ADEX COMPANY– სარეკლამო და პოლიგრაფიული მომსახურების კომპანია
დღეს, სარეკლამო კომპანია Adex company-ს გაგაცნობთ. ჩვენთან ინტერვიუში დამფუძნებელი თემო ქობალია კომპანიის სერვისებსა და წარმატებულ პროექტებზე გვესაუბრა.
The Diary Originals-ის რუბრიკაში ამჯერად ქართველი მოდის ვლოგერი, კონტენტ კრეატორი და ახლა უკვე თავისი საავტორო პოდკასტის წამყვანი, გიორგი იაშვილი მოვიწვიეთ. პარიზისა და მილანის მოდის კვირეულებზე დასწრების შემდეგ, გიორგიმ საკუთარი გამოცდილება, ექსკლუზიურად The Diary-ის გაუზიარა.
მოდის კვირეულები
გიორგის მოდის სამყაროთი გატაცება დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს გატაცება მის ყოველდღიურ საქმიანობად იქცა. დღეს ის New Trend-თან თანამშრომლობს და მათი მხარდაჭერით ქალისა და მამაკაცის მოდის კვირეულებს პარიზსა და მილანში დაესწრო.
გიორგი, როგორი იყო მოდის კვირეულების გამოცდილება?
გიორგი: წარმოიდგინეთ, რამდენ ადამიანს აქვს მსოფლიოში ის მოხვედრის შანსი, და შემდეგ — რამდენ ქართველს! ჩემთვის ეს მართლაც დაუვიწყარი და ენით აღუწერელი მომენტი იყო. ყოველივე მატერიალურს ასეთ გამოცდილებებს ვამჯობინებ. მსგავსი ღონისძიებების დროს, არა მხოლოდ საინტერესო კოლექციებს ვეცნობი და კარგ კონტენტს ვქმნი ჩემი სოციალური მედიისთვის, არამედ შესაძლებლობა მაქვს, რომ ჩემი ქვეყანაც დიდ მასშტაბებზე წარვადგინო. ძალიან მიყვარს საუბარი და იქ ყოფნის დროს მაქსიმალურად ვიყენებ — ვეკითხები რჩევებს ყველა ინფლუენსერს და ჩვენი ქვეყნის შესახებ ვუყვები მათ.
თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად New Trend-ში შეძენილი სამოსი მაცვია, ყოველთვის ვცდილობ, რომ ლუქში რაღაც ქართული დეტალიც გამოვიყენო. მაგალითად, Coperni-ს ჩვენებაზე Meraki-ს პალტო მეცვა, რომელმაც დიდი ყურადღება მიიქცია. მე და ჯორჯინა ერთდროულად შევედით დარბაზში. ამ ცისფერი პალტოს დამსახურებით, ფოტოგრაფების ყურადღება ჯერ ჩემზე იყო კონცენტრირებული, შემდეგ კი ჯორჯინაზე.
რომელმა კოლექციამ დაგამახსოვრა თავი ყველაზე მეტად?
გიორგი: მიუხედავად იმისა, რომ ეს შოუ ყველაზე ნაკლებად იყო დატვირთული, ჩემთვის ყველაზე გამორჩეული და საინტერესო კოლექცია ჰქონდა Marine Serre-ს. მან ერთდროულად წარადგინა კაცებისა და ქალების სამოსი — ზოგადად, ეს კონცეფცია და თავად ბრენდიც ძალიან მომწონს და მხარს ვუჭერ.
@george.iashvili #MarineSerre -ს ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე 👀 @NEWTREND ♬ original sound - Giorgi Iashvili
რა ტრენდები შეინიშნებოდა პოდიუმზე?
გიორგი: წითელი ფერი დომინირებს — არა Gucci-ს წითელი, არამედ სისხლისფერი, კაშკაშა ტონი, რომელიც, როგორც მამაკაცების, ისე ქალების სამოსში გვხვდება. ასევე, ტრენდულია ბზინვარება და ბრჭყვიალა დეტალები: მაგალითად, Marine Serre-ს კოლექციაში ოქროსფერი მედლები გამოჩნდა, Coperni-ს კაბებზე კი ვერცხლის დეტალები. მილანში მამაკაცების კოლექციებში კვლავ გამოკვეთილი მხრები იყო დომინანტი. ზოგადად, ახლა ყველა ბრენდი ქსოვილებზე აკეთებს აქცენტს — მოდის ინდუსტრიაში ხარისხზე დიდი კონკურენციაა. ადრე თუ საკმარისი იყო ლოგო და სწორი მარკეტინგული კონცეფცია, ახლა დიზაინერები ცდილობენ, განსაკუთრებული ქსოვილები შექმნან. ამას ძალიან ვაფასებ, რადგან პრემიუმ ბრენდების სამოსში დიდ თანხას რომ იხდი, ხარისხიც შესაბამისი უნდა იყოს.
ქუჩის სტილი დღეს უკვე ისეთივე გავლენიანია, როგორც თავად კოლექციები. რომელ ლუქებს გამოარჩევდი და რა თემები იყო აქტუალური ამ მხრივ?
გიორგი: გეთანხმები და გამოვარჩევდი ფრანსისკო ბორსოის — ეს ბრაზილიელი ინფლუენსერი ჩემთვის დიდი ინსპირაციაა. ყოველთვის გამორჩეულად და საინტერესოდ აცვია. ახლა ერთად ვიყავით Armani-ს ჩვენებაზე, ბევრი საინტერესო რჩევა მომცა, საქართველოზეც ვილაპარაკეთ.
