გიორგი გიგაშვილი და NIKAKOI პირველ ერთობლივ ნამუშევარს წარადგენენ
გიორგი გიგაშვილი და Nikakoi პირველ ერთობლივ ნამუშევარს წარადგენენ. სიმღერის „ჩუმად გაგიყვან მინდორში“ ახალი ვერსია 18 სექტემბერს გამოვა.
9 სექტემბერს წინანდლის მუსიკალურ ფესტივალზე გუსტავ მალერის მეორე სიმფონია „აღდგომა“ შესრულდა. წინანდლის ამფითეატრში პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს ვენესუელელი დირიჟორი რაფაელ პაიარე ხელმძღვანელობდა. პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 18-დან 28 წლამდე მუსიკოსებს აერთიანებს და მათ გამოცდილ დირიჟორებსა და სოლისტებთან მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.
კონცერტში მონაწილეობდნენ სოპრანო ჩენ რაისი, მეცო-სოპრანო ოკა ფონ დერ დამერაუ და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი. გუნდის მთავარი ქორმაისტერია ავთანდილ ჩხენკელი.
გუსტავ მალერის მეორე სიმფონია კომპოზიტორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაწარმოებია. მალერი მასზე 1888–1894 წლებში მუშაობდა. სიმფონიის მთავარი თემები სიკვდილს, ადამიანის არსებობის აზრსა და აღდგომის იდეას უკავშირდება. პირველი ნაწილი სამგლოვიარო რიტუალის ხასიათს ატარებს და სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ კითხვებს სვამს, ფინალში კი ნაწარმოებს სოპრანო, მეცო-სოპრანო და გუნდი უერთდებიან. სწორედ ფინალში ჩნდება აღდგომისა და ახალი სიცოცხლის იდეა, რომელმაც სიმფონიის სახელწოდებაც განსაზღვრა.

წინანდალში სიმფონიას რაფაელ პაიარე დირიჟორობდა. იგი მონრეალის სიმფონიური ორკესტრისა და სან-დიეგოს სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური და სამხატვრო ხელმძღვანელია. პაიარე თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან, მათ შორის ნიუ-იორკის, ვენისა და ლოს-ანჯელესის ფილარმონიულ ორკესტრებთან, ბოსტონისა და ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრებთან და ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან.

განსაკუთრებული როლი ჰქონდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდსაც. გუნდის ისტორია XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება და საოპერო სპექტაკლების გარდა მის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებებიც შედის, მათ შორის ბახის, მოცარტის, ვერდის, ჰაიდნის, გია ყანჩელისა და კარლ ორფის ნაწარმოებები. გუნდს ავთანდილ ჩხენკელი ხელმძღვანელობს, რომელიც თბილისის ოპერის მთავარი ქორმაისტერია.

მალერის „აღდგომის“ ფინალში ორკესტრის, სოლისტებისა და გუნდის ერთობლივმა შესრულებამ წინანდლის ამფითეატრში განსაკუთრებული რეაქცია გამოიწვია. კონცერტის დასრულების შემდეგ მაყურებლის ტაში და ოვაცია დიდხანს არ წყდებოდა. ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდის მონაწილეობა, რომელმაც ფინალს დამატებითი სიმძაფრე და მასშტაბი შესძინა.
წინანდლის მუსიკალური ფესტივალი 3 სექტემბერს გაიხსნა და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. წლევანდელი პროგრამა სიმფონიურ და კამერულ კონცერტებს, სოლო საღამოებსა და საოპერო დადგმას აერთიანებს.