ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
ოლიმპიური თამაშების პარალელურად, კულუარებში ფოტოგრაფების მარათონი მიმდინარეობს. მედლების ნაცვლად კი მსოფლიო აღიარება გაიცემა. ჯერ-ჯერობით ფრანგი ფოტოგრაფი, ჟერომ ბრუიე ლიდერობს.
“დაფა და სერფერი - ეს ნამდვილი პლანეტების განლაგებაა” - ჟერომ ბრუიე, ფრანგი ფოტოგრაფი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე კარიერის მთავარი ფოტო გადაიღო.
ბრაზილიელი სერფერის ზღაპრული კადრი ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა. ის ზოგს ფოტოშოპის, ზოგსაც ხელოვნური ინტელექტის ნახელავი ეგონა.
მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ჰაერში “მდგომი” სერფერი, გაბრიელ მედინა, რომელიც ცაში თითს იშვერს, ტალღიდან ახალი გამოსული იყო, როცა ფრანგი ფოტოგრაფის ობიექტივში აღმოჩნდა. ჟერომი ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ფოტოს სიდიადე იმ წამს თავადაც ვერ გაიაზრა.
მედიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გემბანზე სერფერების გამოჩენას ჩასაფრებულმა ფოტოგრაფმა 4 კადრი გადაიღო, რომელიც ავტომატურად Agence France-Presse-ის რედაქციას გადაეგზავნა. სულ რამდენიმე წუთში ჯერემის ტელეფონმა გაუჩერებლივ ვიბრაცია დაიწყო. ფოტო სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელებული იყო. ბრაზილიური მედიის ინსტაგრამ გვერდზე მედინას ფოტოს ათასობით მოწონება ჰქონდა, ფოტოგრაფს კი სამი ათასი ახალი გამომწერი მოემატა და მეილი ჟურნალისტების გზავნილებით აივსო.
ფოტოზე ბრაზილიელი ოლიმპიელი გაბრიელ მედინაა აღბეჭდილი. სერფერმა, მეტსახელად "ჯადოქარმა” 29 ივლისს Teahupo’o-ში გამართულ სერფინგის ტურნირში იასპარეზა. მედინას გაუმართლა და ოლიმპიური დღის საუკეთესო ტალღა დაიჭირა. სერფერმა ეს შანსი იდეალურად გამოიყენა და ოლიმპიური სერფინგის ისტორიაში ყველაზე მაღალი, 9.9 ქულა (მაქსიმუმი 10 ქულაა) მოიპოვა. ხუთშაბათს მედინა ასევე ბრაზილიელ სერფერს, ჟოაო ჩიანკას დაუპირისპირდება. დღის საოცარი კადრი გაბრიელ მედინამ თავის ინსტაგრამ გვერდზეც გააზიარა. მედალს აიღებს თუ ვერ აიღებს, ის სოციალური მედიის ფავორიტი უპირობოდ დარჩება. ჟერომის ფოტოს უკვე 6 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.
ჟერომი აღნიშნავს, რომ ეს წარმატება გუნდური მუშაობის დამსახურებაა. მაშინ, როცა ჟერომი ჯერ კიდევ ტაიტის ტალღებზე მოცურავე პრესისთვის განკუთვნილ გემში იჯდა, AFP-ს რედაქტორმა ფოტოს სიდიადე მაშინვე შენიშნა და ის წამებში გამოაქვეყნა. ბრუიე Teahupo'o-ს კარგად იცნობს. ის ტაიტიზე საცხოვრებლად 10 წლის წინ, მარსელიდან გადავიდა. ფოტოგრაფი ფრანგულ მედიასთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს. თავადაც სერფინგითაა დაკავებული, მაგრამ მისთვის Teahupo'o-ს პატარა ტალღებიც კი საშიშად გამოიყურება. მას რისკზე წასვლა არ უყვარს. სამაგიეროდ რისკსა და უზარმაზარ ტალღებს ბრაზილიელი მედინა არ უშინდება, ჟერომი კი გასაოცარი კადრების აღბეჭდვისთვის მუდმივ მზადყოფნაშია.