რა ვაჩუქოთ GEN Z-ის
ეძებთ საუკეთესო საჩუქარს Gen Z-ისთვის? ჩვენ უნიკალური, ტრენდული და თაობას ზისთვის იდეალური საჩუქრების სია მოგიმზადეთ!
| ნინუცა მაისურაძე |
მოდით, ქრონოლოგიურად მივყვეთ. ბევრი ვიცადეთ, თუ ცოტა, გასულ წლებში მიძინებული რაგბის გულშემატკივრებისთვის ბორჯღალოსნების “დიდი დაბრუნება” წლევანდელ ზაფხულში შედგა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრულიად ერი და ბერი ბათუმში, “აჭარაბეთ არენაზე” შეყარა და არც მეტი, არც ნაკლები იტალიის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 28:19 დაამარცხა.
ბათუმისა და ქუთაისის მოვლის შემდეგ, დინამო არენას ჯერია. ნოემბრის ტესტ-მატჩები ურუგვაის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყო. როგორც სარაგბო სამყაროში წინასწარმეტყველებდნენ, ბორჯღალოსნებმა საკმაოდ მოძლიერებული მეტოქე ანგარიშით 34:18 დაამარცხეს.
სარაგბო “ოსკარი” რომ არსებობდეს, ამჯერად ბექა გორგაძეს გადავცემდით. 26 წლის ბორჯღალოსანმა სამი ლელო პირველივე ტაიმში გაიტანა. ეროვნული ნაკრებისთვის კი ურუგვაისთან 7 შეხვედრიდან ეს უკანასკნელი მე-5-ე მოგება გახლდათ.
12 ნოემბრამდეც მოვედით… შაბათს, დინამო არენაზე ბორჯღალოსნები სამოას ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან. რაგბიში ჩვენზე მეტად გარკვეულების თქმით “მეტოქეს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა იტალიასთან თავი ვერ წარმოაჩინა და ჩვენთან ეცდება სიტუაციის გაუმჯობესებას”.
ცნობილია ნაკრების შემადგენლობაც. ურუგვაისთან მატჩის შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა სამოასთან შეხვედრისთვის სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა.
გულის ფრიალი სრულიად ნორმალური მოვლენაა, როდესაც საქმე ბორჯღალოსნების მომავალ თამაშს ეხება. სამოას ნაკრებთან შეხვედრას კი ნერვიულობის გარეშე ვერ ჩავატარებთ. ჩვენს ბორჯღალოსნებს ეს უკანასკნელი 3-ჯერ ჰყავთ დამარცხებული, ერთი შეხვედრა ფრედ, ხოლო 2 მატჩი საქართველოს დამარცხებით დასრულდა. ცოტა ხნის წინ სამოას ეროვნულმა ნაკრებმა ფიჯი დაამარცხა და წყნარი ოკეანის თასიც მოიგო, ამიტომ შეხვედრის მსვლელობისას გადაჯვარედინებული თითებით არა ერთ მომენტს ჩავატარებთ.
ჰოდა, ჩვენც, რაგბის გულწრფელ გულშემატკივრებს მნიშვნელოვანი მისია გვაკისრია! ვინერვიულოთ, ვუგულშემატკივროთ და თამაშის შედეგს ყველაფრისადა მიუხედავად თავაწეულები შევხვდეთ (გამარჯვების შემთხვევაში კიდევ უფრო ამაყად თავაწეულები)!