#საზოგადოება #SocialMedia

თიკა და გიორგი THE DIARY ORIGINALS-ის რუბრიკაში

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

სოციალური ქსელების მზარდ პოპულარობასთან ერთად, კონტენტკრეატორების რაოდენობაც იზრდება, თუმცა მათგან მხოლოდ ცოტას შეუძლია ხალხის ნდობა და სიყვარული მოიპოვოს. სწორედ ავთენტურობა და კრეატიულობა გამოარჩევს თიკა კურტანიძეს და გიორგი ნაჭყებიას, რომლებიც TikTok-სა და Instagram-ზე ათასობით ადამიანს აერთიანებენ. თიკა და გიორგი არა მხოლოდ ცხოვრების გზაზე, არამედ საქმიანობაშიც იდეალური პარტნიორები არიან. მათი კონტენტი საინტერესო და მრავალფეროვანი თემატიკით გამოირჩევა. თიკა თავის მოვლისა თუ მაკიაჟის შესახებ რჩევებითაა ცნობილი. ხოლო გიორგი ტექნოლოგიების სამყაროში საუკეთესო სიახლეებს გვაცნობს და სპორტის ვარსკვლავებთან ინტერვიუებით გვანებივრებს.

თიკა კურტანიძე, გიორგი ნაჭყებია, mandrein, tika kurtanidze

დღეს ისინი ჩვენი რუბრიკის The Diary Originals-ის სტუმრები არიან და მოგვიყვებიან, თუ როგორ აღმოჩნდნენ სოციალურ ქსელში, სადაც ხალხის სიყვარულთან ერთად ერთმანეთიც შეიძინეს.

სოციალურ ქსელებში გამოჩენამდე, რომელ პროფესიაში მოღვაწეობდით?

გიორგი: სამართალმცოდნე ვარ, ვმუშაობდი შესყიდვებში და ვიყავი იურისტი.

თიკა: მე გამოყენებითი ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიაში მაქვს ბაკალავრის ხარისხი, მომსახურების სფეროშიც მიმუშავია და სამედიცინო წარმომადგენელიც ვყოფილვარ. თუმცა სოციალურ ქსელებში აქტიური ყოველთვის ვიყავი და ჩემს ძმასთან ერთად YouTube-ზე ვიდეოების დადება დავიწყე, მაშინ ჯერ მხოლოდ 14 წლის ვიყავი. დღემდე მაქვს არხი, 30 000-ამდე გამომწერი მყავს.

როდის მიხვდით, რომ კონტენტის შექმნა თქვენი საყვარელი საქმიანობა იყო?

გიორგი: თიკა 14 წლიდან იუთუბერი იყო. მე კი ერთხელ, გართობის მიზნით, ვიდეო გადავიღე, რომელმაც 400 000 ნახვა დააგროვა. მაშინ ვიფიქრე – „რატომაც არა?“ – და კონტენტის შექმნა დავიწყე.

თიკა: ტიკ-ტოკზე აქტიურობა კოვიდის დროს დავიწყე. თავიდან არ მეგონა, რომ პროფესიად ჩამოყალიბდებოდა, უბრალოდ იყო ჰობი და დროის გასაყვანი საშუალება. ნელ-ნელა ჰობი პროფესიად გადაიქცა.

@tikakurtanidze გილოცავთ 2025 წელს 🥳🌟 #მაკიაჟი #სეფორა ♬ original sound - Tika Kurtanidze

ამ წლების განმავლობაში, როგორ შეიცვალა სოციალური ქსელები და მათი მეშვეობით სამყარო?

პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ კონკურენცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. მაშინ ასე ბევრი კონტენტ კრეატორი არ იყო, ეს პროფესია ჯერ არ განიხილებოდა სრულფასოვან სფეროდ. შემოსავლის ერთადერთი წყაროც მონეტიზაცია იყო, ისიც საკმაოდ დაბალი. დღეს კი მეტი შესაძლებლობა არსებობს, მაგალითად, ბრენდებთან და კომპანიებთან თანამშრომლობა.

