მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა

2025 წლის 16 დეკემბერს, სტრასბურგში, ევროპის პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერდა სიტყვა, რომელიც ქართველი ქალის სიმამაცითა და თავისუფლების დაუოკებელი სურვილით იყო გაჟღენთილი. ეს სიტყვა მზია ამაღლობელს ეკუთვნოდა – საქართველოს უახლესი ისტორიის პირველ ქალ პოლიტპატიმარს და უკვე ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს, ანდრეი სახაროვის სახელობის პრემიის მფლობელს.

სახაროვის პრემია, მზია ამაღლობელი, ირმა დიმიტრიძე, რობერტა მეცოლა, ანდჟეი პოჩობუტი, იანა პოჩობუტი. 
ირმა დიმიტრიძე, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ანდჟეი პოჩობუტი შვილი იანა პოჩობუტი. 

მასთან ერთად დაჯილდოვდა ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი, რომელსაც 2021 წელს ლუკაშენკოს რეჟიმის კრიტიკისთვის რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

სახაროვის პრემია 1988 წელს დაწესდა და იმ ადამიანების აღიარებას ემსახურება, რომლებიც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას საკუთარი უსაფრთხოების ფასად იცავენ. სწორედ ასეთია მზია ამაღლობელიც – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, რომელიც 2025 წლის იანვარში, საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და მოგვიანებით ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სახაროვის პრემია, მზია ამაღლობელი, ანდჟეი პოჩობუტი

ევროპარლამენტმა მისი დაკავება არაერთხელ დაგმო, მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა და „ქართული ოცნების“ მთავრობის დამოუკიდებელ მედიაზე სისტემური ზეწოლა გააკრიტიკა.

სტრასბურგში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე მზია ამაღლობელის სიტყვა მისმა კოლეგამ, ირმა დიმიტრიძემ წაიკითხა.

„იბრძოლეთ ჩვენთან ერთად და ჩვენთვის. იბრძოლეთ ისე, როგორც საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლებდით. მე მჯერა თავისუფალი, დემოკრატიული და ძლიერი ევროპის“, – წერს მზია ამაღლობელი. 

სახაროვის პრემია, მზია ამაღლობელი, ანდჟეი პოჩობუტი

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც, რომლის თქმითაც „მზია ამაღლობელი და ანდჟეი პოჩობუტი სიმამაცისა და გმირობის განსახიერებები არიან“.

„ეს პრიზი მათთვისაა. მათი ხმა კვლავაც ისმის მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, მათი გაჩუმების ყველა მცდელობის მიუხედავად“, – რობერტა მეცოლა.

რობერტა მეცოლამ პროტესტში ჩართულ ქართველ ხალხსაც მიმართა: „მივმართავ ყველა იმ ქართველს, რომლებიც თავიანთ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, ეს პარლამენტი მტკიცედ დგას თქვენ გვერდით და ჩვენ ამას ვადასტურებთ ჩვენს რეზოლუციებში, ჩვენს განცხადებებში, იმ საქმიანობაში, რომელსაც ვახორციელებთ იმისათვის, რომ საქართველო ევროპასთან რაც შეიძლება ახლოს იყოს, როგორც ის და მისი ხალხი იმსახურებს“.

სახაროვის პრემია მხოლოდ ჯილდო არ არის, პოლიტიკური გზავნილია. მისი მფლობელები არიან თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი: ნელსონ მანდელა, მალალა უსუფზაი, ალექსეი ნავალნი, უკრაინის ხალხი და ჯინა მაჰსა ამინი.

დღეს კი ამ სიას ორი ახალი სახელი შეემატა: მზია ამაღლობელი და ანდჟეი პოჩობუტი – ჟურნალისტები, რომელთა ხმებს ციხის კედლებიც ვერ ახშობს.

ზევით