რა ვაჩუქოთ GEN Z-ის
ეძებთ საუკეთესო საჩუქარს Gen Z-ისთვის? ჩვენ უნიკალური, ტრენდული და თაობას ზისთვის იდეალური საჩუქრების სია მოგიმზადეთ!
| ნინა სიმსივე |
რომ გკითხოთ, 2024 წელს საქართველოში მომხდარი მოვლენებიდან პირველი რომელი გახსენდებათო, რას მიპასუხებდით? ჩემსავით, თქვენც ალბათ ქაოსი დაგეწყებათ თავში. ფერების გრადაციები ერთბაშად აგაფეთქებთ, ემოციების ზღვა მოგაწვებათ და, ბოლოს, ალბათ მაინც გაგიჭირდებათ ერთი კონკრეტულის გამორჩევა.
ეს წელი მართლაც გამორჩეული იყო. უამრავმა მოვლენამ დაგვამახსოვრა თავი და ბევრი რამეც ვისწავლეთ. მოდით, თანმიმდევრულად გავიხსენოთ მთავარი ფაქტები, განვიხილოთ მათი მნიშვნელობა და გავიგოთ, როგორი გავლენა მოახდინეს ჩვენზე.
მიდის სანახავად
2024 წლის პირველი ნახევრის დასათაურება რომ შეიძლებოდეს, „მიდის სანახავად“-ს დავარქმევდი. ეს იყო ისტორიული გამარჯვების წელი. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, 34 წლის შემდეგ, პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. მარტის თვე სიხარულის, სიყვარულის, ჩახუტებისა და საერთო ბედნიერების განსახიერებად იქცა.
მე დავინახე გაერთიანებული საქართველო – ერი, რომელსაც ერთმანეთი უყვარს და ეამაყება. ფეხბურთმა შეძლო ის, რაც ხშირად შეუძლებლად მიგვაჩნია: გაგვაერთიანა. სხვანაირად შეგვაყვარა ჰიმნი და დროშა, სხვანაირად შეგვაყვარა თვითონ საქართველო. გულზე ხელის დადებით, მთელი თავგანწირვით ვმღეროდით „ჩემი ხატია სამშობლო“-ს, და მხურვალედ ვეხვეოდით ჩვენს დროშას. ეს იყო ნამდვილი, გულწრფელი სიყვარული – ისეთი, რომელიც ყალბი და მოჩვენებითი ვერასდროს იქნება.
არა რუსულ კანონს
იმ დღიდან, დროშა ხელიდან აღარ გაგვიშვია. სიხარულის, სევდის თუ ბრაზის დროს ის მუდამ ჩვენთან იყო, ჩვენს ემოციებს იზიარებდა. ჩვენი სიხარულგამოვლილი დროშები ბრძოლის სიმბოლოებად იქცა. თუმცა, ერს ბედნიერება დიდხანს არ დაგვცალდა. „მიდის სანახავად“ ლოზუნგმა „არა რუსულ კანონს“ ჩაანაცვლა. მაშინ მივხვდით, რომ მოგვატყუეს. დანაპირები აღარ შესრულდა, და რუსული კანონი კიდევ ერთხელ „შემოგვთავაზეს“.
იმის მერე რუსთაველის გამზირი ქართველი ხალხის მეორე სახლად იქცა. კანონი მიიღეს. დემოკრატია კიდევ ერთხელ სასიკვდილოდ დაჭრეს, ხოლო საქართველოს ევროპული მომავალი სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა. კანონი მასობრივი გამოსვლების და მსვლელობების ფონზე მიიღეს. მშვიდობიან მოქალაქეებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა დაიწყო, რასაც მასობრივი დაჭერები მოჰყვა. 15 აპრილიდან მოყოლებული, 200-ზე მეტი აქციის მონაწილე დააკავეს.
აპრილი
კიდევ კარგი, რომ ამდენი აგრესიისა და რთული მოვლენების ფონზე კარგი ამბებიც მოხდა. ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ახალმა ნამუშევარმა – „აპრილი“ ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ქართველმა მსახიობებმა მსოფლიოს თავიანთი თავი გააცნეს. ფილმი მთავარ საკონკურსო სექციაში, 21 ნამუშევარს შორის მოხვდა. „აპრილი“ ქართული კინოს თანამედროვე ტალღის მნიშვნელოვან ნამუშევარს წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო სცენაზე ქართული კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
ოლიმპიური ჩემპიონები პარლამენტში
2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა. ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიადა 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია. განსაკუთრებული წარმატებით იასპარეზეს ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ.
