#კინო #პოლიტიკა

ოსკაროსანი ფილმი „Mr Nobody Against Putin“ რუსულ პროპაგანდაზე

გაზიარება:

2026 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი დიდი გამოხმაურება არა ჰოლივუდურმა ფილმა, არამედ დოკუმენტურმა კინომ დაიმსახურა. „Mr Nobody Against Putin“ ჰოლივუდური ისტორია არ არის, ეს არის ამბავი პატარა რუსული ქალაქის სკოლის ვიდეოოპერატორზე, რომელსაც პუტინის რეჟიმმა მიმართა პროპაგანდისთვის.

პაველ ტალანკინი სკოლაში ვიდეოოპერატორად მუშაობდა. მისი მოვალეობა იყო გაკვეთილების, სასკოლო ღონისძიებებისა და ადმინისტრაციის სხდომების გადაღება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სკოლამ ზემდგომი ორგანოებიდან მიიღო ახალი განკარგულებები. ადმინისტრაციას დაევალა, რომ სასწავლო პროცესში გაძლიერებულიყო პროპაგანდა, ჩატარებულიყო სპეციალური გაკვეთილები, საუბრები და ცერემონიები, ოფიციალურ მითითებების მიხედვით.

mr nobody against putin

ტალანკინს ავალებდნენ ამ პროცესის დაფიქსირებას. მას უნდა გადაეღო, როგორ ტარდებოდა მოსწავლეებთან „პატრიოტული თემების“ განხილვა, როგორ კითხულობდნენ მასწავლებლები წინასწარ მომზადებულ ტექსტებს და როგორ სრულდებოდა მიღებული განკარგულებები. ეს ჩანაწერები იგზავნებოდა, როგორც დამადასტურებელი მასალა, რომ სკოლა სახელმწიფო მოთხოვნებს ასრულებდა და იდეოლოგიური მუშაობა დადგენილი წესის მიხედვით მიმდინარეობდა.

ტალანკინმა გადაღებული მასალის ნაწილი დაშიფრული კავშირის საშუალებით გადასცა რეჟისორ დევიდ ბორენსტეინს. ამ ჩანაწერების საფუძველზე კი შეიქმნა დოკუმენტური ფილმი „Mr Nobody Against Putin“, რომელიც 2025 წლის მარტში გამოვიდა.

ფილმის დასრულების შემდეგ ტალანკინს სხვადასხვა ქალაქიდან მასწავლებლები უკავშირდებოდნენ. ნაწილი მადლობას უხდიდა, ნაწილი კი ატყობინებდა, რომ სკოლა დატოვა, რადგან ახალი მოთხოვნების პირობებში მუშაობის გაგრძელება აღარ სურდა. ფილმში აღნიშნულია, რომ იმ პერიოდში არაერთი პედაგოგი სამსახურიდან წამოვიდა, რადგან განათლების პროცესის სახელმწიფო პროპაგანდის საშუალებად გამოყენებაში მონაწილეობა არ მიაჩნდა მისაღებად.

pavel talankin, mr nobody against putin

ფილმის გამოსვლამდე ტალანკინმა რუსეთი დატოვა. მისთვის ნათელი იყო, რომ გადაღებული მასალა საფრთხეს შექმნიდა. მოგვიანებით, როდესაც ფილმის შესახებ ხელისუფლებამ შეიტყო, გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის ადმინისტრაციას მოსთხოვეს, კომენტარი არ გაეკეთებინათ, საჯაროდ არ ელაპარაკათ და ტალანკინთან კავშირი არ დაემყარებინათ.

ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ტალანკინი და დევიდ ბორენსტეინი იმ გამარჯვებულებს შორის იყვნენ, რომლებმაც სიტყვით გამოსვლა პოლიტიკური განცხადებით დაასრულეს. ტალანკინმა თქვა:

„ჩვენი მომავლის სახელით, ყველა ბავშვის სახელით, გთხოვთ, შეჩერდით. შეწყვიტეთ ომი.“

mr nobody against putin pavel talankin

ფილმი აშიშვლებს რუსულ სისტემას. პუტინის პროპაგანდის მექანიზმი მხოლოდ ტელევიზიასა და ოფიციალურ გამოსვლებს არ ეყრდნობა. ის მოქმედებს სკოლაშიც, სადაც დამტკიცებული ტექსტები, ინსტრუქციები და მუდმივი ანგარიშგება სასწავლო პროცესს პოლიტიკური სისტემის ნაწილად აქცევს. ტალანკინის მიერ გადაღებული კადრები ნათლად აჩვენებს, როგორ იწყება იდეოლოგიის დამკვიდრება სასკოლო მერხიდან.

ბავშვი, რომელიც იზრდება გარემოში, სადაც ინფორმაციის მხოლოდ ერთი ვერსია არსებობს, თანდათან ეჩვევა ასეთ წესრიგს და მას ბუნებრივად იღებს. სწორედ ამიტომ საფრთხე მხოლოდ დღევანდელი პროპაგანდა არ არის. საფრთხე არის ის რეალობა, რომელსაც მომავალში შექმნის თაობა, რომელიც ამ სისტემაში გაიზარდა და მისივე წესების შენარჩუნებასა და გაძლიერებას გააგრძელებს.

ზევით