#კულტურა

როგორ აღნიშნავენ შობას მსოფლიოს ქვეყნებში

გაზიარება:

შობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში განსხვავებული და უნიკალური ტრადიციებით აღინიშნება. ზოგჯერ ეს ტრადიციები ჩვენთვის უჩვეულოა, ხანდახან კი, ჩვენდა გასაკვირად, ნაცნობიც შეიძლება აღმოჩნდეს და ქართულსა და შორეული ქვეყნის ტრადიციებს შორის მსგავსებებიც აღმოვაჩინოთ.

დანია

დანიაში შობის ღამეს, მანამ სანამ ერთმანეთს საჩუქრებს გადასცემენ, მთელი ოჯახი ხელჩაკიდებული ნაძვის ხის გარშემო ცეკვავს და შობის სიმღერებს მღერის.

Christmas in Denmark, შობა დანიაში, დანია, შობის დღესასწაული, შობის ტრადიცია

ნაძვის ხეს დანიაში ხშირად ნამდვილი სანთლებით რთავენ. შობის ღამის ტრადიციაა ელფებისთვის განკუთვნილი ტკბილი ფაფის მომზადებაც. დანიელების რწმენით, ეს ელფები ოჯახებს მძიმე ზამთრის გადატანაში ეხმარებიან და ტკბილი ფაფა სიმბოლურად მადლიერების გამოხატულებაა. დღესასწაული ნოემბრის პირველი პარასკევიდან იწყება. დეკემბერში კი, დანიელები ყოველ დღე დიდ სანთელს ანთებენ, მანამ სანამ შობის დღე არ მოახლოვდება.

kalenderlys candel
სანთელს kalenderlys ჰქვია და დანიელები მას ყოველ დღე, 24 დეკემბრის ღამემდე ანთებენ.

ეთიოპია

ეთიოპიაში მოსახლეობის ნაწილი შობას 7 იანვარს აღნიშნავს. აფრიკის ქვეყანაში შობა წმინდად რელიგიური დღესასწაულია და ნაკლებად იზიარებს სხვა ქვეყნის ტრადიციებს, როგორებიცაა მაგალითად საჩუქრების გაცემა.

ეს ეთიოპური ეკლესიაა, სახელად Lalibela. მსგავსი ეკლესიები ეთიოპიაში რამდენიმეა და ყველა მათგანი კულტურულ ძეგლადაა აღიარებული. ეთიოპელები შობას Lalibela-ებში აღნიშნავენ. ph: Luca Belis/Getty Images

ეთიოპიელი ქრისტიანები შობის დღეს 43-დღიან მარხვას ასრულებენ, 43 დღის განმავლობაში ისინი არ მიირთმევენ ხორცს, კვერცხსა და რძის პროდუქტებს. შობის დღეს კი, რომელსაც Ganna/Genna ეწოდება, თეთრებში გამოწყობილები წირვას ესწრებიან. სოფლებში კი, დღემდე თამაშობენ ტრადიციულ თამაშს Ye Genna Chewata-ს, რომელიც ჰოკეის წააგავს. ლეგენდის თანახმად ეს თამაში სწორედ იმ მწყემსების მოგონილია, რომლებსაც იესოს დაბადების შესახებ პირველებს ეუწყათ.

Ye Genna Chewata
ეთიოპიელები Ye Genna Chewata-ს თამაშისას. ph: Marco Ilamas

საფრანგეთი

ფრანგები შობას 24 დეკემბრის ღამეს ხვდებიან, თუმცა საშობაო განწყობა პიკს 6 იანვარს, ეპიფანიის დროს აღწევს. ეპიფანია კათოლიკურ ეკლესიაში მაცხოვრის განცხადებას ნიშნავს. ოჯახები ამ დღეს მიირთმევენ "მეფის ნამცხვარს", იგივე Galette des Rois. ეს ნამცხვარი საკმაოდ ტკბილია, ფენოვანი ცომით კეთდება და შიგთავსად ნუშის კრემი აქვს.

galettes des rois

ხშირად, ნამცხვარში პატარა ფიგურაა დამალული, ხოლო მას, ვის ნაჭერშიც ეს ფიგურა აღმოჩნდება, თავზე ქაღალდის გვირგვინს დაადგამენ და იმ დღეს მეფის ტიტულიც მისი გახდება.

la fête des rois

ფინეთი

ფინეთში კი შობა ოჯახური დღესასწაულია და მთავარი სწორედ ოჯახთან ერთად დროის გატარებაა. შობის დღეს ფინელები ესწრებიან საშობაო წირვას და სასაფლაოებზე მიდიან, რათა გარდაცვლილი ახლობლებისთვის სანთლები დაანთონ.

joulusauna, საშობაო საუნა. ფინეთი
ph: Laura Vanzo/Visit Tampere

ასევე პოპულარული ტრადიციაა joulusauna, ანუ საშობაო საუნა, სადაც ოჯახები შობის დღეს, შუადღეზე განსაბანად საუნაში მიდიან. ფინელების რწმენით, ყველა საუნას საკუთარი ელფიც კი ჰყავს, რომელსაც ყურადღება არ უნდა მოაკლდეს! ამიტომაც საუნაში ხშირად მიაქვთ ხოლმე საჩუქრები, ძირითადად ტკბილეულობა. საუნიდან გამოსულები სადღესასწაულოდ იმოსებიან, საშობაო სუფრას შემოუსხდებიან და Joulupukki-ს, ფინელი სანტას საჩუქრების გახსნას იწყებენ.