გოგოებში კი იზის გამოვარჩევდი. მოდაში იზიზე უფრო ენთუზიაზმით სავსე, გიჟი ადამიანი არ არსებობს! მას განსაკუთრებული ჩაცმის სტილი აქვს არა მხოლოდ ჩვენებებზე, არამედ მთელი მოდის კვირეულის განმავლობაში.
ზოგადად კი, ქუჩის სტილში მეორადი და მდგრადი მოდა კვლავ აქტუალურია. არა მხოლოდ ინფლუენსერები, არამედ ბრენდების მომხმარებლები, ფოტოგრაფები — ის საზოგადოება, რომელსაც ბრენდი ამ მომენტში არ აცმევს, მაგრამ ჩვენებაზე ეპატიჟება — ხშირად მოდის ბებიამისის ძველ პალტოში გამოწყობილი ან დედამისის ჩანთით ხელში.
მომწონს ეს მიდგომა, რადგან over-consumerism-ი არ მხიბლავს. Armani-ს ჩვენებაზე მეც ბიძაჩემის 25 წლის წინ ნაყიდი Armani-ს პალტო მეცვა და უამრავი კომპლიმენტი მივიღე, რადგან ამ ბრენდის ორიგინალური სილუეტი და ხარისხი დღესაც გამორჩეულია.
სოციალური ქსელები
გიორგის ინტერესები მოდით არ შემოიფარგლება - მას უამრავ სხვადასხვა თემაზე საუბარი უყვარს. ის აქტიურად აზიარებს საკუთარ მოსაზრებებს სოციალურ ქსელებში, ხოლო ახლა უკვე Cavea +-ზე საკუთარ საავტორო პოდკასტსაც უძღვება, სადაც ქართველ დიზაინერებს, მოდელებს, მუსიკოსებსა და სხვა სფეროს წარმომადგენლებს საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ იწვევს.
@george.iashvili ადგილი რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ ლონდონში მოგზაურობისას 💌 @Jacquemus ♬ original sound - lvstfm メ’𝟶⁷
როდის და როგორ დაიწყე სოციალური მედიაში აქტიურობა?
გიორგი: ბავშვობაში მეგობრებთან ერთად Facebook-ზე მოკლე საქველმოქმედო ვიდეოებს ვაზიარებდით, და საკმაოდ კარგი გამოხმაურებაც გვქონდა. სულ ვფიქრობდი, რომ საერთაშორისო აუდიტორიაზე გასვლა შემეძლო, და სწორედ მაშინ გამოჩნდა TikTok, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, უფრო უშუალო და ნამდვილი ვყოფილიყავი. მარტივად გავიცანი ქართველი კრეატორები და დავიწყეთ კოლაბორაციები. სხვათა შორის, საქართველოში ტელევიზიების დიდი შოუებისთვის (MasterChef, Voice, ნიჭიერი) TikTok გვერდები მე შევქმენი - მანამდე ასეთი გვერდები არ არსებობდა. ახლა უკვე კონტენტის შექმნა ჩემი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია.
@george.iashvili როგორ (კინაღამ) გამორჩა მარიამს @YSL Beauty -ს მოსაწვევი 💌 @cavea+ ♬ original sound - Giorgi Iashvili
თუმცა, ამის გარდა გაქვს შენი საავტორო პოდკასტი - როგორი ტიპის საუბრებისთვის შექმენი ეს პლატფორმა?
გიორგი: ყველამ იცის, რომ საუბარში ფილტრი არ გამაჩნია. თანაც, ჩემთვის საინტერესო თემებზე ლაპარაკი კარგად გამომდის და ხალხისგანაც დიდი ინტერესი მოდიოდა მსგავს კონტენტზე. ამიტომ გადავწყვიტე, დამეწყო პოდკასტი. „UN[FILTERED]“ არის საუბარი ჩარჩოების გარეშე, სადაც ვეხებით კულტურას, ტრენდებს, სექსს, ორიენტაციას — ყველაფერს, რაც ჩვენს თაობას აინტერესებს. ჩემი მიზანია, რომ იუმორით და ბუნებრივი საუბრებით დავანახო ხალხს, რომ მათი პრობლემები რეალურია და მათზე საუბარი მნიშვნელოვანია. მინდა, რომ ვიღაცის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს.
გყავს თუ არა ოცნების სტუმარი, ვისთანაც განსაკუთრებით ისურვებდი ინტერვიუს?
გიორგი: თუ ოცნებაზეა საუბარი, ენდი უორჰოლთან სიამოვნებით ვისაუბრებდი - მისი წვლილი ხელოვნებაში უზარმაზარია. ჩემთვის ის წმინდანი იყო. თუმცა, ნაწილობრივ ეს ოცნებაც ავიხდინე — ბექა გვიშიანის დახმარებით, Interview Magazine-ის კრეატიულ დირექტორთან საუბრის შესაძლებლობა მომეცა.
ბექასა და ZARA-ს კოლაბორაციით, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, მოდაზე საუბრების დახურული სერია მოაწყვეს, სადაც Style Not Com-ის იღბლიან გამომწერებს დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ. მე იქ ქეთი გაგოშიძის დახმარებით მოვხვდი და The Diary-სთვის მოკლე ვიდეოც გადავიღეთ. მიხარია, რომ ქართველები ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და ვაძლიერებთ!