თუმცა, მათი სპორტული თავგადასავლები, როგორც ჩანს, ამით არ დასრულებულა. ორი მათგანი მალევე „ქართული ოცნების“ პარტიის რიგებში გამოჩნდა.
გაჟონა
2024 წლის 26 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც დღე, როცა არჩევანმა გაჟონა. არჩევნების სიმბოლოდ თეთრ ფურცელზე დასმული შავი წრე იქცა. ამ არჩევნებისადმი მიძღვნილმა კამპანიამ მსოფლიო აალაპარაკა, თუმცა არა დადებითი მიზეზებით.
პარტია ბანერებით საუბრობდა: „ომი თუ მშვიდობა?“ ომს თან ახლდა რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბილი ტაძრებისა და ინფრასტრუქტურის გამოსახულებები. ამ კამპანიამ ბევრი გააღიზიანა, თუმცა ზოგზე შთაბეჭდილებაც მოახდინა. „ქართულმა ოცნებამ“ ისევ გაიმარჯვა, მაგრამ არჩევნებზე დაფიქსირდა დარღვევები, რომლებიც კადრებში აშკარად ჩანს. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ დარღვევების არსებობას არ აღიარებს.
გადახვევა კონსტიტუციიდან
პარტიამ "ქართული ოცნება" გადაწყვიტა, ევროკავშირის გზიდან რადიკალურად გადაეხვია. 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები დღის წესრიგიდან მოიხსნა. ამ განცხადებას ხალხის უწყვეტი პროტესტი მოჰყვა. განცხადების მოსმენისთანავე, მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ – დაუგეგმავად და განსაკუთრებული მოწვევების გარეშე. ნაწყენი და მოტყუებული ადამიანები პარლამენტის წინ მივიდნენ, იქ, სადაც ისტორიული იდეები გაჟღერებულა და ისტორიული მოვლენები მომხდარა.
მშვიდობიან პროტესტანტებს სამართალდამცავები ყოველდღიურად არაადამიანურად და სრულიად კანონების დარღვევით უსწორდებიან. მასშტაბური დაჭერები, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. ძალადობენ ყველას მიმართ – ჟურნალისტებზე, ექიმებზე, ცნობილ თუ უცნობ მოქალაქეებზე.
დემონსტრანტები ითხოვენ უდანაშაულო ადამიანების გათავისუფლებას და ახალ, კანონიერ არჩევნებს!
სანქციები, სანქციები და სანქციები!
ამერიკა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას სანქციებს უწესებენ. მათ იმედი აქვთ, რომ ეს ნაბიჯი მათ შეაშინებს და შეაჩერებს.
ქართველი ხალხისთვის ეს სანქციები საახალწლო საჩუქრად და მომავლის რწმენად იქცა.
კიდევ ერთი გამარჯვება
ამ ყველაფრის ფონზე, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ეს არ არის მხოლოდ იურიდიული გადაწყვეტილება – ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო რუსეთის პასუხისმგებლობის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება.
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლოს თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთრების უფლების დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რადგან სწორედ რუსეთი ახორციელებს ამ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს. ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის თანახმად საქართველოს განუყოფელი ნაწილია. თუმცა, უკვე ათწლეულებია, საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს ამ ტერიტორიაზე სრულ კონტროლს, რაც რუსეთის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩარევის შედეგია.
სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება ახალი იმედის ნაპერწკალია ქართველი ხალხისთვის. ეს გვიჩვენებს, რომ სამართლიანობა ჩვენს მხარესაა, ხოლო დეოკუპაციისკენ მიმავალი გზა – ერთობითა და ძალისხმევით – არც ისე შორია!
მომავლის სურვილები
ნათქვამია, ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილები სრულდებაო, ამიტომ ნუ გაფანტავთ სურვილებს და ქვეყნისთვის ყველაფერი საუკეთესო ჩაიფიქრეთ. მე გისურვებთ, რომ 2025 წელი იქცეს იმ წლად, როდესაც მივაღწევთ ამდენი ხნის ნანატრ სიმშვიდესა და თავისუფლებას. გისურვებთ ჰარმონიას, ერთიანობას და ძალას. დაე, კიდევ ბევრჯერ გვიხაროდეს და ბედნიერების ცრემლებით ვზეიმობდეთ გამარჯვებებს!