მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის კიდევ ერთი წარმატებული ციფრული ჩვენება KOMBINIZONA-სგან, რომელსაც სოციალური კამპანია და ინდივიდუალური ხასიათი დაჰყვება ფონად, თუმცა ეს ბრენდის დაარსების დღიდან ასე იყო და რა გასაკვირია, რომ ახლაც, მსოფლიოსთვის საკმაოდ კრიტიკულ მომენტში KOMBINIZONA, 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევის შესახებ გვესაუბრება.

„ბეტონის ქალაქის სიზმრები“ - ამ გზავნილისა და სახელწოდების ქვეშ გაერთიანდა KOMBINIZONA-ს 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, რომელიც ურბანული პრობლემების ფონზე კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამოწვევების შესახებ გვიამბობს.

ვამაყობ, რომ ქსოვილების სრული უმრავლესობა სპეციალურად კოლექციისთვის შეიქმნა ჩემი ნახატებით და სამყაროში არსად ანალოგი არ გააჩნია - განო მელითაური

ციფრული ჩვენება ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობის, ნანკა კალატოზიშვილის, გამოსვლით დაიწყო, რომელსაც სხვა მოდელებიც მოყვნენ ფეხდაფეხ. ყოველდღიური სტილის სამოსი, ფერადი კომბინეზონები, სპორტული ორეულები, კლასიკური სამოსი და კაბები - ყოველივე ამის ხილვა სხვა არა ერთი ბრენდის ჩვენებაშიც შეგვიძლია, თუმცა ის, რაც KOMBINIZONA-ს სხვებისგან გამოარჩევს ფერთა მრავალფეროვნება და ერთი შეხედვით შეუსაბამო ფერების ჰარმონიული თანხვედრაა.

თითოეულ მოდელს ჩვენებაში სხვადასხვა პრინტით გაფორმებული ბადე-აირწინაღები ამშვენებდა, რაც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილის - პირბადეების რომანტიზებულ სახეს წარმოადგენდა.