რა ვაჩუქოთ GEN Z-ის
ეძებთ საუკეთესო საჩუქარს Gen Z-ისთვის? ჩვენ უნიკალური, ტრენდული და თაობას ზისთვის იდეალური საჩუქრების სია მოგიმზადეთ!
ორ თვეზე მეტია, საქართველოში საპროტესტო მოძრაობა არ წყდება. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქალების როლი განსაკუთრებულია. ისინი არ უშინდებიან სპეცრაზმელებს, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს, შიმშილობენ უსამართლობის წინააღმდეგ და გისოსებს მიღმაც ყველაზე თავისუფლები რჩებიან.
ამ პროტესტის კადრებმა მსოფლიო მოიარა და აჩვენა, რომ ქართველი ქალების ხმას ვერცერთი ტოტალიტარული რეჟიმი ვერ დაადუმებს.
რთულია გამოარჩიო ის ქალები, რომლებიც ყველაზე აქტიურად მონაწილეობენ პროტესტში, რადგან ასეთი უამრავია. ყოველ კვირას იმართება ქალთა, დედების, თუ ემიგრანტი ქალების შვილების მარშები და უკვე 23 დღეა, რაც უსამართლოდ დატყვევებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი შიმშილობს.
დღეს პროევროპული აქციების ორ გმირზე მოგიყვებით, რომლებიც უკვე იქცნენ ქართველი ქალის შეუპოვრობის სიმბოლოდ.
სალომე კენჭიაშვილი პირველად საზოგადოებამ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციაზე გაიცნო, როდესაც წყლის ჭავლზე მოხტუნავე წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. მისი სახე ზუსტად ასახავდა ქართველი ქალის ისტორიულ ბრძოლისუნარიანობას.
„ქართველი ქალი აპროტესტებს ბევრნაირად. როდესაც უსამართლობას გრძნობ, შიშის მიუხედავად მაინც მიდიხარ და აპროტესტებ, იმიტომ რომ იცი, ახლა თუ არ გააპროტესტებ, მერე ვეღარაფერს გახდები . ქართველ ქალს არ ეშინია, მიდის წინ და ამბობს თავის სათქმელს“, – ამბობს სალომე ჩვენთან ინტერვიუში.
იმ დღის შემდეგ სალომეს კადრებმა მთელი საქართველო მოიარა. გავიგეთ, რომ ის მხოლოდ 16 წლის იყო და დღეს უკვე ვიცით, რომ სამოქალაქო აქტივისტობის გარდა, სპორტსმენი და საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი გახლავთ. იმ დღეს სალომე „ახალი ისტორიის დასაწყისს უწოდებს".
„იმ მომენტში ახალი ისტორია დაიწერა. მანამდე ახალგაზრდები თუ არ გამოდიოდნენ პროტესტზე, მაგ დღეს ეს შეიცვალა და ჩვენ გავიმარჯვეთ, ვეღარ დაგვშალეს, ისე როგორც ადრე. კიდევ ბევრი გამარჯვება გველის წინ“, - სალომე.
კიდევ ერთი აქტივისტი, რომელიც პროტესტის სახედ იქცა, ანა ყაულაშვილია. ანას საზოგადოების ნაწილი სოციალური ქსელებიდან იცნობს. ის TikTok გვერდზე გემრიელი კერძების რეცეპტებს გვიზიარებს, ხოლო მიმდინარე მოვლენების ფონზე, მისი კონტენტის დიდი ნაწილი სოციალურმა და პოლიტიკურმა თემებმა მოიცვა.
საპროტესტო აქციების შემდეგ კი ანა ცნობილი გახდა კადრით, სადაც ჩანს სპეცრაზმის წინ, მწვავე ზონაში, საქართველოს დროშას როგორ აფრიალებს.
მისი სიმბოლური ქმედება იმ ღამეს უამრავი ადამიანისთვის ბიძგის მიმცემი გახდა, თავადაც გაბედულად გამოსულიყვნენ ქუჩაში. „ქართველი ქალი აპროტესტებს ისე, როგორც აპროტესტებდა საუკუნეების განმავლობაში. ჩვენ გვიყვებოდნენ, თუ როგორი იყო ქართველი ქალების პროტესტი, მაგრამ ახლა ამას საკუთარი თვალით ვხედავთ – ქალები არაფერს უშინდებიან, ზუსტად ისე მიდიან წინ, როგორც წავიდოდნენ იმ შემთხვევაში, ათჯერ მეტი ძალა რომ ჰქონდეთ“, – ამბობს ანა ჩვენთან საუბრისას.
„ბევრჯერ შეგვხვდა სიტუაცია, სადაც ქალების სიმშვიდე იყო საჭირო. როცა პროვოკატორები მოდიან, მამაკაცებს ხშირად აგრესია უჩნდებათ, ხოლო ქალები სიტუაციას ამშვიდებენ“, – აღნიშნავს ანა. ეს არა მხოლოდ მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტის აღმოჩენა, არამედ ისტორიული ფაქტია – ქალები მუდამ იყვნენ მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტები.
ქართველი ქალები ყოველთვის იბრძოდნენ. ყველას გვახსოვს ისტორიული ხანის ძლიერი დედოფლები, რომლებიც სამშობლოსთვის თავს სწირავდნენ, გვახსოვს საბჭოთა ეპოქის მებრძოლი ქალები, რომლებიც რეპრესიებმა იმსხვერპლა, დამოუკიდებელი საქართველოს ქალებიც გვახსოვს, რომლებიც რევოლუციებსა და პროტესტებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, არავის დავიწყებია 9 აპრილის გმირები, მათ შორის 17 დაღუპული ქალი. მათი სულიერი მემკვიდრეები დღეს ისევ დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძვიან. ისინი პირველად არ დგანან თავისუფლების სადარაჯოზე და ალბათ, არც უკანასკნელად.
„ქალები ყოველთვის იბრძოდნენ და იგებდნენ ამ ბრძოლას. ყველა დაწყებული საქმე გამოუვიდათ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენც გავიმარჯვებთ“, – ამბობს სალომე.
ქალი ამ ბრძოლაში არა მხოლოდ სიმბოლური ფიგურა, არამედ რეალური ძალაა, რომელიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. დღეს მათი ხმა მთელმა მსოფლიომ გაიგო. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქალების ხმა საკუთარ ქვეყანაში ყველაზე ხმამაღლა ისმის. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი რეალობა – ეს არის ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და აძლიერებს ქართველობას, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ერის სახეს.
ილუსტრაციები: littlerockstaaaaaar