23 წლის შემდეგ „How to Lose a Guy in 10 Days“-ის გაგრძელებას ეკრანზე ვიხილავთ

2003 წელს მაყურებელმა პირველად გაიცნო ენდი ანდერსონი და ბენჯამინ ბერი. მათი ურთიერთობის დასაწყისში ორივეს განსხვავებული პროფესიული მიზანი ჰქონდა: ენდის მამაკაცი ათ დღეში უნდა დაეკარგა, ბენჯამინს კი იმავე პერიოდში ქალისთვის თავი უნდა შეეყვარებინა. არც ერთმა არ იცოდა, რას გეგმავდა მეორე და სწორედ ამ გარემოებამ აქცია ისინი რომანტიკული კომედიის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ წყვილად.

How to Lose a Guy in 10 Days

დონალდ პეტრის ფილმში კეიტ ჰადსონი ჟურნალისტ ენდი ანდერსონს განასახიერებს. ენდის სურს პოლიტიკაზე, საზოგადოებასა და მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე წეროს, თუმცა რედაქციაში კვლავ მსუბუქი, პრაქტიკული თემების მომზადებას ავალებენ. მისი ახალი სტატია ექსპერიმენტს ეფუძნება: ენდიმ ურთიერთობაში დაშვებული ტიპური შეცდომები განზრახ უნდა გაიმეოროს და მამაკაცი 10 დღეში ჩამოიშოროს. ამ დროს სარეკლამო სფეროში მომუშავე ბენჯამინ ბერი სანაძლეოს დებს, რომ ნებისმიერ ქალს 10 დღეში შეაყვარებს თავს. გამარჯვების შემთხვევაში მას ბრილიანტების ახალი სარეკლამო კამპანიის ხელმძღვანელობას ანდობენ.

ფილმი მიშელ ალექსანდერისა და ჯინი ლონგის ამავე სახელწოდების იუმორისტულ ილუსტრირებულ წიგნს ეფუძნება, თუმცა მისი სიუჟეტი სცენარისტებმა დამოუკიდებლად განავითარეს. ერთი შეხედვით მარტივი ამბის ცენტრში ორი თანაბრად ძლიერი პერსონაჟია: ორივე ურთიერთობას პროფესიული მიზნის მისაღწევად იყენებს, საბოლოოდ კი მათივე ჩანაფიქრი მათ წინააღმდეგ შემობრუნდება.

how to loos a guy in 10 days

„How to Lose a Guy in 10 Days“-მა მსოფლიო კინოგაქირავებაში 177 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ფილმის საკულტო სტატუსი არა მხოლოდ კომერციულმა წარმატებამ, არამედ ჰადსონისა და მაკკონაჰის ეკრანულმა ქიმიამ და სწრაფმა დიალოგებმაც განსაზღვრა.  

დროთა განმავლობაში ფილმის ცალკეული დეტალებიც დამოუკიდებელ სიმბოლოებად იქცა. ენდის ყვითელი კაბა, „სიყვარულის გვიმრა“, წყვილების თერაპიის სცენა და კარლი საიმონის „You’re So Vain“ დღემდე ინარჩუნებს ადგილს პოპ-კულტურაში. ყვითელი კაბა კოსტიუმების დიზაინერმა კარენ პეჩმა Carolina Herrera-ს გუნდთან ერთად შექმნა.

how to loos a guy in 10 days

ფილმის ხანგრძლივი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი ენდის პერსონაჟია. ის მხოლოდ სიყვარულზე ორიენტირებული რომანტიკული კომედიის გმირი არ არის: საკუთარი პროფესიული მიზნები აქვს და საბოლოოდ ტოვებს სამსახურს, რომელიც მის შესაძლებლობებს ზღუდავს.

სტატიისთვის ენდი განზრახ იქცევა ეჭვიან, მომთხოვნ და ზედმეტად დამოკიდებულ პარტნიორად. მაყურებელმა იცის, რომ ეს მისი ნამდვილი ხასიათი არ არის, ამიტომ ფილმი ამ ქცევებით ქალების შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპებს დასცინის. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობებზე ზოგიერთი წარმოდგენა დღეს მოძველებულად გამოიყურება, ეს ირონიული მიდგომა ფილმს ახალი თაობის მაყურებლისთვისაც საინტერესოს ხდის. 

ფილმის გაგრძელების შესახებ საუბარი წლებია მიმდინარეობს. კეიტ ჰადსონის თქმით, მაყურებლები ხშირად ეკითხებოდნენ, როგორ გაგრძელდა ენდისა და ბენჯამინის ცხოვრება. თავად ჰადსონიც და მაკკონაჰიც დაბრუნების შესაძლებლობას დადებითად განიხილავდნენ.

23 წლის შემდეგ Paramount-მა პროექტზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყო. გაგრძელება ჯერ განვითარების ადრეულ ეტაპზეა: შემქმნელები სცენარისტს ეძებენ, რეჟისორი და გამოსვლის თარიღი კი უცნობია. კეიტ ჰადსონი პროექტის პროდიუსერია. სტუდიას სურს, ენდისა და ბენჯამინის როლებს ჰადსონი და მაკკონაჰი დაუბრუნდნენ, თუმცა მათი მონაწილეობა ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.

How to Lose a Guy in 10 Days

ახლა მთავარი კითხვა ისაა, როგორ გააგრძელებენ ისტორიას, რომელიც დასრულებული ჩანდა. ახალ ფილმს მხოლოდ ათდღიანი ექსპერიმენტის გამეორება ვერ გაამართლებს. მან უნდა გვაჩვენოს, როგორ შეიცვალნენ ენდი და ბენჯამინი ბოლო 23 წლის განმავლობაში და როგორია მათი ურთიერთობა სამყაროში, სადაც მედია, რეკლამა და ურთიერთობების წესები სრულიად შეიცვალა.

ზევით