფხაზეთის დატოვების დროს, მე ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ეს მხოლოდ დედაჩემის, ან ჩემი ოჯახის ისტორია არაა, არამედ ეს ჩემი ისტორიაცაა, რომლითაც 31 წელია მოვდივარ და ბევრი რამ მასწავლა მან. მასწავლა, რომ შეიძლება ბევრჯერ დაეცე და ფერფლიდან, როგორც ფენიქსი ისე აღდგე“.
"დედა და ილია"
ლიტერატურაზე უკეთესად ისტორიისა და ამბების შემონახვა ალბათ არც არაფერს შეუძლია. საქართველოს ნომერ პირველი ბესტსელერი "დედა და ილიაც" ერთი ქალის ისტორიაა, რომლის უკანაც მთელი საქართველოს მტკივნეული 30 წელი დგას.
ინგა: „ილიამდე იყო აფხაზეთი, რომელიც დღესაც დღის წესრიგში დგას და ყველას ტკივილია. ვფიქრობ, წიგნი ძალიან საჭირო დროს გამოვიდა, რადგან მომავალმა თაობამ, მათ შორის ჩემმა შვილებმაც, უნდა გაიგონ ის დეტალები, რაც აქამდე აფხაზეთზე არ იცოდნენ. მიხარია, რომ უკვე წიგნის წაკითხვა სრულიად საქართველოს შეუძლია, მალე ესპანურადაც გამოვა და ვფიქრობ, მსოფლიოს უფრო მეტად გავაცნობთ ჩვენს ქვეყანას. წიგნის იდეა დიდი ხანია თან დამდევს. ყოველთვის მინდოდა ჩემი მტკივნეული და ტრაგიკული ისტორია მომეყოლა. შემთხვევით, ბერი ანდრიას ფონდში შევხვდი გიორგი კეკელიძეს, რომელსაც ასევე ჰქონდა იდეად, რომ ილიაზე წიგნი დაეწერა. მოკლე დიალოგის შემდეგ, გადავწყვიტეთ რომ ეს ამბავი ჩემი ისტორიით მოგვეყოლა, რადგან ილიამდე იყო ყველაფერი ის, რაც სწორედ ამ წიგნშია მოთხრობილი. ეს წიგნი არ დაიწერა მხოლოდ აფხაზი ხალხისთვის. წიგნში მოთხრობილია სხვა ადამიანების ისტორიებიც, მათი ვინც ჭუბერის გზა გამოიარა. მე რამდენიმე წელია, რაც მეჩვენება, რომ აფხაზეთის საკითხი თითქოს მივიწყებულია.
ამ წიგნის მეშვეობით, აფხაზეთის დევნილებს მინდა დარჩეთ იმის გრძნობა, რომ მათი ისტორია არავის დაგვივიწყებია.
ამასთანავე, ეს წიგნი მომავალი თაობისთვის დაიწერა. ეს არის ისტორია, რომელიც სკოლის პედაგოგებს შეუძლიათ მოსწავლეებს ასწავლონ კიდეც. ესპანეთში კი, სადაც ყველამ იცის 2008 წლის ომის შესახებ, გაიგებენ აფხაზეთზეც. ეს წიგნი არის მოტივაციაზე. მე ამ წიგნით ვამბობ - ნახეთ საიდან სად მოვედით. მოვდივართ დევნილობიდან და ემიგრაციიდან და დღეს ოთხი წარმატებული, მათგან ერთი მსოფლიო ჩემპიონი შვილი მყავს. მე თუ შევძელი, ესე იგი ყველა შეძლებს, მთავარია მოინდომო, გინდოდეს და გჯეროდეს! ჩემი თაობის ხალხი და ახალგაზრდები ბევრ სამოტივაციო რამეს წაიკითხავენ ამ წიგნში. შეიძლება ზოგს შერცხვეს კიდეც იმის, თუ რაზეც ახლა წუწუნებს, რადგან აქ ჩანს, რომ ადამიანს ყველა ბარიერის, დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. ეს წიგნი არის ძალა და ადამიანებს უჩენს განცდას, რომ ყველაფერი შესაძლებელი.
