ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
Miss Sohee-ის კუტურის კაბებში გამოწყობილი მოდელები ჰაეროვნად ლივლივებდნენ პოდიუმზე და ჯადოსნურ გარემოს ქმნიდნენ. დიზაინერი სოჰი პარკი, რომელიც დრამატული სილუეტებითა და გამორჩეული ესთეტიკითაა ცნობილი, სულ რაღაც 28 წლისაა. ახალბედა დიზაინერებს მაღალი მოდის ჩვენებებზე იშვიათად ვხვდებით, რადგან ოტ კუტური დაუღალავ შრომას მოითხოვს, თუმცა სოჰი პარკი ამ გამოწვევას თამამად უმკლავდება.
დიზაინერის თქმით, კუტურის განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ იქ ხელოვნებასა და მოდას შორის ყველა საზღვარი ქრება. რთულია, არ დაეთანხმო სოჰის, რადგან წლებია მაღალი მოდის კვირეულებზე, მოდის სახლები ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებით გვანებივრებენ.
პარკი 2020 წელს გავიცანით, როცა პირველი კოლექცია Instagram-ზე გაავრცელა. ყვავილების თემატიკაზე შექმნილმა კაბებმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და წითელ ხალიჩაზე სოჰის დიზაინებში გამოწყობილი ვარსკვლავები გამოჩნდნენ. მისი კაბები ისეთმა ვარსკვლავებმა მოირგეს, როგორებიც მაილი საირუსი, ბელა ჰადიდი და არიანა გრანდე არიან. 2025 წელს კი პარკი პირველად გამოჩნდა პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ოფიციალურ პროგრამაში. ამ დებიუტით ის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა და ამავდროულად, იმ მცირერიცხოვან ქალ დიზაინერებს შორის მოხვდა, რომლებიც მოდის ყველაზე მნიშვნელოვან დღეებში იღებენ მონაწილეობას.
„ეს კოლექცია ჩემთვის ძალიან პერსონალურ მნიშვნელობას ატარებს,“ აღნიშნავს დიზაინერი. „ეს არის ჩემი, როგორც დიზაინერის, განვითარების მაჩვენებელი და ჩემი სამხრეთ კორეული ფესვებისადმი მიძღვნილი ოდა...“
მისი ხელწერა გრანდიოზული სტილის კაბებით გამოირჩევა, რომლებსაც ყოველთვის ულამაზესი კორსეტები ამშვენებს. პარკი შთაგონებას ბუნებისგან იღებს - ბუნებრივი ფორმები მის ნამუშევრებში მკაფიოდ იკითხება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ტრადიციულ კორეულ ხელსაქმეს, მათ შორის ნაჯეონჩილგის (mother-of-pearl inlay) ტექნიკასა და კორეული ფოლკლორული ხელოვნების (Minhwa) მოტივებს. მისი უახლესი კოლექცია უფრო მუქი ტონებით გამოირჩეოდა. ვიხილეთ ტყავის სამოსი, კორსეტები და დახვეწილი დეტალები. დიზაინებში ჭარბობდა შავი ხავერდი, მაქმანი და მონაცრისფრო, პასტელური ფერები, როგორიცაა ლავანდისფერი, მტვრიანი ვარდისფერი და შამპანურის ტონალობები.
პარკის მოდით დაინტერესება ბავშვობაში დაიწყო - დედა მხატვარი ჰყავს, ბებია კი ტრადიციული ქარგვის ოსტატი იყო. მას შემდეგ, რაც კარლ ლაგერფელდის მიერ Chanel-ისთვის კუტურის ჩვენება ნახა, მიხვდა, რომ მოდისთვის უნდა მიეძღვნა ცხოვრება. სწავლა ლონდონში, Central Saint Martins-ში დაიწყო და პარალელურად Marc Jacobs-ის გუნდში მუშაობდა, სადაც ქარგვის ხელოვნებას ეუფლებოდა.
პარკის ნამუშევრებს ძირითადად ახლო აღმოსავლეთის სამეფო ოჯახის წევრები ირგებენ. თითოეული კაბის შექმნას კი ზოგჯერ ერთ წელზე მეტი სჭირდება.
სოჰი პარკი უმოკლეს დროში იქცა მაღალი მოდის მნიშვნელოვან ფიგურად. მისი უნიკალური ხედვის ნაწილია ტრადიციული ხელით ნამუშევარი სამოსის თანამედროვე მოდასთან და ფორმებთან შთამბეჭდავი ნაზავი. პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე წარმატებული ჩვენებით დაამტკიცა, რომ ის ამომავალი ვარსკვლავია მოდის სამყაროში, რომლის დიზაინები მომავალშიც არაერთხელ გაგვაოცებს.
Photos: Estrop/Getty Images