#საზოგადოება

1937-38 წლებში რეპრესირებული ადამიანების ისტორიები

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

2024 წელს, მაშინ, როცა ქართველები ვცდილობთ მსოფლიოს დავუმტკიცოთ, რომ ევროპის გზაზე სიარული არ შეგვიწყვეტია, არალეგიტიმური მთავრობა რეპრესიების ერაში გვაბრუნებს. ჟურნალისტები, მსახიობები, მუსიკოსები, მწერლები, ექიმები და სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდები ციხის ოთხ კედელში უკანონოდ არიან გამომწყვდეულნი. ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ პარტიის საწინააღმდეგო აზრი აქვთ და თავისუფალ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება, სახლებში აკითხავენ, ქუჩაში აკავებენ, სცემენ და სამშობლოს სიყვარულისთვის აპატიმრებენ.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ.

რთულია, დღევანდელმა მოვლენებმა ის მტკივნეული წარსული არ გაგვახსენოს, რომელიც საბჭოთა რეპრესიების სახით მოუშუშებელ იარად დარჩა ქართველ ერს. ისტორიას შემორჩა საქართველოს ინტელექტის დახვრეტის შესახებ ოქმები, გაუჩინარებები, გადასახლებები. სტალინური რეპრესიები ქართველების კოლექტიურ მეხსიერებაში ისე ღრმად უნდა ჩაიბეჭდოს, რომ არასდროს მიეცეს დავიწყებას და არავის მივცეთ უფლება, ამ ბნელ წარსულში დაგვაბრუნოს.

სანდრო ახმეტელი და პეტრე ოცხელი

რეჟიმი არ ინდობდა არავის! დღისით თუ ღამით მოდიოდნენ და მიჰყავდათ, ქრებოდნენ ადამიანები და ჯალათები აქრობდნენ საქართველოს საუკეთესო გენს. 1936 წელს ქართველმა ხალმა უბრალოდ კაფკაესკ სცენარში გაიღვიძა, მეტამორფოზა განიცადა და ორუელის პერსონაჟად იქცა. სამი დღე იყო საკმარისი ადამიანის ბედის გადასაწყვეტად. ეს იყო დაკავების, ბრალის წარდგენისა და განაჩენის აღსრულების 3 დღე. პირად არქივებში შემორჩენილია რეპრესირებულების მოგონებები და საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება ამ ადამიანების ბრალდების ოქმები და ის ინფორმაცია, რომელიც საბჭოთა მოხელეებმა ვერსად გადამალეს.

დღეს მოგიყვებით იმ ადამიანების გასაოცარ ისტორიებს, რომლებიც რეჟიმს ემსხვერპლნენ.

ვარვარა ბარქაია (მარჯვნივ) - „ალჟირის“ პატიმართა პორტრტები: სტალინიზმის ისტორიიდან.

ვარვარა დიმიტრის ასული ბარქაია-ჭავჭანიძე

ვარვარა ერთ-ერთი რეპრესირებულთაგანია, მისი შვილი, სიუზანა დედაზე ამბავს იხსენებს : “დედამ მოითხოვა ბავშვს მაინც გამოვემშვიდობებიო… ძლივს მოგლიჯეს ბავშვს დედა. ბებია დედას ამშვიდებდა არ ინერვიულოო, გამოგიშვებენ, დანაშაული არაფერი გაქვს ჩადენილიო." ვარვარა ბარქაია-ჭავჭანიძე 1937 წელს დააპატიმრეს. მეუღლის დაპატიმრებიდან ერთ თვეში. ამ დროს ვარვარას მეუღლე სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. მამაზე საბუთები არ არსებობს, მხოლოდ ის იციან რომ აწამეს, რადგან არ მოაწერა ხელი სიაზე, რომ კონკრეტული ადამიანები მასთან ერთად მუშაობდნენ. ოჯახის წევრებმა გაიგეს, რომ თვალები კონდახით დათხარეს. "ჩემი დეიდაშვილი ციხისკენ წავიდა, ყარაულობდა, იქნებ რაიმე დაენახა. როგორც ჰყვება, გამოიყვანეს ხალხი, წაიყვანეს სამშობიაროს მხარეს, ორთაჭალაში. ეტყობა, იქ დახვრიტეს, მას მამა არ დაუნახავს, მაგრამ სულ გაშიშვლებული ხალხი შენიშნა საბარგო მანქანაში“, - სიუზანა ჭავჭანიძე.

მიხეილ ჯავახიშვილი, ფოტო მარინა შიშნიაშვილის კოლექციიდან

მიხეილ ჯავახიშვილი, ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რეპრესიებს შეეწირა, ის მხოლოდ 56 წლის იყო. მისი უბის წიგნაკიდან კი ეს ერთი საინტერესო ამბავი შემოგვრჩა: „ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის შესარიგებლად საჭიროა ერთ-ერთი: ან ქართველი ხალხი უნდა გარუსდეს, ან ხელისუფალი გაქართველდეს. ჯერჯერობით არც ერთია შესაძლებელი, არც მეორე. მაშასადამე, ხრამი ისევ ხრამად რჩება.