მეორე მხრივ, შეიცვალა ფორმატიც. მაშინ უფრო გრძელ ვიდეოებს, ბლოგებს ვაქვეყნებდით. ტიკტოკის 30-წამიანი ვიდეოების პოპულარობის შემდეგ, საზოგადოება მოკლე კონტენტს მიეჩვია, რის შედეგადაც ყურადღებისა და კონცენტრაციის დონე საგრძნობლად შემცირდა

თიკა კურტანიძე, გიორგი ნაჭყებია, mandrein, tika kurtanidze

როგორ განსხვავდება სოციალური პლატფორმები ერთმანეთისგან?

თიკა: TikTok-ზე ძალიან სხვადასხვა თემატიკის ვიდეოს უყურებ, YouTube-ზე კი, როდესაც შედიხარ, ინტუიციურად არ გიწევს რაღაცების ყურება, თავიდანვე იცი რისი ნახვა გინდა. დღევანდელ დღეს ყველაფერი ალგორითმის დონეზეა დაყვანილი - მნიშვნელოვანია რას შეინახავ, ვის გადაუგზავნი, რამდენი ხანი გაჩერდები ერთ ვიდეოზე, რას დაალაიქებ. ინსტაგრამის დასახასიათებლად ალბათ ერთი სიტყვაც საკმარისია - „ესთეტიკა“. ტიკ-ტოკზე უფრო ჩართულობა და საუბრებია მნიშვნელოვანი.

@mandrein რომელია ყველაზე კარგი? 😅😅 @Tika Kurtanidze ♬ original sound - ManDREIN • მანდრეინი

როგორ არჩევთ ბრენდებს, რომლებთანაც თანამშრომლობა გსურთ?

თიკა: პირველ რიგში, ჩემთვის აუცილებელია, რომ პროდუქტი თავად მომწონდეს და პირადად მქონდეს დატესტილი. ბიოტექნოლოგიის ფესვებს არ ვივიწყებ – ყოველთვის ვამოწმებ შემადგენლობას. არსებობს გარკვეული ინგრედიენტები, მაგალითად, კანცეროგენები, რომლებიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ამიტომ მათ შემცველ პროდუქციას ვერასდროს გავუწევ რეკომენდაციას. მნიშვნელოვანია მორალური მხარეც – მეც და გიორგიც თავს ვიკავებთ ისეთი პროდუქციის რეკლამისგან, რომელიც შესაძლოა საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის.

გიორგი: როდესაც ტექნიკის პროდუქციის რეკლამის შემოთავაზებას ვიღებ, კვლევას ვიწყებ – ვამოწმებ მის ძლიერ და სუსტ მხარეებს. ჩემთვის მთავარია, ობიექტური ვიყო. ზოგადად, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას არაფერი უნდა მოახვიო თავს – პროდუქტი უბრალოდ უნდა შეაფასო, და თუ მოეწონებათ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას შეძენაზე.

როგორია თქვენი ერთი დღის რუტინა კონტენტზე მუშაობისას?

თიკა: ბევრს ჰგონია, რომ ეს ძალიან მარტივია, მაგრამ სინამდვილეში, თუნდაც წუთნახევრიან ვიდეოს დიდი შრომა სჭირდება. ყველაფერი იდეით იწყება, შემდეგ ვწერთ ქოფის, ვამუშავებთ სცენარს, შემდეგ კი გადაღებისა და მონტაჟის ეტაპი მოდის – ეს მრავალსაფეხურიანი პროცესია. ფაქტობრივად, ჩვენ ერთდროულად ვართ რეჟისორები, პროდიუსერები და ოპერატორები. როცა გიორგი და მე ერთად ვმუშაობთ, შეგვიძლია საქმე გადავინაწილოთ, რაც პროცესს ამარტივებს.

საქმიანობასა და პიროვნულ ზრდაში რამდენად ეხმარებით ერთმანეთს?

გიორგი: სანამ თიკას გავიცნობდი, ჩემი ვიდეოების ხარისხი არც ისე მაღალი იყო. თუ ჩემს კონტენტს დააკვირდებით, აშკარად ჩანს, როგორ უმჯობესდება ხარისხი მას შემდეგ, რაც თიკა გვერდით მყავს.

თიკა: ამ ურთიერთობის შემდეგ პიროვნულად და კარიერულად ძალიან გავიზარდეთ. თავიდან თავის მოვლის კონტენტი არ მქონდა, გიორგი სულ მეუბნებოდა, რომ ჩემი ცოდნის გამოყენება შემეძლო ამ საქმიანობაში.

