ჰოლივუდში სიგამხდრის კულტი ბრუნდება
ჰოლივუდში Body Positivity-ს ერა დასრულდა, ახლა სიგამხდრის ახალი სტანდარტი „ბალეტის სხეული“ და Ozempic-ის ეპოქა პიკშია. ამ ტენდენციის საუკეთესო მაგალითი კი პოპ-ვარსკვლავი არიანა გრანდე გახლავთ.
ბალეტი ხშირად ზღაპრულ სამყაროსთან, სილამაზესა და სიმსუბუქესთან ასოცირდება. მაგრამ იშვიათად გვახსენდება, რა დგას ამ მომაჯადოებელი სანახაობის მიღმა. The Diary Originals-ის სტუმარი თათა ჯაშია – ბალერინა, რომელიც სცენაზე 8 წლიდან დგას. თათა ბერლინის სახელმწიფო ოპერაში ცეკვავდა, იქ მიღებული ტრავმის გამო კარიერაში 4 წლიანი შესვენება ჰქონდა, თუმცა ნელ-ნელა კვლავ დაუბრუნდა მწვერვალს და დღეს ის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის წევრია. ჩვენთან ინტერვიუში თათა გვიყვება, როგორია რეალობა სცენის ბრწყინვალების მიღმა და რისი გაღება უწევთ ბალერინებს პროფესიისთვის.
თათა, მართლაც ისეთი მძაფრია კონკურენცია ბალერინებს შორის, როგორც ხშირად ფილმებში ან სერიალებში ჩანს?
თათა: ცხადია, ფილმებში ამას უტრირებას უკეთებენ, თუმცა არის მომენტები, როდესაც ბალერინები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ცოტა ფეხსაც უდებენ. კონკურენცია ყველგან არის, უბრალოდ ბალეტში უფრო მაღლა დგას ვიდრე სხვა სფეროში.

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მცდარი სტერეოტიპი ბალერინებზე ან ზოგადად ბალეტის სამყაროზე?
თათა: ხალხს ჰგონია, რომ ბალერინები არ ვჭამთ. რეალურად კი, ძალიან კარგად და მსუყედ მივირთმევთ. რა თქმა უნდა, დიეტის დაცვაც გვიწევს, მაგრამ იმდენ ენერგიას ვხარჯავთ, რომ კუნთის გარეშე შეუძლებელია ამ დატვირთვას გაუძლო.
მეორე სტერეოტიპია, რომ ძალიან უშნო ფეხის თითები გვაქვს. ამაზე მინდა ვთქვა, რომ არც ეგრე ცუდად არის საქმე.
ის მოსაზრება კი, რომ ჩვენი ცხოვრება მთლიანად ბალეტის გარშემო ტრიალებს და სამყაროს ცოტა მოწყვეტილები ვართ, ვაღიარებ, რომ მართალია.

თითქოს ბალეტის თანმდევი თვისებაა პერფექციონიზმი. როგორ ინარჩუნებთ თვითშეფასებას ასეთ მკაცრ გარემოში?
თათა: ბალერინები ყველას ქედმაღალი და ამაყი ადამიანები ვგონივართ, რეალურად კი ხშირად გვეპარება ჩვენს თავში ეჭვი. ჩვენ გვყავს პედაგოგები, რომლებიც მუდმივად შენიშვნას გვაძლევენ, გვეუბნებიან რომ რაღაც უნდა შევცვალოთ. ამიტომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვერასდროს ხარ.
მე სულ მეპარება ეჭვი, რომ სათანადოდ გამხდარი არ ვარ, სათანადოდ ვერ ავწიე ფეხი, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე.
პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება ბავშვობიდანვე უყალიბდებათ ბალერინებს, შესაბამისად არასდროს ვართ ჩვენი თავით კმაყოფილი.

ბალეტი დიდ ფიზიკურ დისციპლინას მოითხოვს. თქვენ როგორ აბალანსებთ ამ დატვირთვას?
თათა: არ ვიცი ბალანსს ვპოულობ თუ არა. დიდი ფიზიკური დატვირთვა მაქვს. არ ვამაყობ ამით, მაგრამ ხშირად მიცეკვია ტრავმით. ვიცი, რომ არ უნდა გავსულიყავი სცენაზე, მაგრამ არ შემიძლია საქმეზე უარი ვთქვა, რადგან მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც დავთმე.
ხშირად მიცეკვია ტკივილით, სიცხით, ნაღრძობი ფეხით.
არ ვფიქრობ, რომ მოცეკვავე ასე უნდა მოიქცეს, პირიქით ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეს.

რამდენად მტკივნეული იყო კარიერული წყვეტა, როცა დედა გახდით?
თათა: როდესაც ორსულად ვიყავი, ძალიან განვიცდიდი ამას და მეგონა, რომ დიდ დროს დავკარგავდი ჩემს პროფესიაში, მაგრამ როდესაც ბავშვი შემეძინა, სამყარო ამოყირავდა და მივხვდი, რომ ბალეტმა მეორე ადგილას გადაინაცვლა. იმ წამიდან ყველაფერი შეიცვალა და ახლა პირველ ადგილას შვილი დგას. არაფერზე მინერვიულია ან მიდარდია, იმდენად მნიშვნელოვანი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

როგორც ვიცით, ბალერინობას ასაკობრივი ზღვარი აქვს. თქვენ ფიქრობთ კარიერის შემდგომ გეგმებზე?
თათა: კი, ბალეტს აქვს თავისი ასაკი. საშუალოდ 40 წლიდან ზოგი უკანა ფონზე გადადის და იქ ცეკვავს, ზოგი კარიერას ასრულებს, ზოგი უფრო ადრეც მიდის. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და ფორმასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ვცეკვავ, სამომავლოდ, შეიძლება ამ სფეროშივე დავრჩე, თუმცა სხვა ამპლუაში. ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული.

ერთი დღის შეცვლა რომ შეგეძლოთ თქვენს ცხოვრებაში, იქნება თუ არა ის დღე, როდესაც ბალეტზე შეხვედით?
თათა: ბევრჯერ მიფიქრია და მინატრია, ნეტა ბალეტზე არ შევსულიყავი-მეთქი. ბევრი ტკივილის გადატანა გიწევს, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური. რომ არ შემყვარებოდა ბალეტი, ალბათ სხვაგან ვიმუშავებდი და თითქოს ყველაფერი მარტივად იქნებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და იმ სფეროს ვემსახურები, რაც ბოლომდე ჩემია.

უახლოესი მომავლის გეგმები როგორია?
თათა: საბალეტო სეზონი აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში იწყება და წელს ჩვენი სეზონი დატვირთულია. გამოსვლისთანავე წავედით სინგაპურში და წარმატებული გასტროლი გვქონდა, შემდეგ ტაილანდში ვიყავით და ახლა ირლანდიაში მივდივართ.
Cover Photo: nangigo