
17 იანვარს ქართული ეროვნული ბალეტი სუხიშვილები ნიუ-იორკში, კარნეგი ჰოლის სცენაზე წარდგა და ქართული ქორეოგრაფიული მემკვიდრეობა მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინა.
1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის მიერ დაარსებული ქართული ეროვნული ბალეტი ათწლეულების განმავლობაში ქართული კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად ჩამოყალიბდა. მრავალწლიანი საერთაშორისო საქმიანობის განმავლობაში სუხიშვილებმა ხუთ კონტინენტზე და ოთხმოცზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურეს და მილიონობით მაყურებელი აღაფრთოვანეს ჩვენი ქვეყნის კულტურით.
„კარნეგი ჰოლში, ლეგენდარულ სცენაზე გამოსვლა უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად განსაკუთრებული პატივია. ეს ჩვენი ანსამბლის განვითარების გზაზე ისტორიულ ეტაპს წარმოადგენს“, - ნინო სუხიშვილი
ნიუ-იორკში წარმოდგენილი პროგრამა სუხიშვილების რეპერტუარის შერჩეულ ნიმუშებს აერთიანებდა.