მიწა ჩემი სველია სისხლისა და ცრემლისგან; გული ჩემი სავსეა დარდისა და სევდისგან. ქართველს ვერაფერში დააჯერებ.უნდა მიიყვანო იქამდე, რომ თვითონვე შეიგნოს.ორმოც წელიწადს ვაჯერებდი - სოციალიზმი უდიდესი უბედურებააო, რომ რუსის მუჟიკს უფრო მეტი აქვს მეზობლის შეჭმის მადა, ვიდრე აზნაურს. დაიჯერა მხოლოდ დღეს, როცა იმის ზურგზე დამტკიცდა ეს ცხადი ჭეშმარიტება. ჩემით დაიწყეს - დამითხოვეს. სხვებიც მომყვებიან. ხელისუფლებას სჭირდება მხოლოდ ქვემძრომი ფინაჩები. უხვად არიან. ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო. როცა რუსი უარს ამბობს რუსობაზე, ისევ რუსად რჩება. თუ ქართველი აღარ ქართველობს, იცოდეთ, გარუსებულია. ასეთი განსხვავებაა ქართულ და რუსულ კომუნისტებს შორის. ჩვენ ვიმარჯვებთ, თქვენ კი მარცხდებით“ - წარამარად იკვეხნიან პროლეტმწერალები. ყველა ლომები რომ ამოვჟლიტოთ, ტურაც კი ლომად გასაღდება.

აი, ჩემი პასუხი. მწერალთა სასახლეში ორი მამულიშვილის სურათი ეკიდა. ერთი მათგანი - დ. ყიფიანი რუსებმა მოკლეს, მეორეს კი - დიდ ილიას ქართველებმა გაუხვრიტეს შუბლი. ბოლშევიკებს ძილი უფრთხოდათ. ყიფიანის სურათი ქურდულად გააპარეს, ილიას კი ჯერ ერიდებიან, მაგრამ მისი დროც დადგება. ევროპიდან ჩამოსული ყოველივეს ევროპული საზომით ზომავს. აქედან მელანქოლია, პესიმიზმი და უიმედობა. დღეში ათიოდე აზრს, ნახულს და გაგონილს ვიწერ უბის წიგნაკში. ეს ამბავი ჩვენს მწერლებს სასაცილოდ არ ჰყოფნით. ასე იცინიან ზულუსები და ბუშმენებიც, როცა ევროპელი კბილებს იხეხავს. ერთი დღისა მეშინიან: დრო მოვა და ჩემი ბინის წინ შავი ბალდახინი გაჩერდება.

ჩემი ანდერძის დასასრული: ... ჩვენო შვილებო, დაივიწყეთ ეგ რუსული ისე მკვიდრად, რომ ერთი სიტყვაც არ გაგახსენდეთ.”

ევგენი მიქელაძე მეუღლესთან, ქეთუსია ორახელაშვილთან ერთად

რეპრესიები შეეხო ევგენი მიქელაძეს, თბილისის ბალეტისა და ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირიჟორს, და მის ოჯახს. ქეთევან ორახელაშვილის მოგონება ევგენი მიქელაძის შესახებ: „გამოვედით თეატრიდან. იმ ღამეს იმელის შენობას ხარაჩოებს ხსნიდნენ.

- წამოდი, ვნახოთ რა იმელი.

- არა, ხვალ - მიპასუხა.

მე ვუთხარი: - თუ გვაქვს ეს ხვალ. აი, ეს სიტყვები ვთქვი უცნაურად, მართლაც, არ გვქონდა ის ხვალ და კიდევ კარგი, რომ მოვასწარი მისი ნახვა. სახლში არ დაბრუნებულა. რომ გავახილე თვალები, სამი კაცი იყო ჩემს ოთახში და მკითხეს სად არისო.

ვუთხარი: თეატრშია-მეთქი, არ უნდა მეთქვა, მაგრამ დავიბენი. რომ არ მეთქვა, შეიძლება მოასწრებდა სახლში მოსვლას. ეს სამუდამოდ დამრჩა."

1937 წლის 4 ნოემბერს „ლატავრას“ გენერალური რეპეტიციის შემდეგ ევგენი მიქელაძე თბილისის ოპერის თეატრიდან აიყვანეს. თვალები დათხარეს, მაგრამ მაინც უცვნია დაკითხვაზე მისული ბერიას ხმა.

- კიდევ ამბობ, რომ ხალხის მტერი არ ხარ? - ჯკითხა ბერიამ მიქელაძეს.

- ლავრენტი პავლოვიჩ, მე არასდროს ვყოფილვარ ქვეყნისა და ხალხის მტერი, - უპასუხია მიქელაძეს.

- საიდან იცი, რომ ლავრენტი ბერია ვარ?