ელ მატადორის დედა
"დედა და ილიას" ფურცლებზე ერთ დაუჯერებელ ამბავს ამოიკითხავთ. ამბავს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდა მარტო, მშობლებისგან რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით ოთხი დედმამიშვილი. ამჯერად ესპანეთში, მორიგ ემიგრაციაში წასული მშობლები და რუსთავში დარჩენილი ბავშვები დიადი მომავლისთვის ერთად და ცალ-ცალკე იბრძოდნენ. დედამ ოთხივე შვილს სიძლიერე შთაბერა და ისინიც ღირსეულად აგრძელებენ დედის მემკვიდრეობას.
მარიამი: "დედის სიძლიერე, მოტივაცია, თავდაჯერებულობა ოთხივეს თანაბრად გვაქვს და ამან ცხოვრების გზაზე ბევრი რამ გადაგვალახვინა. დედასგან გვაქვს ერთობა, სიყვარული, საკუთარი თავის რწმენა. კარგი ნათქვამია - „რაც არ გკლავს გაძლიერებს!“ - ეს არის ის, რაც დედაჩემისა და აფხაზეთიდან უამრავი დევნილის ტრაგედიამ გვასწავლა. დედას ყველანი ვგავართ, მაგრამ მაინც გამოვყოფ ელ მატადორ ილია თოფურიას, რომელიც ხასიათით ყველაზე მეტად ჰგავს დედას. იყო პერიოდი, როდესაც მშობლები მეორედ იყვნენ ემიგრაციაში და ბავშვები მარტო ვცხოვრობდით. ახლანდელი გადმოსახედიდან, როცა მეც უკვე დედა ვარ, მგონია რომ ეს იყო სრული სიგიჟე. იმ პერიოდში კი, ეს იყო ახალი თავგადასავალი, ცხოვრება გადარჩენისთვის. ამ ყველაფერმა უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს, ვისწავლეთ ერთმანეთზე ზრუნვა.
მიუხედავად ჩვენი ასაკისთვის შეუფერებელი მენტალური თუ ფიზიკური სირთულეებისა, მხიარული და კარგი პერიოდი იყო. ბევრ რაღაცასთან გამკლავება გვიწევდა. რომ არა ის პერიოდი, არ შეიქმნებოდა ილია ელ მატადორი, ალექსანდრე ელ კონკისტადორი, ანა, მარიამი".
ჩემპიონი
ინგა: "ძალიან პატარა ასაკიდან ეტყობოდა ილიას რომ ჩემპიონი იზრდებოდა. ოთხი წლის იყო ილია, ხუთის ალექსანდრე, როდესაც გერმანიაში ძიუდოზე შევიყვანეთ. ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ძალა ეტყობოდათ. არ ჰგავდნენ თავისი ასაკის ბავშვებს. მეც და ჩემს მეუღლესაც თავიდანვე გვჯეროდა მათი. სულ იმის ფიქრში ვიყავი თუ როგორ შემეწყო მათი ნიჭისთვის ხელი და ერთხელ, პარკში ბავშვს როცა ვასეირნებდი ბიჭი დავინახე, რომელსაც დამტვრეული ყურები ჰქონდა. მივედი და ვკითხე თუ ჭიდაობდა. კუბელი აღმოჩნდა და იცოდა ქართველების შესახებ, იცოდა, რომ საქართველოს ჭიდაობის ძალიან მაგარი სკოლა აქვს. მითხრა ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუზე მიგვეყვანა ბავშვები. სპორტულ დარბაზში ისეთი ოჯახური სიტუაცია დაგვხვდა, რომ ფაქტობრივად სახლიდან-სახლში მივიყვანეთ ილია და ალექსანდრე. ღმერთის საჩუქარი იყო ის ადამიანი".
