#კინო

„პაპის კონკლავი“ - ქართველი მსახიობის კიდევ ერთი წარმატება

გაზიარება:

ედვარდ ბერგერის თრილერი „პაპის კონკლავი“ რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება და ვატიკანში ახალი პაპის არჩევის პროცესს აღწერს. ფილმი მოგვითხრობს კარდინალ ლოურენსის ისტორიას, რომელსაც დაევალა ამ პროცესის წარმართვა. თუმცა, მოვლენების განვითარებასთან ერთად, ის აღმოჩნდება შეთქმულების ცენტრში, რომელსაც შეუძლია კათოლიკური ეკლესიის საფუძვლები შეარყიოს.

კარდინალ ლოურენსის როლს რალფ ფაინსი ასრულებს, ხოლო სხვა მნიშვნელოვან როლებში ვხედავთ სტენლი ტუჩის, იზაბელა როსელინის და, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, ქართველ მსახიობ მერაბ ნინიძეს. მისთვის ეს ფილმი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო კინომატოგრაფიაში. მისი პროფესიონალიზმი აღიარებულია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ამერიკაშიც.

მერაბ ნინიზე, კონკლავი, merab ninidze, conclave

„პაპის კონკლავი“ არა მხოლოდ რელიგიურ თემატიკას შეეხება. ის ასახავს თანამედროვე ძალაუფლების დინამიკას, ლიდერობის პროცესთან დაკავშირებულ სირთულეებს და იმას, თუ რამდენად პოლიტიზებულია ეკლესიური ინსტიტუტები. ფილმი გვიჩვენებს, როგორ არის დაკავშირებული ეკლესიის შიდა პოლიტიკა გლობალურ ინტერესებთან და როგორ მიმდინარეობს ძალაუფლებისთვის ბრძოლა იმ ინსტიტუციაში, სადაც გარეგნულად სიმშვიდე უნდა სუფევდეს. ასევე, ფილმი ასახავს კარდინალების დილემას – როგორ იღებენ ისინი გადაწყვეტილებებს პირადი სინდისისა და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით.

ფილმი გამოირჩევა რეჟისორული ხედვის სიღრმით. ედვარდ ბერგერი, რომელიც ცნობილია ფილმით All Quiet on the Western Front, „პაპის კონკლავშიც“ ოსტატურად გადმოსცემს დაძაბულობასა და ფარული ინტრიგების სამყაროს. ფილმის ვიზუალური სტილი შთამბეჭდავია – ვატიკანის ინტერიერები, ჩრდილებით გაჯერებული სცენები და სიმბოლიზმით დატვირთული კადრები ქმნის მისტიკურ ატმოსფეროს.

conclave, movie, პაპის კონკლავი

ფილმს კრიტიკოსები მაღალ შეფასებებს აძლევენ, განსაკუთრებით მსახიობების შესრულებისთვის, რეჟისურისთვის და პოლიტიკური სიმბოლიზმისთვის. „პაპის კონკლავმა“ კინოდაჯილდოებებზე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. 2025 წლის „ოქროს გლობუსის“ 82-ე ცერემონიაზე პიტერ სტრაუგანმა ამ ფილმისთვის საუკეთესო სცენარის ჯილდო მიიღო. გარდა ამისა, ფილმი ნომინირებულია „ოსკარზე“ რამდენიმე კატეგორიაში, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციებში. მთავარ როლში რალფ ფაინსი წარდგენილია საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში, ხოლო იზაბელა როსელინი – საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ნომინაციაში. კინოდაჯილდოების გამარჯვებულები 3 მარტს გახდება ცნობილი.

Critics' Choice Awards-ის 30-ე დაჯილდოებაზე, რომელიც 2025 წლის 7 თებერვალს გაიმართა, ფილმმა მიიღო ჯილდო "საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის". Conclave-ის დასს, მათ შორის მერაბ ნინიძეს, Critics' Choice Awards-ის ჯილდო გადაეცა. მერაბ ნინიძის საერთაშორისო აღიარება ევროპისა და ამერიკის კინოინდუსტრიაში კიდევ უფრო მყარდება, რაც ქართველი კინოსთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა.

ზევით