რა ვაჩუქოთ GEN Z-ის
ეძებთ საუკეთესო საჩუქარს Gen Z-ისთვის? ჩვენ უნიკალური, ტრენდული და თაობას ზისთვის იდეალური საჩუქრების სია მოგიმზადეთ!
| ანა ციხელაშვილი |
Tik-Tok-ი ერთხელ მაინც თუ ჩაგისქროლავთ, იოანე რომანაძის ვიდეო აუცილებლად შეგხვდებოდათ. ამ პლატფორმის მეშვეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავი საინტერესო ადამიანი აღმოვაჩინეთ, სწორედ ერთ-ერთი მათგანია იოანე. დღეს ის The Diary Originals-ის სტუმარია და მას სულ სხვა მხრიდან გაგაცნობთ. თავად მიხვდებით, თუ როგორი მრავალფეროვანი ადამიანი დგას ტიკ-ტოკის პერსონაჟის მიღმა.
როგორ დაიწყო შენი ამბავი ტიკ-ტოკზე?
ტიკ-ტოკზე პირველი ვიდეო 2021 წელს დავდე, სლაიდ შოუ გავაკეთე Red Flag-ებზე. ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ტიკ-ტოკზე პოპულარობა არავის თავდაპირველი მიზანი არ არის და ეს სულ შემთხვევით ხდება, მაგრამ მე რახან სლაიდ შოუ ავაწყე და წინასწარ განსაზღვრული მქონდა, თუ რასაც ვიტყოდი, გამოდის, რომ რეალურად წარმოდგენაც მქონდა, რა მოჰყვებოდა ამას. თუმცა იმ მასშტაბის გამოხმაურებას, რაც იმ ვიდეოს ჰქონდა, არ ველოდი. არ მომეწონა უცებ ამდენი მოწონება და გამომწერი, რადგან შეიქმნა მეორე ვიდეოს მოლოდინი, მე კიდევ მაშინ ვსწავლობდი და არ მქონდა სურვილი, ყოველდღე ტიკ-ტოკები გადამეღო. ამიტომ გავაქრე ის ვიდეო და წელიწად ნახევარზე მეტი არაფერი დამიდია. ხელმეორედ 2023 წელს გამოვჩნდი.
@iooane ასეა ❤️ happyeuyear. g e ❤️🇬🇪🇪🇺 #secretsanta #სეკრეტსანტა #gift ##საჩუქარი #trend #ტრენდი #iooane ♬ original sound - Iooane
ყოველთვის ვიცოდი, რას ვაკეთებდი, მაგრამ ასეთი მასშტაბის გამოხმაურება მაინც მოულოდნელი იყო. როდესაც სოციალურ სივრცეში შექმნილი მოლოდინები რეალურ ცხოვრებაშიც ტრანსფორმირდება, ყველაფერი ბევრად განსხვავებული ხდება. ქუჩაში რომ გხვდებიან და გეუბნებიან რა მაგარი ვიდეო გადაიღე და რა კარგი იქნებოდა, მეორე ნაწილიც რომ გადაგეღოო, ეგ საერთოდ სხვა გრძნობაა. შემდეგ, 2024 წლის მარტში გავიკეთე კუჭის ოპერაცია და რეაბილიტაციის დროს რომ დავიწყე აქტიურობა, იმის შემდეგ აღარც გავჩერებულვარ.
როდის გააცნობიერე, რომ შენი იუმორი ხალხს ძალიან შეუყვარდა?
მაშინ, როცა ხალხმა ჩემი ფრაზების რეალურ ცხოვრებაში გამოყენება დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ არც ერთი ფრაზა ჩემი მოგონილი არ არის, თითოეული მათგანი იმ პერსონაჟთან ასოცირდება, რომელსაც მე ვთამაშობ.
მაგალითად "When I catch you" ისედაც პოპულარული იყო, მაგრამ მაინც ჩემი პერსონაჟისთვის სახასიათო გახდა.
როგორიც ვარ ტიკ-ტოკზე, ისეთი ვარ ცხოვრებაშიც. ფრაზებს, როგორიცაა “რა გაცინებს”, “თავი ვინ გგონია” ისედაც ვიყენებ, ამიტომ ვიცოდი რომ აიტაცებდა ხალხი. კიდევ, ჩემს საუნდზე გადაღებული ვიდეოები რომ მხვდება, ეგეც იმავეს მანიშნებელია.
