რვა ფილმი ვენეციის კინოფესტივალის მთავარი კონკურსიდან

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი 27 აგვისტოს, 82-ე გამოშვებით ბრუნდება. 6 სექტემბრის ჩათვლით, ლიდოს კუნძული მსოფლიოს საუკეთესო რეჟისორებს უმასპინძლებს, რომელთა ნამუშევრები კრიტიკოსების მოწონებისა და „ოქროს ლომისთვის“ იბრძოლებენ. პროგრამა უკვე ცნობილია და მოლოდინებიც მაღალია. The Diary მთავარი საკონკურსო პროგრამიდან რვა გამორჩეულ ფილმს წარმოგიდგენთ.

THE WIZARD OF THE KREMLIN

The Wizard of the Kremlin, კრემლის ჯადოქარი, ჯუდ ლოუ ვლადიმირ პუტინი

21-ე საუკუნის ტირანი და დიქტატორი, ვლადიმირ პუტინი, სიცოცხლეშივე იხილავს ფილმს საკუთარი ცხოვრების შესახებ. ფრანგი რეჟისორის, ოლივიე ასაიასის ახალი ნამუშევარი, „კრემლის ჯადოქარი“, რომელიც ჯულიანო და ემპოლის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური კარიერის დასაწყისზე მოგვითხრობს. ფილმში პუტინის როლს ჯუდ ლოუ შეასრულებს, ხოლო მის პოლიტიკურ სტრატეგს, ვადიმ ბარანოვს, პოლ დანო განასახიერებს. ეს ასაიასის მეორე ფილმია, რომელიც ვენეციის „ოქროს ლომის“ მოსაპოვებლად იბრძოლებს. „კრემლის ჯადოქარი“ არა მხოლოდ პუტინის ბიოგრაფიას გაგვაცნობს, არამედ თანამედროვე ტიპის განუსაზღვრელი ძალაუფლების კულისებში შეგვახედებს.

AFTER THE HUNT

ლუკა გუადანინოს ახალი ტრილერი აკადემიურ სამყაროში დატრიალებულ სკანდალზე მოგვითხრობს. ფილმი უნივერსიტეტის პროფესორს გვაცნობს, რომელიც პირად და პროფესიულ სირთულეებს მას შემდეგ ეჩეხება, რაც მისი საუკეთესო სტუდენტი კოლეგა პროფესორს ბრალს წაუყენებს, სავარაუდოდ, ძალადობაში. მთავარ როლებში ვიხილავთ ჯულია რობერტსს, აიო ედებირსა და ენდრიუ გარფილდს. ჯულია რობერტსის პერსონაჟს უცნაური ურთიერთობა აქვს კოლეგებთან და სტუდენტებთან, ბევრ საიდუმლოსაც მალავს და ყველაფერი ერთდროულად ამოდის ზედაპირზე.

BUGONIA

ყოველი პრემიერის შემდეგ, მაყურებელი ფიქრობს, რომ იორგოს ლანთიმოსის ფანტაზია ამიერიდან ვეღარავის გააკვირვებს, თუმცა რეჟისორი ახალი ნამუშევრებით მაინც ყველას გაოცებას ახერხებს. Bugonia მისი ახალი ფილმია, რომელშიც მთავარ როლს ლანთიმოსის „მუზად“ ქცეული ემა სტოუნი ასრულებს. ორი, შეთქმულების თეორიით შეპყრობილი პერსონაჟი, მთავარ გმირს, ერთ-ერთი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს გაიტაცებენ, რადგან სჯერათ რომ ის უცხოპლანეტელია, რომელსაც სამყაროს განადგურება სურს. 

FATHER MOTHER SISTER BROTHER

father mother sister brother, ჯიმ ჯარმუში, ვენეციის კინოფესტივალი 2025

ჯიმ ჯარმუშის ახალი ფილმი, რომელშიც კეით ბლანშეტი, ადამ დრაივერი და შარლოტ რამპლინგი მონაწილეობენ, სამ ქალაქში განვითარებულ ისტორიებს გვიამბობს. ეს ისტორიები ოჯახური თემატიკითაა გაერთიანებული. მთავარი გმირები გაუცხოებული და-ძმები არიან, რომელიც წლების შემდეგ კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და ცდილობენ ძველი ტრავმები და წყენები გადააფასონ. მშობლები კი, როგორც აღმოჩნდა, არასდროს ყოფილან მათ გვერდით. კრიტიკოსების თქმით, ჯარმუშის ვიზუალური თხრობის პოეტური სტილი და სიჩუმით სავსე კადრები ფილმს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.

NO OTHER CHOICE

პარკ ჩან ვუკის ახალი ნამუშევარი, დონალდ ვესტლეიკის 1996 წლის რომანის „ცული“ კორეული ადაპტაციაა. ამ ძალადობრივ კომედიურ თრილერში სამხრეთ კორეელი კინოვარსკვლავები, ლი ბიონ-ჰუნი და სონ იე-ჯინი მონაწილეობენ. ფილმი მან-სუს შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც გაზეთების კომპანიიდან მოულოდნელად გაათავისუფლებენ და ახალი სამსახურის ძიებაში, სასოწარკვეთილი გადაწყვეტს, ყველა კონკურენტი ცივსისხლიანად მოიშოროს. სიუჟეტის ძირითადი ხაზის მიღმა, რეჟისორი სამხრეთ კორეის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სირთულეებს ასახავს.

THE VOICE OF HIND RAJAB

The Voice Of Hind Rajab, ჰინდ რაჯაბის ხმა, ვენეციის კინოფესტივალი

ეს კი ის ფილმია, რომელსაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის. ტუნისელი რეჟისორის, კაუტერ ბენ ჰანიას უახლესი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ჰინდ რაჯაბის ხმა“ ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ნამუშევრად სახელდება. ფილმი მოგვითხრობს 6 წლის პალესტინელი გოგონას, ჰინდ რაჯაბის ტრაგიკულ ისტორიას, რომელიც გასულ წელს, ღაზაში ისრაელის ძალებმა ოჯახის ექვს წევრთან ერთად მოკლეს. ფილმი გოგონას ბოლო სატელეფონო ზარის მიხედვითაა გადაღებული, სადაც ის დახმარებას ითხოვს, როდესაც ცეცხლის ქვეშ მოხვედრილ მანქანაშია ჩარჩენილი.

FRANKENSTEIN

ოსკაროსანი რეჟისორი გილერმო დელ ტორო მერი შელის კლასიკის, „ფრანკენშტაინის“, ახალ გოტიკურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ფილმი ვიქტორ ფრანკენშტაინის, ბრწყინვალე, მაგრამ ეგოცენტრული მეცნიერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საზარელი ექსპერიმენტის დროს ამოუხსნელ არსებას ქმნის. ფილში მონაწილეობენ ოსკარ აიზეკი, ჯეიკობ ელორდი, მია გოთი თუ კრისტოფ ვალცი.

THE SMASHING MACHINE

ეს ფილმი კი, ბიოგრაფიული დრამაა, რომელიც UFC-ის ლეგენდის, მარკ კერის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმი MMA-ს მებრძოლის კარიერის პიკსა და წარმატების პარალელურად გაჩენილ პირად სირთულეებს აღწერს. მარკ კერის როლს დუეინ ჯონსონი ასრულებს, რომელიც ამ ფილმში სრულიად ახალ ამპლუაში მოგვევლინება.

ზევით