თიკა კურტანიძე, გიორგი ნაჭყებია, mandrein, tika kurtanidze

კონტენტზე რომ ვსაუბრობთ, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია, გქონდეს კონკრეტული ნიშა, რომელსაც მიყვები შენს სოციალურ გვერდზე?

გიორგი: ვფიქრობ, დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიშა გქონდეს. უნდა დაიწყო იმით, რაც კარგად იცი, რაც გაინტერესებს და რისი კეთებაც გიყვარს. მაგალითად, თუ მიყვარს სპორტი და ტექნიკა, ბუნებრივია, რომ ამ თემებზე მთელი გულით ვლაპარაკობ.

თიკა: იმას დავამატებდი, რომ როდესაც ადამიანი ცნობადი ხდება, მასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემაც საინტერესო ხდება აუდიტორიისთვის.

მე ასეთი დევიზი მაქვს - რომ ყველაფერი კონტენტია.

ყოფილა შემთხვევა, რომ იმ ვიდეოს, რომელიც მეგონა არავის დააინტერესებდა, ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. მაგრამ საწყის ეტაპზე კარგია ერთ ნიშაზე დახვიდე, როდესაც რაღაც კონკრეტული შენ გიკავშირდება, უკვე ასოციაციას ქმნი ადამიანებში.

წარმოიდგინეთ რომ ერთი დღე უნდა გაცვალოთ თქვენი ტიკ-ტოკ გვერდები, როგორ ვიდეოებს გადაიღებდით?

გიორგი: ტრენდს - „გაემზადე ჩემთან ერთად“ გადავიღებდი და თიკას ვიდეო თუ არის 3 წუთიანი, ჩემი იქნებოდა 20 წამი, უბრალოდ მაისურს ჩავიცვამდი.

@tikakurtanidze

გაემზადეთ ჩემთან ერთად 🇮🇹🤌

♬ original sound - Tika Kurtanidze

თიკა: მე ალბათ გადავიღებდი ისეთ ვიდეოს, რომელშიც გიორგის პიროვნული მხარე ჩანს. მაგალითად „ჩემი საყვარელი მოწყობილობები 2024 წელს“, ან „საყვარელი ადგილები სადაც მიმოგზაურია“.

რა მოგცათ ყველაზე ძვირფასი ამ საქმიანობამ?

თიკა: ერთმანეთი. ამ სფეროში რომ არ ვყოფილიყავით ალბათ ვერ გავიცნობდით ერთმანეთს. ამის შემდგომ ხალხის სითბო, ყურადღება და ნდობაა.

თიკა კურტანიძე, გიორგი ნაჭყებია, mandrein, tika kurtanidze

უარყოფით კომენტარებს როგორ უმკლავდებით?

თიკა: ნელ-ნელა ხვდები, რომ პრობლემა შენში არ არის – ეს უფრო იმ ადამიანების პროექციაა შენზე. ცუდ კომენტარს კი ორ ნაწილად გავყოფდი: ერთია, როცა მასში სიმართლის მარცვალი დევს და შეიძლება გაითვალისწინო, ხოლო მეორე – როდესაც ეს უბრალოდ ცარიელი ზიზღია.

მთავარია, რომ გვესმოდეს It’s not about you, it’s about them.

@mandrein საუკეთესო წელი ჩემს ცხოვრებაში ❤️ გისურვებთ ულევ ბედნიერებას, წარმატებას, ჯანმრთელობას და ყველაფერ საუკეთესოს! @Tika Kurtanidze ♬ suara asli - zakye_muh

დასასრულს, იმ ადამიანს რას ეტყოდით, ვინც ახლა იწყებს კონტენტის შექმნას?

თიკა: უნდა აკეთოს ის რაც უყვარს. ვიდეოს გადაღების დროს წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მეგობარს ესაუბრები. არ უნდა დაიძაბო და იყო ავთენტური, ყველა ადამიანი ხვდება ვიდეოს პირველივე ნახვაზე რამდენად ხელოვნურია ადამიანი, ყოველთვის იგრძნობა ეს.

გიორგი: ყოველდღე უნდა იმუშაო და განვითარდე, ყოველი შემდეგი ვიდეო უკეთესი უნდა იყოს.

ზევით