ილია რინგს მიღმა
მარიამი: "ილია რინგს მიღმა თავმდაბალი, მოსიყვარულე, ტოლერანტი და სულ ხელმისაწვდომია. ცოტა დრო აქვს და სულ ვარჯიშობს, მაგრამ საღამოს, ძილის წინ საერთო ჯგუფში ვიკრიბებით და ერთმანეთს სიახლეებს ვუზიარებთ. ჯგუფს All Star ჰქვია".
ინგა: "ჩემსა და ილიაში ხასიათობრივ მსგავსებებს ვხედავ. ზოგჯერ, როცა ველაპარაკები ვგრძნობ, რომ საკუთარ თავს ვესაუბრები და ცოტა უკან უნდა დავიხიო. ილიამ ის სიამაყე, რომელიც მთელი ცხოვრებაა მაქვს გამისამმაგა. ის ბევრი ადამიანის ინსპირაცია და იმედია".
თოფურიები და საქართველო
თვალებიდან არ ამოვა ილია თოფურიას მიერ რინგზე აფრიალებული ქართულ-ესპანური დროშა და ყურებს არასდროს დაავიწყდება რუსი ჟურნალისტის პროვოკაციულ კითხვაზე გაცემული პასუხი. ილია გერმანიაში დაიბადა და ცხოვრების უდიდესი ნაწილი ესპანეთში გაატარა, მაგრამ არც ერთი წუთით არ ავიწყდება ის თუ საიდან მოდის. თოფურიების ყველა ნაბიჯში საქართველოსადმი სიყვარული იგრძნობა, თუნდაც იმაში, რომ სადაც არ უნდა გამოჩნდნენ, ქართულ ბრენდებში გამოწყობილები ყველასგან გამოირჩევიან.
ინგა: "გერმანიაში დილით 7 საათზე ჩემი შვილები ქართული ცეკვების ფონზე იცვამდნენ და ისე მიდიოდნენ ბაღში. ხომ იცით ქართული ანდაზა, სადაც ხარ იქაური ქუდი უნდა დაიხუროო, ჩემს შვილებსაც, სადაც არიან იქაური ქუდი ახურავთ, მაგრამ ის ქუდი მათ სისხლს არ ცვლის. არიან იმ ქვეყანაში, რომელიც მათ გვერდში დაუდგა და მადლიერები არიან ამ ქვეყნის, მადლიერების გამოხატვაც ქართული საქციელია. ქართული ბრენდებს კი ხშირად იმიტომ ვატარებ, რომ სადაც დავდივარ მინდა, სულით, გულით, მთლიანად ქართველი ვიყო. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ვცხოვრობ, დიდ პატივს ვცემ ქართულ ბრენდებს, რომლებიც ჩემთვის ყველგან და ყველაფერში პირველები არიან".
რა ხდება როცა ილია რინგზეა?
ინგა: "ჩვენ დიდი ოჯახი გვყავს და ამდენ ადამიანში, ბრძოლის პროცესშიც და მოსამზადებელ პერიოდშიც, ყველაზე ადეკვატური მე ვარ. მე მჯერა, რომ დედასა და შვილს შორის კავშირია და მე თუ აფორიაქებული ვარ, ვიცი ილიაც ცუდად იქნება, ამიტომ საკუთარი თავის დამამშვიდებელი მე თვითონ ვარ. ბრძოლაზე მთელი ოჯახით პირველად მაშინ წავედით, როცა ილია ქამრისთვის იბრძოდა. პირობა გვქონდა მთელს ოჯახს დადებული, რომ ყველანი იქ ვიქნებოდით ამ დღეს".