ჰელსინკი, ფინეთი, შობა ფინეთში
საშობაოდ მორთული ჰელსინკი

გვატემალა

la quema del diablo, შობა გვატემალაში

ისევ გავცდეთ ევროპას და ამჯერად გვატემალას შობის ტრადიციებს შევავლოთ თვალი. გვატემალაში შობის სეზონი 7 დეკემბერს იწყება, საინტერესო რიტუალით, რომელსაც la quema del diablo ჰქვია. ამ დროს გვატემალაში ხალხი "ეშმაკს წვავს".

la quema del diablo, შობა გვატემალაში

საღამოს, აუცილებლად 6 საათზე ადამიანები იკრიბებიან და ეშმაკის ფიგურებსა და უსარგებლო ნივთებს წვავენ, რათა სახლში სულიერმა სიმშვიდემ დაისადგუროს. ამ ტრადიციას ბევრი აკრიტიკებს, რადგან დიდი რაოდენობით ნივთების დაწვა გარემოზე ცუდად აისახება.

სხვათა შორის, დაწვის ტრადიცია ეკვადორშიც გვხვდება, ოღონდ იქ ეშმაკის ფიგურას კი არა, იმ ადამიანების ფიგურებს წვავენ, ვინც დიდად გულზე არ ეხატებათ. მაგალითად რომელიმე პოლიტიკოსის ფიგურას. ხალხი ასევე პატარა ფურცელზე წერს იმას, თუ რატომ გადაწყვიტა ამ ფიგურის დაწვა და სამომავლოდ ქვეყანაში ან პირად ცხოვრებაში რა ცვლილებები სურს. ეკვადორელები ერთად იკრიბებიან და ძველი წლის ცუდ მოგონებებს დიდ კოცონზე წვავენ.

იაპონია

შობა იაპონიაში, შობის ტრადიცია იაპონიაში, KFC Christmas, Kentucky for Christmas
ph: Coffeekai/Dreamstime

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის მოსახლეობის მხოლოდ 1.1%-ია ქრისტიანი, შობის დღესასწაული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონელებში ძალიან პოპულარული გახდა. დღეს, იაპონია ამ დღესასწაულს, როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, სწრაფი კვების ობიექტის, KFC-ის გემრიელობებით აღნიშნავს. KFC-მ იაპონიაში 1974 წელს კამპანია "Kentucky for Christmas" წამოიწყო, რაც ტოკიოში მცხოვრები უცხოელებისთვის იდეალური გამოსავალი იყო, რადგან იმ დროს საშობაოდ ინდაურის ხორცს ვერ ყიდულობდნენ, KFC-ის ქათმის კერძების შეძენა კი მარტივად შეეძლოთ. იაპონიაში შობის დღესასწაული მხოლოდ ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, იაპონელი მშობლები ყიდულობდნენ ტკბილეულობას და ბავშვებისთვის საშობაო წვეულებებს მართავდნენ. KFC-მ კი შობა ზრდასრულების დღესასწაულად გადააქცია, ღვინო და შემწვარი ქათმის ხორცი სუფრის მთავარი ნაწილი გადახადა. შობის დღესასწაულის დღეებში KFC-ის დღემდე უამრავი მომხმარებელი ჰყავს.

ნორვეგია

თურმე, ნორვეგიაში შობის დღეს ბოროტ სულებსა და ჯადოქრებს გარეთ აქეთ-იქით ფრენა ძალიან ჰყვარებიათ.

ნორვეგია, შობა ნორვეგიაში
ნორვეგიული ფოლკლორის მიხედვით ჯადოქრები და ბოროტი სულები საფრენად ცოცხებს ეძებენ, ამიტომაც უნდა გადამალონ ოჯახებში ცოცხები.

ამიტომაც, ნორვეგიელები მათგან თავის დასაცავად ცოცხებს საგულდაგულოდ მალავენ. ნორვეგიელებს თუ დავუჯერებთ, თუკი ჯადოქარი სახლში ცოცხს ვერ მიაგნებს, იმ ოჯახს მაშინვე თავს დაანებებს და გაეცლება.

ზევით