როგორია იოანე რომანაძის ერთი დღე?
ძალიან დატვირთულია. დილით 10-ზე მივდივარ სამსახურში. სახლში რომ ვბრუნდები ყოველთვის ვმეცადინეობ. იმის მიუხედავად, რომ აკადემიურ განათლებას აღარ ვიღებ, მაინც სულ ვსწავლობ, განათლების მიღების პროცესი ხომ არასდროს მთავრდება. მერე ტიკ-ტოკზეც შევდივარ. ძილის წინ რამე საინტერესოს მოსმენა ან კითხვაც მიყვარს.
რა გაძლევს ყველაზე დიდ ინსპირაციას ახალი ვიდეოების შესაქმნელად?
ყოველდღიურობა. მე იგივე ადამიანი ვარ ცხოვრებაში, რაც ტიკ-ტოკზე და ესაა ყველაზე სახალისო. რა პრობლემაც დაუდგება იოანეს ცხოვრებაში, იმაზე ხუმრობს ტიკ-ტოკზეც. სხვადასხვა პრობლემა, იქნება ეს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან თუ განათლებასთან დაკავშირებული, სატირისა და იუმორის დახმარებით მიმაქვს მაყურებელთან. ლიტერატურაში გააკეთებ ამას, თუ ტიკ-ტოკ ვიდეოში არ აქვს მნიშვნელობა.
@iooane ასეა ❤️ #მოცვი #blueberry #trend #ტრენდი #sounds #iooane ♬ original sound - Iooane
რა შემატა ტიკ-ტოკმა შენს ცხოვრებას?
ტიკ-ტოკით ძალიან ბევრი ადამიანი და შესაძლებლობა შევიძინე. სანამ მე თვითონ დავიწყებდი ვიდეოების კეთებას, ტიკ-ტოკის მაყურებელი ვიყავი და ბევრ საინტერესო რამეს ვსწავლობდი. მას შემდეგ რაც კონტენტ კრეატორი ხდები, სხვანაირი ხდება ყველაფერი. ჯერ ერთი, ბევრ ადამიანს იცნობ და ბევრი გიცნობს. ამასთან, ბევრი საგანმანათლებლო შესაძლებლობა გახდა ჩემთვის ხელმისაწვდომი. თუ აქამდე ვფიქრობდი მაგისტრატურაზე სად და როგორ ჩამებარებინა, ახლა ნებისმიერი სკოლა შემიძლია ავირჩიო და მათთან საქმიანი შეთანხმებით ბევრი რამ უფრო მარტივად ვისწავლო.
ასევე, მნიშვნელოვანი ასპექტია ისიც, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეგიძლია. ჩემს პლატფორმაზე ვაზიარებ სოციალური დატვირთვის ვიდეოებს. ახლახან საქველმოქმედო სახის ვიდეო გავაკეთე. შემდეგ გავიგე, რომ ამის მეშვეობით ათი ათასობით ლარი შეგროვდა. მომავალშიც, თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ ჩემი პლატფორმა კეთილი მიზნებისთვის გამოიყენოს, მე ყოველთვის მზად ვარ დავუთმო დრო კარგი საქმის კეთებას.
ოდესმე sSTAND-UP-ერობაზე თუ გიფიქრია?
ამ კუთხით ბევრი შემოთავაზება მქონია. ერთხელ, ერთ-ერთი ბრენდის შეხვედრაზე, შემთხვევით გამომივიდა Stand Up-ი. ბრენდებთან ურთიერთობის გამოცდილებაზე ვლაპარაკობდი და ფონად სულ სიცილ-ხარხარი ისმოდა. ზოგადად, რა ვქნათ ასეა, ტრავმირებული ადამიანების იუმორი ხშირად ყველაზე სასაცილოა. შეიძლება გავაკეთო Stand Up-ი, ოღონდ ეს აუცილებლად იქნება აჭარაში, ბათუმში ან ქობულეთში.
