ქართული „ტროას ცხენი“ ვენეციის ბიენალეზე: თედო რეხვიაშვილის პროტესტი ოკუპაციის წინააღმდეგ

2026 წლის ვენეციის ბიენალეზე მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნამუშევარი ნაუროს ეროვნულ პავილიონში წარადგინა. ხელოვანმა ეს სივრცე პოლიტიკური მანიფესტისთვის პლატფორმად გამოიყენა და აფხაზეთის ოკუპაციის რეალური ისტორია გააჟღერა.

ნაურო ვენეციის ბიენალეზე წელს პირველად მონაწილეობს. სწორედ ამ ქვეყნის კურატორებისგან მიიღო თედო რეხვიაშვილმა გამოფენაში მონაწილეობის შემოთავაზება. გამომდინარე იქიდან, რომ ნაურომ 2009 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, მხატვარი ამ შემოთავაზებაზე უარის თქმას აპირებდა.

თუმცა, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, მან გადაწყვიტა ეს მოცემულობა პროტესტისთვის გამოეყენებინა.

ნაურუს კურატორებმა იდეას მხარი დაუჭირეს. პავილიონისთვის სულ 11 არტისტი შეირჩა (საიდანაც მხოლოდ ერთი იყო ნაურუელი). ვინაიდან გამოფენის საერთო კონცეფცია კოლონიალიზმს, ეკოლოგიურ კრიზისსა და პატარა ერების გაქრობის საფრთხეს ეხებოდა, ქართველი არტისტის იდეა ომით გამოწვეულ დანაკარგებზე ამ ნარატივში ჩაჯდა. მეტიც, რეხვიაშვილის ნამუშევარი პავილიონის პირველ ექსპონატად შეირჩა.

ბიენალეზე წარდგენილი სკულპტურა, სახელწოდებით „ზღვა, რომელსაც ახსოვს“, ფორმით აფხაზეთის სანაპიროს ნიჟარას გამოსახავს. ავტორის ჩანაფიქრით, ნიჟარა სახლის სიმბოლოა, რომელიც ყველა მოგონებას ინახავს და ყურთან მისი მიდებისას ზღვის ხმებთან ერთად ომის ხმებიც ჩაგვესმის.

სკულპტურაზე ოკუპირებული აფხაზეთის ექვსი მნიშვნელოვანი ქალაქია გამოსახული მზიანი პეიზაჟებითა და ზღვის ხედებით, თუმცა ამ სურათს უპირისპირდება ომის ხმა, რომელიც ნიჟარიდან ზღვის ხმასთან ერთად ისმის.

თედო რეხვიაშვილი აღნიშნავს, რომ ნამუშევრის მთავარი ღერძი არა ღრმა ფილოსოფიური კონცეფცია, არამედ მისი პოლიტიკური განაცხადია. ერთი ხელოვანი ტროას ცხენივითაა შეპარული რუსეთის მეგობარ ნაურუს სივრცეში, რათა თავად მტრის მხარეს ისაუბროს საქართველოზე.

ზევით