ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
საიდან მოდის სიტყვა paparazzo? მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ყველასათვის ცნობილია და მთელ მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება, მისი წარმომავლობის ზუსტი ისტორია ყველასათვის უცნობია. რაც ზუსტად ვიცით, ის არის, რომ სიტყვა, პირველად ფილმში გაისმა, არა ჩვეულებრივ ფილმში, არამედ ფედერიკო ფელინის საკულტო La Dolce Vita-ში (1960). ფილმი მოგვითხრობს მარჩელო მასტროიანის პერსონაჟის - რეპორტიორის შესახებ, რომელიც რომის ქუჩებში ღამღამობით ახალი ისტორიის მოსაპოვებლად დაეხეტება.
იდეალური კადრის დასაჭერად, პირველი პაპარაცი მიმართავს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას და კანონების დარღვევასაც არ ერიდება.
თუმცა ფილმის გამოსვლამდე 10 წლით ადრე, 1950-იან წლებში, რომის ქუჩებში, პრეს-ფოტოგრაფების სამიზნედ ცნობილი კინოს ვარსკვლავები მართლად იქცნენ. პაპარაცების ისტორიის შემქმნელებმა, საკვანძო ფიგურებმა, ისეთებმა როგორებიც არიან ტაზიო სეკიაროლი, მარჩელო ჯეპეტი, ელიო სორი, ლინო ნანი და ეზიო ვიტალი, სულ უფრო და უფრო აქტიურად დაიწყეს მუშაობა ვარსკვლავების არაფორმალური სურათების დასაჭერად. ფოტოგრაფების სამიზნედ იქცნენ ავა გარდნერი, მიქელანჯელო ანტონიონი და სოფია ლორენი.
ფედერიკო ფელინიმ, La Dolce Vita-ში წარმოუდგენელი სიზუსტით ასახა ფოტოგრაფების სამუშაო პროცესი, რომელიც ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების დეტალებზე ნადირობას მოიაზრებდა. როგორც ცნობილია, ფელინის შთაგონების წყარო პაპარაცების მეფედ წოდებული ფელისე კვინტო იქცა. რეჟისორმა ფოტოგრაფი კაფე Via Veneto-ში გაიცნო. არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ პაპარაცოს როლი ფედერიკომ სწორედ კვინტოს შესთავაზა, თუმცა ფოტოგრაფმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
1960 წელს ანიტა ეკბერგის და მისი პაპარაცის სკანდალმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ამ პროფესიის წარმომადგენლების ფორმირებასაც შეუწყო ხელი. ფელისე კვინტომ მსახიობი, დაოჯახებულ რეჟისორთან კოცნის დროს დააფიქსირა ღამის კლუბში, თუმცა მხოლოდ ამას არ დასჯერდა და ანიტას სახლამდე გაჰყვა. პირადი სივრცის ასეთი მასშტაბებით დარღვევისთვის ეკბერგმა სახლიდან მშვილდი გამოიტანა და ფელისეს ხელში ესროლა. ამ ამბავმა რამდენიმე საათის წინ გადაღებული ფოტოებიც კი გადაფარა.
დროთა განმავლობაში სწორედ ეს ფარული და სულ უფრო სკანდალური სურათები ხვდებოდა გაზეთების გარეკანებზე. ცნობილ ადამიანებზე ადევნების პრაქტიკა უფრო და უფრო გაიზარდა და მღელვარებამაც იმატა. პაპარაცების კონცეფციამ თავისებურად მიიღო იდენტობა, რომლის თანახმადაც, ფოტოგრაფები გადაადგილდებოდნენ ჯგუფურად და ცნობილ ადამიანებს ორგანიზებულად "ესხმოდნენ თავს" ფოტოაპარატების ხმაურითა და განათებებით.