ტრამპის ინაუგურაცია: გლობალური ცვლილებების სტარტი

დონალდ ტრამპი, ამერიკის პრეზიდენტი, donald trump, president of the USA

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, რომელმაც მსოფლიო ყურადღება მიიპყრო, 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება. დიდ ინტერესს იწვევს საქართველოშიც ამერიკის პრეზიდენტის სახელმწიფოს სათავეში ოფიციალურად ჩადგომა, თითქოსდა მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს 47-ე პრეზიდენტი შეძლებს საქართველოს გეოსტრატეგიის განსაზღვრას.

TheDiary, როგორც წესი, გეოპოლიტიკასა და პოლიტიკის სიღრმისეულ ანალიზს ნაკლებად ეხება, თუმცა ამ სტატიაში მაინც შევეხებით პოლარიზაციის საკითხს. კერძოდ, განვიხილავთ ინაუგურაციის ცერემონიალს, რადგან ის ნათლად ასახავს ამერიკის პოლიტიკურ ლანდშაფტს.

ინაუგურაციის არავასკვლავური შემადგენლობა

ტრამპის ინაუგურაციის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა არტისტების შემადგენლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად მრავალი მაღალი დონის არტისტი მონაწილეობდა ამერიკის პრეზიდენტების ინაუგურაციებზე, ტრამპის შემთხვევაში სხვაგვარად ხდება. მისი პირველი ინაუგურაცია გამოირჩეოდა იმით, რომ ცნობილმა არტისტებმა უარი თქვეს მონაწილეობაზე. ძირითადად ცერემონიალზე ქანთრი მუსიკის შემსრულებლები იყვნენ წარმოდგენილი, თუმცა მათი ჩამოთვლა არსებითი მნიშვნელობის არ იქნება ქართველი მკითხველისთვის.

ტრამპის რიგით მეორე ინაუგურაციაზეც ამავე ჟანრის მუსიკოსები დაუჭერენ მხარს. ქანთრის მუსიკის ვარსკვლავი კერი ანდერვუდი შეასრულებს “America the Beautiful”-ს 20 იანვარს. ანდერვუდის გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია. სოციალური მედიის ნაწილი მკაცრად აკრიტიკებს მომღერალს და მოუწოდებს მისი მუსიკის ბოიკოტისკენ.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, კაპიტოლი
ფოტო: აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლები სცენაზე, 12 იანვარს, რეპეტიციის დროს კაპიტოლიუმში, დონალდ ტრამპის მომავალი ინაუგურაციისთვის ემზადებიან

საპირწონედ, დემოკრატების ინაუგურაციების მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, ბარაკ ობამას ორივე ინაუგურაცია მუსიკალური მოვლენებით გამორჩეული იყო. მათში მონაწილეობდნენ არეტა ფრანკლინი, ბიონსე, სტივი უანდერი, ალიშა კიზი, ჯეიმი ფოქსი, ჯონ ლეჯენდი და სხ. ჯო ბაიდენის ინაუგურაციაც კულტურულად მრავალფეროვანი იყო: ლედი გაგამ შეასრულა აშშ-ის ეროვნული ჰიმნი, ხოლო სხვა მონაწილეებს შორის იყვნენ ჯენიფერ ლოპესი, ჯონ ბონ ჯოვი, დემი ლოვატო, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ჯონ ლეჯენდი და სხვები.

ლედი გაგა პრეზიდენტის ინაუგურაციაზე აშშ-ის კაპიტოლიუმში, ვაშინგტონში, 2021 წლის 20 იანვარს
ფოტო: ლედი გაგა პრეზიდენტის ინაუგურაციაზე აშშ-ის კაპიტოლიუმში, ვაშინგტონში, 2021 წლის 20 იანვარს

ტრამპის ინაუგურაციას რომ დავუბრუნდეთ, ქართველ მკითხველს, ალბათ ემახსოვრება ჯგუფის  "Village People" სიმღერა “YMCA”. ამერიკული დისკო ჯგუფი ტრამპის ინაუგურაციის წინასწარ ღონისძიებაზე, Victory Rally-ზე გამოვა. განცხადებამ, რომ Village People, რომელიც ასოცირდება LGBTQ+ თემთან, მონაწილეობას მიიღებს ცერემონიალში, საზოგადოებაში დიდი პროტესტი გამოიწვია. მოგეხსენებათ, დონალდ ტრამპის პოზიცია LGBTQ უფლებებთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატავს კონსერვატიულ მიდგომას. 

გამორჩეული სტუმრები

რაც შეეხება სტუმრებს, დადასტურებულია, რომ მსოფლიოს სამი უმდიდრესი ადამიანი - ელონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და მარკ ცუკერბერგი - დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან და ცერემონიალზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმობათ. ტექნოლოგიური გიგანტები ყოფილი პრეზიდენტების, ტრამპის ოჯახის წევრებისა და კაბინეტის კანდიდატების გვერდით, საპატიო ადგილას იქნებიან განთავსებული.

რაც შეეხება ელონ მასკს, X-ის მფლობელს და Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს, მას არაერთხელ გამოუცხადებია მხარდაჭერა ტრამპისადმი. ელონმა 250 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო ტრამპის კამპანიის დასაფინანსებლად და აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო პროცესშიც. საპასუხოდ, ტრამპმა მასკს მთავრობის ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის თანათავმჯდომარეობა შესთავაზა.

donald trumo and elon musk
ფოტო: დონალდ ტრამპი და ილონ მასკი SpaceX-ის Starship-ის რაკეტის გაშვების ჩვენებაზე ტეხასის შტატში, 2024 წლის 20 ნოემბერს

ინაუგურაციას ასევე დაესწრება TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი. საინტერესოა, რომ ტრამპმა თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს TikTok-ის აშშ-ში აკრძალვა სცადა, თუმცა ახლა აქტიურად უჭერს მხარს პლატფორმას, რომელსაც 19 იანვარს აშშ-ში დაბლოკვის საფრთხე ემუქრება.

