#კინო #THE DIARY ORIGINALS

ბუკა თოლორდავა THE DIARY ORIGINALS-ის სტუმარია

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

„ცვალებადი ნიშნების“ გუნდი გერმანიის ქალაქ კარლსრუედან ახალ-ახალი ეპიზოდებით დაბრუნდა. უკვე ისიც დანამდვილებით ვიცით, რომ მესამე სეზონში ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე გამოჩნდება. მანამ, სანამ ახალ ეპიზოდებს მოუთმენლად ველით და ოთხი საუკეთესო მეგობრის ცხოვრებაში მოვლენების განვითარებას ველოდებით, The Diary სერიალის ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის, ოთოს შემქმნელთან ინტერვიუს გთავაზობთ. ბუკა თოლორდავას დიდი წარდგენა არ სჭირდება, მას ზოგი სერიალიდან, ზოგიც თეატრის სცენიდან იცნობს. ბუკა, ცნობილი მსახიობების მარიამ ჯოლოგუას და კოტე თოლორდავას შვილია, რომელიც დამოუკიდებლად იკვლევს გზას შემოქმედებით სამყაროში და დღეს უკვე ახალი თაობის გამორჩეული მსახიობია.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ეს ინტერვიუ ჩაიწერა იმ დროს, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ არ იმყოფებოდა იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც დღეს უკვე ქვეყნის კრიზისად იქცა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევის განცხადება გაკეთდა, საზოგადოებაში პროტესტი არ ცხრება.

მსახიობები ერთ-ერთ მთავარ ძალად იქცნენ ამ პროცესში და ყოველდღიურად იბრძვიან პოლიტპატიმრების, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის განთავისუფლებისთვის. ბუკა თოლორდავას დამოკიდებულება ამ თემაზე მკაფიოა. ამჯერად ჩვენი საუბარი მის კარიერასა და შემოქმედებით გზას შეეხება. 

ცვალებადი ნიშნები, ბუკა თოლორდავა, ლაშა მებუკე, ნია გუგავა, ანუკი ბუბუტეიშვილი, ბუდუ ზივზივაძე
ფოტო: Khatia-Juda Psuturi

ბუკა, რატომ აირჩიე მსახიობის პროფესია?

ბუკა: ეს არის ერთადერთი საქმიანობა, რომელიც არასდროს მომბეზრებია. ბევრი ინტერესი მქონია ცხოვრებაში, თუმცა ყველაფერი რაღაც მომენტში მაინც მბეზრდებოდა. 2011 წელს დავიწყე ამ პროფესიასთან ურთიერთობა და დღემდე ვერ ამოვწურე, ალბათ, ასე გაგრძელდება მომავალშიც.

ბუკა თოლორდავა, buka tolordava
ფოტო: Beka Tsirekidze

როგორ პოულობ ბალანსს თეატრსა და კინოს შორის?

ბუკა: ორივე ძალიან მომწონს და მიყვარს, აბსოლუტურად სხვადასხვა ხიბლი აქვს კამერის წინ ყოფნას და სცენაზე თამაშს. თეატრის გამოცდილება გაცილებთ მეტი მაქვს და იქ უფრო მაქვს განცდა, რომ ჩემს რესურსს ვხარჯავ. კამერასთან კი, ვხალისობ, სხვა სიამოვნებას ვიღებ და ვისვენებ.

Buka Tolordava, მხოლოდ ერთხელ, ბუკა თოლორდავა, რუსთაველის თეატრი
კადრი სპექტაკლიდან „ერთხელ მხოლოდ“

რომელი იყო ყველაზე რთული როლი, რომელიც თეატრში გითამაშია?

ბუკა: ალბათ, პროფესიულ თეატრში ჩემი პირველი როლი. სპექტაკლს ერქვა „ერთხელ მხოლოდ“, სადაც ხელოვნურად შექმნილ არსებას ვთამაშობდი, რომლისგანაც საბოლოოდ დიქტატორი ყალიბდება. თან უტექსტო სპექტაკლია და ეგ კიდევ დამატებით სირთულე იყო.

ბუკა თოლორდავა, პატარა უფლისწული, buka tolordava
ბუკა თოლორდავა „პატარა უფლისწულის“ როლში

რომელი როლის შესრულებაზე ოცნებობ?

ბუკა: საოცნებო როლის ასაკიდან მგონი გამოვედი უკვე, გავიზარდე, აღარ ვარ თინეიჯერი. ეს არის „თამაში ჭვავის ყანაში“, მთავარი გმირის, ჰოლდენ კოლფილდის როლი.

როგორ ემზადები როლში შესასვლელად?

ბუკა: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მივაგნო იმ მუსიკას, რომელსაც ჩემი პერსონაჟი მოუსმენდა. მე თუ ამას მივაგენი, მერე ყველაფერი ლაგდება. ოღონდ, ყოველთვის ასე არ მუშაობს, მაგალითად ის, ვის როლსაც ახალ სპექტაკლში ვთამაშობ, მგონია, რომ საერთოდ არ უსმენს მუსიკას. მუსიკის გარდა, მთავარია რაღაც ერთი დეტალი აღმოვაჩინო. შეიძლება ეს იყოს ვინმე ადამიანი, რომელსაც ვამსგავსებ ამ პერსონაჟს, ან ცხოველი, რომელიც ჰგავს მას. ასეთ დეტალებს რომ მივაგნებ, მერე ყველაფერი თავისით ლაგდება და უამრავი იდეაც მოდის. პრემიერის დღეს ვცდილობ, თეატრში ფეხით მივიდე და გზაში ჩემი პერსონაჟის მუსიკას მოვუსმინო.

