15 იანვარს საქართველო იფიცება

15 იანვარს, 15:00 საათზე, კომპანიები და ობიექტები მუშაობას შეწყვეტენ და მომხმარებლებთან ერთად პროტესტის ნიშნად გაიფიცებიან. ორგანიზატორების თქმით, ეს აქცია ნათლად აჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს, თუ ქვეყანა იმ კურსით გააგრძელებს სვლას, რომელიც ამჟამად აქვს აღებული. გაფიცვა იქნება იმის სიმბოლური დემონსტრაცია, თუ რა შედეგებს მოიტანს მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი ბიზნესების შეფერხება და ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია.

იფიცება საქართველო

გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. პროტესტის მონაწილეები კვლავ მოითხოვენ: ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და აქციების დროს დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ამასთან, პროტესტის მონაწილეები მსხვილ კომპანიებს მოუწოდებენ, უზრუნველყონ, რომ გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლებს სამსახურში პრობლემა არ შეექმნათ. ამ მოთხოვნაზე საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაფიცულებს არ შეექმნებათ პრობლემები, თუმცა ბანკის მუშაობის შეჩერება შეუძლებელია, რადგან ეს დამაზიანებელი იქნება.

ჯერჯერობით ცნობილია, რომ 130-მდე კომპანია ხვალ გაიფიცება. მათ შორის არიან: სააფთიაქო ქსელი PSP, საქართველოს უნივერსიტეტი, „ფაბრიკას“ რეზიდენტები, „8000 მოსავალი“, გამომცემლობა „პალიტრა L“, სულაკაურის გამომცემლობა, „მზიური“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ სია მუდმივად იზრდება.

„საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა – ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. ამიტომ იმის მიუხედავად თუ სად მუშაობ, ბიზნესის მფლობელი ხარ, მენეჯერი თუ დასაქმებული – შემოგვიერთდი! იფიცება საქართველო!“ - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

ზევით