@iooane ასეა 😀 #სია #list #doubleentendre #sayingonemeaninganother #sound #trend #ტრენდი #iooane ♬ original sound - Iooane
გვითხარი ერთი ფაქტი შენს შესახებ, რაც შენი გამომწერების უმრავლესობამ არ იცის.
მე მაქვს ძალიან დიდი და ბევრ წლიანი რელიგიური განათლება. ჩემს მშობლებს აკადემიური დასჯის მეთოდი ჰქონდათ, რამეს რომ დავაშავებდი, ვალდებული ვიყავი, საეკლესიო წიგნები მეკითხა. ნუსხურად და ასომთავრულად კითხვა ახლაც თავისუფლად შემიძლია, კიდევ შემიძლია მთელ წირვას ხმა ავაყოლო, ზეპირად ვიცი ტექსტი.
რა არის ტიკ-ტოკზე შენი საქმიანობის მიზანი?
მე ის კი ვიცოდი რომ გამოხმაურება ექნებოდა ვიდეოებს, მაგრამ გრძელვადიანი მიზანი არ მქონია. ახლა ვიცი, რომ მინდა ყველა რესურსი, იქნება ეს ფინანსები, ცოდნა თუ ე.წ. Networking-ი, გამოვიყენო ჩემი მაგისტრატურისთვის. ტიკ-ტოკს სოციალური ცვლილებისთვისაც ვიყენებ და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემს ხმას ამხელა ძალა აქვს. შემიძლია ერთი ვიდეოთი ადამიანის ცხოვრება შევცვალო.
ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში აქტიურად ხარ ჩართული. როგორ ფიქრობ, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროპული მომავალი?
გეგმაში მაქვს, პროფესიული განვითარებისთვის ევროპაში ვისწავლო და რამდენიმე წელი ევროპულ ბაზარზე დავსაქმდე. რამდენადაც ყველა ინოვაცია, რასაც პროფესიულად ვაწყდები, ევრო-ატლანტიკურ ტექ გიგანტების ხელშეწყობით კეთდება, როგორც ბიზნესითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანს, მინდა, პიროვნული და კარიერული ზრდისთვის დასავლური შესაძლებლობები გამოვიყენო.
მაგრამ ეს არ არის სუბიექტური, მხოლოდ ჩემი ახირება, რადგან მშობელი ემიგრაციაში მყავს, სტუდენტურად მეც ევროპაში ვიყავი დასაქმებული, მაგისტრატურის საფეხურზეც იქ მინდა სწავლა.
ევროპა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ისედაც არის, ევროკავშირში გაწევრიანება კი დაანგრევს ყველა იმ ხელის შემშლელ ბარიერს, რაც ევროკავშირის სხვა სიკეთეებს გვაშორებს. რაც მთავარია, ქვეყანას განავითარებს და ამის არაერთი მაგალითი უკვე არსებობს. ჩვენი კულტურის, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და სხვა მრავალი სფეროს დაფინანსება და ხელშეწყობა ის სიკეთეებია, რომელთაც ევროპული ქვეყნებისგან ვიღებთ, ამაზე უარის თქმა კი, ქვეყანას განვითარების გზაზე შეაფერხებს.
როგორია შენი თვალით დანახული ახალგაზრდები, რომლებიც დღეს საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეები არიან?
ნაპერწკლებივით ვართ, რომელთა ერთობაც დიდ სინათლეს ქმნის. ყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის. ერთობის ასეთი მაგალითით ურთიერთპატივისცემა და საერთო მიზნისთვის გუნდური ბრძოლა ვისწავლეთ. სწავლაც არ ერქვა, ჩვენს სულში დევს, ხელს ვუწყობდეთ ერთმანეთს იმ სიკეთის მიღწევაში, რომელიც ყველას თანაბრად გვარგებს. ყველა იქ მყოფი გმირია, დიდიც და პატარაც. ყველა ქართველში ცხოვრობს გმირი, რომელიც მზადაა, ქვეყნის განვითარებისთვის არ დაზოგოს საკუთარი თავი, რაც მთავარია, ამის ასეთ პატარა ასაკში გამოვლინება, უბრალოდ, ჩინებული და ამაღელვებელია.