Buka Tolordava, ბუკა თოლორდავა, სპექტაკლი "მსხვერპლნი"
კადრი სპექტაკლის, „მსხვერპლნის“ რეპეტიციიდან

რომელ ქართველ და უცხოელ მსახიობთან ერთად გამოჩნდებოდი სცენასა თუ ეკრანზე?

ბუკა: ქართველებიდან ავთო მახარაძესთან ერთად, ჩემი უსაყვარლესი ქართველი მსახიობია. უცხოელებიდან დენიელ დეი-ლუისი ვიტყოდი.

ცვალებადი ნიშნები, ბუკა თოლორდავა

როგორ შეიცვალა ცხოვრება „ცვალებადი ნიშნების“ და ოთოს როლის შემდეგ?

ბუკა: ხალხმა ამ როლით გამიცნო. რაც არ უნდა აკეთო თეატრში, ტელევიზიას ბევრად დიდი ძალა აქვს. „ცვალებადი ნიშნების“ შემდეგ გავიგე რას ნიშნავს, იყო მსახიობი. თავიდან ამ გამოცდილებამ პიროვნულად ძალიან შემცვალა, კარგი მხრივ-მეთქი ვერ ვიტყოდი. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს და უცებ, სწორედ ყველას ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი, ამან ცოტა გამაგიჟა. გარკვეული პერიოდი ჩემი თავი აღარ ვიყავი, ახლა დავბრუნდი.

ცვალებადი ნიშნები, ბუკა თოლორდავა, ლაშა მებუკე, ნია გუგავა, ანუკი ბუბუტეიშვილი,

როგორ ფიქრობ, რამდენად დიდია „ცვალებადი ნიშნების“ მსგავსი პროექტების მნიშვნელობა?

ბუკა: ფაქტია, რომ „ცვალებადი ნიშნები“ თავის ჟანრში არის პირველი, თან ძალიან დიდი სიახლე და ინოვაციაა. რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემაც აქვს, რადგან ჯერ მაინც ახალია მაგრამ, საბოლოოდ, თავის საქმეს ეს სერიალი აკეთებს. თუნდაც ის, რომ თაობა Z-ის ცნობიერებას ამაღლებს. ზოგადად, რაღაც პასუხისმგებლობები გაუჩნდა ამ პროექტს ისე, რომ ამის პრეტენზია არც არავის ჰქონია.

ყველაზე მეტად რომელ სცენაში მოიქცა ოთო ისე, როგორც შენ მოიქცეოდი რეალურ ცხოვრებაში?

ბუკა: სარეკლამო კომპანიიდან რომ წავიდა, იმიტომ რომ აზარტული თამაშების რეკლამის გაკეთება დაავალეს.

ლაშა მებუკე, ბუკა თოლორდავა

ოთოს პერსონაჟის შესრულებისას რა შემატე პერსონაჟს ისეთი, რაც სცენარში არ ეწერა?

ბუკა: ჩემი და ლაშა მებუკეს სცენების 90 პროცენტი არის სრული იმპროვიზაცია. გაგვიმართლა, რომ რეჟისორები და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ყოველთვის გვაძლევს ამის საშუალებს. რამდენიმე სცენა ჩვენი იმპროვიზაციით ძალიან გავაცოცხლეთ. საერთოდ, ლაშასთან პარტნიორობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

რეალურ ცხოვრებაში, „ცვალებადი ნიშნების“ რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი და არ იმეგობრებდი?

ბუკა: ოთოსთან ვიმეგობრებდი და არ ვიმეგობრებდი შაკოსთან, სანდრო მახარაძის პერსონაჟთან.

ახალ სეზონს როგორ დაახასიათებდით?

ბუკა: ჯერ-ჯერობით მხოლოდ რამდენიმე სერიაა გადაღებული და მე ორივე ძალიან მომწონს. ამ სეზონში ჩემი პერსონაჟის განვითარების გზაც მომწონს. ერთი სული მაქვს საქმეს შევუდგეთ, მგონია რომ კარგი გამოდის. თანაც, წინა სეზონების გამოცდილებას ყველა ერთად დავაკვირდით, ვიპოვეთ ის, თუ რამ იმუშავა ამ სერიალში, რა აინტერესებს მაყურებელს და მივაგენით გასაღებს, თუ როგორ შეგვექმნა იდეალური სეზონი.

როგორია შენი გეგმები, საქართველოში ხედავ კარიერულ მომავალს?

ბუკა: მე ზოგადად ძალიან ამბიციური ადამიანი ვარ. ვერ ვხვდები რატომ არ უნდა მქონდეს იმის იმედი და სურვილი, რომ მსოფლიო დავიპყრო. მგონია, რომ ეს ყველა ადამიანს შეუძლია. ამ მომენტისთვის თეატრშიც და სერიალში როგორც ადამიანი და მსახიობი ძალიან ვიზრდები. შემდეგ ვნახოთ, ასე ზუსტად გაწერილი გეგმები არ მაქვს.

ზევით