როგორც ჩანს, ტრამპი მომავალს არა ჰოლივუდში, არამედ ტექნოლოგიებში ხედავს. ცნობილია, რომ OpenAI-ის, Google-ის, Apple-ის და სხვა ტექნოლოგიური გიგანტების დირექტორებიც დაესწრებიან ინაუგურაციას.

ინაუგურაციის მნიშვნელოვანი სტუმრები

დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე არაერთი ცნობილი პოლიტიკური ფიგურა დაესწრება. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, მათი მეუღლეების თანხლებით, ტრადიციას აღადგენენ და დამარცხებული კანდიდატები გამარჯვებულებთან ერთად ინაუგურაციის სცენას გაიზიარებენ. აღსანიშნავია, რომ ტრამპმა ბაიდენის 2021 წლის ინაუგურაციაზე დასწრება უარყო. ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი ინაუგურაციას დაესწრებიან. ყოფილი პირველი ლედებიდან მხოლოდ ჰილარი კლინტონი და ლორა ბუში იქნებიან ღონისძიებაზე. რაც შეეხება მიშელ ობამას, მან საჯაროდ განაცხადა, რომ არ დაესწრება ტრამპის ინაუგურაციის ღონისძიებას.

რესპუბლიკელი კონგრესმენები ინაუგურაციას დიდწილად დაესწრებიან, თუმცა დემოკრატების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ნენსი პელოსი, ტრამპის ფიცის დადების ცერემონიას ბოიკოტს უცხადებენ.

საერთაშორისო ლიდერები

აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას გეგმავენ არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, რომლებიც ტრამპის ძლიერი მოკავშირეები არიან. ტრამპმა ასევე მიიწვია ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, თუმცა, მის ნაცვლად ჩინეთი ინაუგურაციაზე გზავნის ვიცე-პრეზიდენტს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ქვეყანა „მზად არის აშშ-ის მთავრობასთან ახალი თანამშრომლობისთვის”.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხვდება ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინფინს
ფოტო: დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა G20 ლიდერების სამიტზე ოსაკაში, იაპონია, 2019 წლის 29 ივნისს

სტუმრებს შორის მეტწილად მემარჯვენე და ნაციონალისტურ პოლიტიკოსებს ვიხილავთ. ევროპული ცენტრისტული მთავრობები გვერდზე მოექცნენ – მაგალითად, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი არ იყო მიწვეული. თუმცა, ბრიტანელი ნაიჯელ ფარაჯი, ბრექსიტის პარტიის ლიდერი, დაესწრება, ასევე ფრანგი მწვავე პოლიტიკოსი ერიკ ზემური, ბელგიელი პოლიტიკოსი ტომ ვან გრიკენი და პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი, რომელმაც ბრიუსელთან ხანგრძლივი იურიდიული დავა გააჩაღა.

ზურაბიშვილი & ზელენსკი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება. ზურაბიშვილი ღონისძიებაზე მიიწვია რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა. ამ ფაქტმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, რადგან „ქართული ოცნების“ მთავრობის არც ერთი წევრი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ამ დრომდე არ მიუწვევიათ.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დაესწრო დიპლომატიურ მიღებას ნიუ-იორკში, რომელიც გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის, სახელზე. 25 სექტემბერი, 2019 წელი
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის დიპლომატიურ მიღებაზე ნიუ-იორკში. 25 სექტემბერი, 2019 წელი

რაც შეეხება მეზობელ უკრაინას, კიევი 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრას ელოდება. ტრამპის თქმით, ზელენსკი ოფიციალურად არ მიუწვევიათ ინაუგურაციაზე, თუმცა, თუ უკრაინის პრეზიდენტი დასწრებას მოისურვებს, მას სიამოვნებით მიიღებენ. ამასთან, ცნობილია, რომ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მზადდება. ტრამპი აცხადებს, რომ „საშინელი ომი“ უკრაინაში უნდა დასრულდეს და მოლაპარაკებების დაწყება აუცილებელია. ეს მესიჯი ტრამპმა არა მხოლოდ 2024 წლის საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, არამედ გამარჯვების შემდეგაც არაერთხელ გაიმეორა. იქცევა თუ არა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად და რა დრო დასჭირდება მის აღსრულებას, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

რას მოიტანს ტრამპი?

20 იანვარს მსოფლიო მედიის ყურადღება, და მათ შორის ჩვენი პატარა საქართველოს პატარა მედია პლატფორმის, TheDiary-ის, ფოკუსიც, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე იქნება მიმართული. საინტერესოა, რა ცვლილებებს მოიტანს მსოფლიო ლიდერი ქვეყნის ახალი პოლიტიკური კურსი. მოიტანს თუ არა ის მეტ მშვიდობას? როგორი იქნება გეოპოლიტიკური კურსი საქართველოსთვის? რა მოხდება უკრაინაში? როგორ დასრულდება ომი და რა ფასის გადახდა მოუწევს უკრაინას? იქნება ეს ტერიტორიული დათმობები თუ ნატოში შესვლის სამომავლო პერსპექტივის შეზღუდვა?

ამ და სხვა კითხვებზე პასუხს უახლოესი ოთხი წელი გასცემს.

ზევით