წარმოშობით ქართველი რეჟისორის - ლევან აკინის ფილმმა „გზაჯვარედინი” (“Crossing”) „ბერლინალეს” პანორამის სექციის ჟიურის პრიზი „საუკეთესო სამსახიობო გუნდისთვის” (Teddy Jury Award: Ensemble Cast) მოიპოვა. წლევანდელი „ბერლინალეს” პანორამის სექცია სწორედ აკინის ნამუშევრით გაიხსნა.
თუ სტამბოლში ერთხელ მაინც ხართ ნამყოფი, ხმაურიანი ქალაქის მკვიდრი კატების რაოდენობითაც აუცილებლად გაოგნდებოდით, თითოეულ კუთხეში, მაღაზიაში, შენობის ძირში, თუ სანაპიროზე რომ დაბორიალობენ. ამ ფენომენის ინსპირაციით 2016 წელს დოკუმენტური ფილმიც კი შეიქმნა, სახელწოდებით “Kedi”. თუმცა, მეტროპოლისში ოთხფეხა ბინადრებთან ერთად, ორფეხა სულებიც მრავლადაა. ისინი, სანამ შეამჩნევ უხილავებად რომ რჩებიან და ჩუმად აგრძელებენ ცხოვრებას.
თუ კარგად დააკვირდებით, შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ უსახლკარო ბავშვები, სექს მუშაკები, ქუჩის გამყიდველები, თუ ემიგრანტები, რომლებიც გადარჩენისთვის ყოველდღიურად იბრძვიან.
ლევან აკინის ახალი ფილმის მთავარი მიზანი ჩვენი მზერის სწორედ იმ მხარეს მიპყრობაა, რომელსაც ხშირად თვალს ვარიდებთ, ან უბრალოდ ვერც კი ვამჩნევთ. “გზაჯვარედინი” აჭარის ერთი სოფლის ყოფილ მასწავლებელზე, პენსიონერ ლიაზე (მზია არაბულის შესრულებით) მოგვითხრობს, რომელიც გარდაცვლილი დის უკანასკნელი სურვილის შესრულებას ცდილობს და სტამბოლში თავისი დაკარგული ტრანსგენდერი დისშვილის, თეკლას საპოვნელად მიემგზავრება. ბათუმიდან სტამბოლისკენ მიმავალს გზად 25 წლის აჩი (კანკავას შესრულებით) ხვდება, რომელიც ფიზიკურ და ემოციურ მოგზაურობაში ლიას თანამგზავრი ხდება.
ფილმის მსვლელობისას ჩნდება კითხვა, სურს თუ არა თეკლას, რომ მას საერთოდ მიაგნონ?! რეჟისორის ჩანაფიქრი სურათის დასაწყისშივე იკითხება. ფილმი თავიდანვე აცნობებს მაყურებელს, რომ ქართული და თურქული გენდერულად ნეიტრალური ენებია. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა ფილმში ნახსენები არაა, ერდოღანის მთავრობის ანტი LGBT დღის წესრიგი დრამას და მასში მკაფიოდ ნაჩვენებ თანაგრძნობის გზავნილს კიდევ უფრო მეტად მატებს წონას.
უმაღლესი შეფასებები აქვს ფილმში მზია არაბულის შესრულებას, რომელიც არნახული ოსტატობით განასახიერებს მისი გმირის თაობისთვის დამახასიათებელ, სინანულით გაჟღენთილ, თუმცა მონანიების გზაზე მდგომ პერსონაჟს. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლუკა კანკავას შესრულება. ეს უკანასკნელი არაპროფესიონალი მსახიობია, რომელსაც კინოში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
შეგახსენებთ, რომ ლევან აკინი არაერთი მხატვრული ფილმისა და ტელესერიალის ავტორია. მათ შორისაა ფართოდ გახმაურებული LGBTQ დრამა - And then we danced.
მარიამ ახობაძის ხელოვნება ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და ფიგურატიულ ფერწერას აერთიანებს. მისი უნიკალური ხედვა და ემოციური თხრობა მნახველს ისტორიის ერთ წამში მოხვედრის საშუალებას აძლევს, სადაც ფერები, ფორმები და სიჩუმე თავის ამბავს ჰყვებიან. The Diary ქართველ ფერმწერთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.
გიორგი ქებურიამ ლონდონის მოდის კვირეულზე შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ქართული ბენდის, Skazz-ის, მუსიკის ფონზე წარადგინა. კოლექციაში დიზაინერმა კლასიკური და თანამედროვე ესთეტიკის შერწყმით დინამიკური და გამორჩეული სამოსი შემოგვთავაზა.