მარიამი: "ნერვიულობა და სტრესი ბრძოლამდე 2-3 კვირით ადრე იწყება. როდესაც ილია აქტიურად იკლებს წონას, ჩვენც ვწყვეტთ ნორმალურად კვებას და მასთან ერთად, სინქრონულად ვიკლებთ წონაში. ბოლო კვირა ყველაზე რთულია. მთელი ოჯახი მივდივართ მამა გაბრიელის საფლავზე, ვლოცულობთ. ეს არის ერთადერთი ადგილი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას სიმშვიდე ვპოვოთ.
ბრძოლის შემდეგ ჯერ ილიას ვულოცავ და მერე მივდივარ ალექსანდრესთან, რომ მადლობა გადავუხადო მას.
რაც შეეხება თვითონ ბრძოლის დროს, შეუძლებელია მშვიდად და წყნარად დარჩე. მაგრამ, ბოლო ბრძოლებს ილიას შვილი, უგოც დაესწრო და პასუხისმგებლობა გვქონდა, რომ ჩვენს შემხედველი ბავშვი არ აღელვებულიყო. იმიტომ კი არ ვღელავთ, რომ ვინმეს ილიას მოგებაში ეჭვი ეპარება, არამედ ვნერვიულობთ იმაზე, რომ რამე არ იტკინოს, არ დაუზიანდეს. ჩვენ არ გვაქვს ის მოვალეობა, რომ იმ მომენტში საღი აზრი შევინარჩუნოთ და ილიას რამე რჩევა მივცეთ. ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე ალექსანდრეს აქვს. მან ყველაფერი უნდა დააფიქსიროს, საჭირო რჩევა მისცეს ილიას.
პატარა ელ მატადორი
ინგა: "ჩემს თავზე მაქვს ის პასუხისმგებლობა აღებული, თუ რამდენად ქართველი იქნება უგო. პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადო მის დედას, რომელთანაც უგო იზრდება. ბავშვი ოთხი წლის ასაკში, ხასიათით, სისხლით, ქცევებით არის აბსოლუტურად ქართველი. ისღა დარჩა, რომ სკოლის ასაკიდან ქართულად წერა-კითხვა ისწავლოს. უგო ბევრად ქართველია, ვიდრე მის ასაკში მამამისი იყო გერმანიაში.
მარიამი: "უგო არის მთავარი თოფურია თოფურიებში. პატარა ასაკიდან ჩოხით დადის. თვითონაც სულ ამბობს რომ ქართველია".
აფხაზეთი
ინგა აფხაზეთში სიზმრებსა და ფიქრებში მოგზაურობს. ისიც, როგორც ყველა, ვინც მტერმა მშობლიურ, შეუცვლელ სახლს დააშორა, ყოველ დღე იმ იმედით ცხოვრობს, რომ ადრე თუ გვიან შინ აუცილებლად დაბრუნდება.
ინგა: "თუ ცუდ ხასიათზე ვარ, თვალებს ვხუჭავ და ყოველთვის მივდივარ ჩემს სახლში, ფაცხაში, სადაც ყველა ერთად ვისხედით და ისმოდა ქართული, მეგრული, აფხაზური სიმღერები. ამ დროს ის სურნელი, ხმები მოდის ჩემთან, რომელიც იმ ფაცხაში ტრიალებს. მსოფლიო მოვიარე და ვერაფერმა შეცვალა ის ადგილი და ვერც ის სურნელი, რომელიც აფხაზეთშია.
აფხაზებს ვეტყოდი: მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!
აფხაზებს კი, მივმართავ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს საერთო და ბევრიც სალაპარაკო. მე მზად ვარ რომ ჩავეხუტო აფხაზებს და ჩემი სათქმელი ვუთხრა მათ. ეს არ იყო ომი, ეს იყო ტრაგედია, სადაც არც ერთი ჩვენგანი არ არის დამნაშავე, ჩვენ გვყავს ერთი საერთო დიდი მტერი, მოვა დრო და ეს ყველაფერი არგუმენტებით გაჟღერდება და ამაში თვითონაც დარწმუნდებიან აფხაზები.