რა ვაჩუქოთ GEN Z-ის
ეძებთ საუკეთესო საჩუქარს Gen Z-ისთვის? ჩვენ უნიკალური, ტრენდული და თაობას ზისთვის იდეალური საჩუქრების სია მოგიმზადეთ!
წელს რაგბის ქართველ გულშემატკივარს მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების გარდა, დამატებით 7 მატჩის გულშემატკივრობა მოუწევს. ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი სამ შეხვედრაში მთავარი არბიტრი, ხოლო ოთხ თამაშზე პირველი ასისტენტი იქნება. 1987 წლიდან მოყოლებული რაგბის მსოფლიო თასი მეათედ ტარდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩემპიონატზე მსაჯობა ტიერ 2 სარაგბო ქვეყნის წარმომადგენელს ხვდა წილად.
„მსურს ვიყო სამსაჯო გუნდის ძალიან დადებითი ნაწილი, იმიტომ, რომ როდესაც კრიტიკა და წნეხი წამოვა და დამიჯერეთ, უეჭველად წამოვა, მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელსაც დაეყრდნობიან, ვისი იმედიც ექნებათ“
მთლიანობაში, მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ნიკა ამაშუკელი 7 შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ქართველი არბიტრი ირლანდია-რუმინეთის, ინგლისი - იაპონიისა და ავსტრალია - პორტუგალიის შეხვედრების მთავარი მსაჯის სტატუსით წარდგება, ხოლო შოტლანდია - სამხრეთ აფრიკის, არგენტინა - სამოას , შოტლანდია - ტონგასა და ინგლისი - სამოას მატჩებს კიდიდან მოემსახურება. ამაშუკელის დებიუტი 9 სექტემბერს, ბორდოში, ირლანდიასა და რუმინეთს შორის შეხვედრაზე შედგება.
ჯერ კიდევ გაზაფხულზე, ნიკამ The Diary-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და მოლოდინები გაგვანდო.
ნიკა: - ჩემი მოლოდინი და გეგმა ისაა, რომ ვიყო ძალიან დადებითი მსოფლიო ჩემპიონატზე. მსურს ვიყო სამსაჯო გუნდის ძალიან დადებითი ნაწილი, იმიტომ, რომ როდესაც კრიტიკა და წნეხი წამოვა და დამიჯერეთ, უეჭველად წამოვა, მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელსაც დაეყრდნობიან, ვისი იმედიც ექნებათ. ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც ბევრს ვმუშაობ და ვაპირებ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი საუკეთესო ვერსია წარმოვაჩინო, რადგან ფიზიკური მზაობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე ცნობილია იმ არბიტრების ვინაობა, რომლებიც საქართველოს ნაკრების შეხვედრებს განსჯიან. ავსტრალია-საქართველოს შეხვედრაზე მთავარი მსაჯი ლუკ პირსი იქნება; საქართველო-პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრას პოლ უილიამსი განსჯის; ფიჯი - საქართველოს მატჩზე კარლ დიქსონი იმსაჯებს, ხოლო უელსისა და საქართველოს შეხვედრის მთავარი არბიტრი მათიუ რეინალი იქნება. შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.