- მე კარგი სმენა მაქვს და ხმაზე გიცანით, - უპასუხა მიქელაძემ. ამბობდნენ, ამ სიტყვებზე ბერიამ რკინის ჯოხი გაუყარა ყურებშიო. დახვრეტისას, ევგენი მიქელაძე 34 წლის იყო. 1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, ევგენი მიქელაძის მეუღლე ქეთევან ორახელაშვილს, როგორც სამშობლოს მოღალატეების ოჯახის წევრს, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა აკმილინსკის შრომა-გასწორების ბანაკში.

მარუნია მაყაშვილი

ფოტოზე მარუნია (მარიამ) მაყაშვილია - რაფიელ ერისთავის შვილიშვილი. დახვრიტეს 1937 წელს. ''მე ახლოს ვიცნობდი მარუნია მაყაშვილის ძმისშვილს, მხატვარ რაფო მაყაშვილს და მის მეუღლეს, არაჩვეულებრივი ხალხი იყო. მარუნია მაყაშვილი დააპატიმრეს და გადაასახლეს,სადაც რამდენჯერმე მოუწყვეს რაღაც და ბანაკის კომენდანტის გადაწყვეტილებით, სასამართლოს გარეშე მიესაჯა დახვრეტა, თუმცა როდესაც პირველად გაიყვანეს დასახვრეტად, რუს სალდათებში ყოფილა ერთი ჩერქეზი ბიჭი და იმას უთქვამს, ნახეთ რა სილამაზეა, ამის მოკვლა როგორ შეიძლებაო და კომენდანტს სთხოვა, ენახა სიკვდილმისჯილი. კომენდანტსაც დაენანა მოსაკლავად და 40 დღე რაღაც მძიმე საქმეზე გაუშვეს, მერე ეს ოფიცერი წავიდა და კომენდანტიც შეიცვალა ვანსკში.

რაღაც დროის შემდეგ ისევ მოუწყოს მარუნიას რაღაც და ახალმა კომენდანტმა მას და სხვა 3 ქალს მიუსაჯა დახვრეტა. ამჯერადაც ენანებოდათ ჯალათებს მარუნია დასახვრეტად, თუმცა ერთ სომეხ სალდათს აუღია ჭუჭყიანი სათლი, შიგ რა სიბინძურეც ყოფილა თავზე დაუყრია მარუნიასთვის და ვედრო თავზე ჩამოუმხვია. ახლა უფრო იოლად ვესვრით, მისი სახე ვერ მოგვჭრის თვალსო. ასე დახვრიტეს მარუნია მაყაშვილი. წყეულიმც იყოს სტალინის და ბერიას სახელი სამარადჟამოდ.'' - ჰყვება ბესიკ გამრეკლიძე.

წერილი ციხიდან

ფოტოზე, რეპრესირებული გიორგი ახვლედიანის მიერ ციხიდან შვილისთვის მიწერილი წერილია. დოკუმენტი დაცულია ახვლედიანების საოჯახო არქივში. “მამუკა, ხომ იცი დღეს უდანაშაულო კაცს არასოდეს არ დასჯიან, მაშასადამე, შენ დარწმუნებული უნდა იმაში, რომ როგორც კი გაირჩევა ჩემი საქმე - სიმართლეც გამოჩნდება და გამანთავისუფლებენ. შენთვის 14 წლის განმავლობაში ტყული არასოდეს არ მიტქვამს და მაშასადამე სიმართლეს გელაპარაკები. არავითარი, ერთი გრამი დანაშაული არ მიმიძღვის პარტიისა და ხელისუფლების წინაშე. ყოჩაღად იყავ. “ - უდანაშაულო გიორგი ახვლედიანი 1937 წელს, დეკემბერში დახვრიტეს.

მწერალ-დრამატურგ გერცელ ბააზოვს ინგლისის აგენტობა დასდეს ბრალად, სატრანსპორტო არქიტექტორს ეკატერინე ვაშაკიძეს უცხო ქვეყნის აგენტობა, ბაქტერიოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორ, გრიგოლ ელიავას საფრანგეთისა და ინგლისის აგენტობა. მსახიობი თამარ წულუკიძე-ახმეტელი, 1937 წლის წინ დააპატიმრეს. ბრალად დასდეს, რომ ქმარმა, სანდრო ახმეტელმა, აგენტურ საქმიანობა ჩართო.

სასამართლოზე თამარმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ თვლიდა, თუმცა არ იცოდა, რაში…

ამ ადამიანების სახელები და გვარები შეგიძლიათ სპეციალურ სიაში იხილოთ. ხოლო ის აბსურდულობა რაც მათ ბრალდებებს აქვთ, განხილვას აღარ საჭიროებს. ინფორმაციის წყაროები, ეროვნული არქივი, ეროვნული ფოტომემატიანე, "რეპრესირებულთა ისტორიები - 1937-1938", IDFI, ფოტო ამბები გახლავთ. დღეს უკვე, გვაქვს ინფორმაციების რაღაც ნაწილი რეპრესირებულებზე, მხოლოდ ფოტოები მაინც. არსებობს სპეციალური ვებ-გვერდიც, სადაც იდენტიფიცირებულ რეპრესირებულების სიას იხილავთ.

ზევით