მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეული პოლონელი მოდელის, მალგოჟია ბელას შემოქმედებით საღამოს უმასპინძლებს. 10 მაისს, სასტუმრო ტელეგრაფში მოდელი საკუთარ წიგნს Winter Girl წარადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ მოდის სამყაროსთვის ფოტოალბომები და ე.წ. coffee table ჟურნალები უცხო არ არის, Winter Girl სრულიად განსხვავებულ რეტროსპექტივას გვთავაზობს. პოლონელი მოდელი იუმორითა და თვითირონიით გულწრფელ, ინტიმურ და ამავდროულად ღრმა პერსონალურ ნარატივს ქმნის, რომლის მთავარი პერსონაჟიც თავადაა.
წიგნის სათაური ერთი შეხედვით უმნიშვნელო ისტორიისგან იღებს სათავეს, რომელიც მოგვიანებით მნიშვნელოვანი თვითაღმოჩენის ნაწილად იქცა. მას შემდეგ, რაც ზაფხულის სეზონზე მალგოჟიას რამდენიმე გადაღება გაუუქმდა, მისმა აგენტმა, ხოსემ, უთხრა: „უბრალოდ დამშვიდდი და არდადეგებით ისიამოვნე… შენ უფრო ზამთრის გოგონა ხარ“.
მივხვდი, რომ ტოპები, მოკლე ქვედაბოლოები და საცურაო კოსტიუმები ჩემთვის არ ყოფილა. ზამთრის გოგონა ნიშნავს, რომ ყველაზე ეფექტური მაშინ ხარ, როცა შეფუთული ხარ. რა გაეწყობა…

წიგნის საფუძვლად მალგოჟია ბელასა და მისი საუკეთესო მეგობრისა და გამომცემლის, Philipp Niedenthal-ის მრავალწლიანი საუბრები იქცა. მათ ერთად აღადგინეს ორი ათწლეულის განმავლობაში დაგროვილი ისტორიები და შექმნეს წიგნი, რომელსაც ბელა მოდის ინდუსტრიის გამორჩეული ხელოვანებისადმი მიძღვნილ ოდას უწოდებს.
გამოცემა 10 ესეისგან შედგება, რომლებიც სამოდელო კარიერის რთულ დასაწყისს, პირადი და პროფესიული ურთიერთობების დინამიკას და ინდუსტრიის შიგნით ცხოვრების მრავალშრიან გამოცდილებას აერთიანებს. წიგნში შესულია 100-მდე ფოტო, რომლებიც ტექსტს ორგანულად ებმის და მოგონებებივით იშლება მკითხველის თვალწინ.
 |
მალგოჟია Jil Sander-ის 1999 წლის კამპანიაში, დევიდ სიმსის ობიექტივში.
|
მალგოჟია ბელა აღნიშნავს, რომ Winter Girl ავტობიოგრაფია არ არის, ეს უფრო დახვეწილი, უშუალო და თვითირონიით სავსე მზერაა ქალისა, რომელმაც მოდის ინდუსტრიის ოცდახუთწლიანი ევოლუცია საკუთარი თვალით ნახა და ამ ხანგრძლივ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, გულწრფელობა შეინარჩუნა.