ანიმატორობა ახალი სამყაროს საკუთარი ხელით შენებას ჰგავს. ანიმატორი და ანიმაციის რეჟისორი ცოტნე რუსიშვილი, რომლის ფიქრებიც ბავშვობიდან ანიმაციით იყო მოცული, დღეს ამ რთულ საქმეს კიდევ ერთი დიდი მოტივაციით ეჭიდება – სურვილით, საკუთარი შვილებისთვის შთაგონების მთავარ წყაროდ იქცეს.
ფანტაზიები, რომლებიც ეკრანზე გაცოცხლდა
ყველაფერი ძილისპირული ამბებით დაიწყო. ცოტნე კატოს ღამ-ღამობით ზღაპრებს უყვებოდა, სანამ ერთ საღამოს როლები არ გაცვალეს. კატომ მამას გოგონა ნიტას ისტორია მოუყვა და ასე დაიბადა ანიმაცია „ზღაპარი ნიტაზე“. მოგვიანებით გაჩნდა „ნინძა ბუ“ – ანიმაცია სუპერგმირზე, რომელიც ტყეში სამართალს იცავს. ამ პროექტის შექმნაში მთელი ოჯახი ჩაერთო. კატო სიმღერისა და მუსიკალური იდეის ავტორია. ანდრიამ თამაშის დროს ინსტინქტურად ააყოლა ხმა მისამღერს და წამოიძახა „ნინძა ბუ!“, რომელზეც შემდეგ აეგო ტექსტი, ცოტნემ ეს წამიერი შთაგონება კადრებად აქცია.
ტყეში სამართალს იცავს, ზურგზე კიდია კატანა. დღე სძინავს, ღამე ღვიძავს, იცის მეგობრის გადატანა...– ეს სიტყვები თამაშის დროს დაიბადა, მაშინ, როცა მამა-შვილი რუსიშვილები დროს უბრალოდ ერთად ატარებდნენ.
ხშირად გვგონია, რომ შვილების თვალში სუპერგმირად გახდომას განსაკუთრებული ძალისხმევა და დაუღალავი შრომა სჭირდება. სინამდვილეში კი, საქმე გაცილებით მარტივადაა. ბავშვებისთვის ნამდვილი გმირობა მათთან გატარებული დროა. ამას კვლევებიც კი ადასტურებს. UNFPA-ს 2024 წლის კვლევის მიხედვით, თანამედროვე მამები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ მთავარ ჭეშმარიტებას, შვილისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი არა ნივთები, არამედ მათთან ერთად უბრალოდ ყოფნაა. ეს ჭეშმარიტება ცოტნე რუსიშვილმაც მამობის შემდეგ გაიაზრა.
ბავშვის აღზრდის პროცესში მამების როლის გაძლიერების წასახალისებლად UNFPA საქართველომ ახალი კამპანია წამოიწყო, სლოგანით – „როცა უბრალოდ ერთად ვართ“.
ამ პროექტის გმირები არიან ცოტნე, კატო და ანდრიაც. ეს მათი, როგორც ერთი ოჯახის, უახლესი ერთობლივი ნამუშევარია, რომლის ფარგლებშიც ცოტნემ ინსპირაციული ვიდეორგოლი და პოსტერების სერია შექმნა.
ცოტნე, როგორია თქვენი ცხოვრება მამობამდე და მას შემდეგ, რა არის მთავარი განსხვავება ამ ორ ადამიანს შორის?
ცოტნე: მამობამდე გაცილებით ნაკლები და ჩემი აზრით, უმნიშვნელო საფიქრალები მქონდა. რაც მამა გავხდი, მას შემდეგ შვილებით იწყება და მთავრდება ჩემი საფიქრალი. რაც არ უნდა იყოს, საკუთარი თავის განვითარებიდან დაწყებული, მათი საჭიროებებით დამთავრებული, ყველაფერი მათთანაა კავშირში. როცა იცი, რომ შვილები გიყურებენ, თავს მეტად ვალდებულად გრძნობ, რომ კარგი იყო, სწორად მოიქცე და საუკეთესო მაგალითი იყო მათთვის. უფრო მეტად დავინტერესდი, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობ, რანაირ წესრიგს დავახვედრებთ ჩვენს შვილებს, როგორი იქნება მათი მომავალი იქ, სადაც ვცხოვრობთ და ა.შ.
მას შემდეგ, რაც მშობელი გავხდი, მშვიდად და არხეინად ყოფნის ფუფუნება გაქრა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო რამე დამაკლდა. პირიქით, შვილები რომ არა, ალბათ იმის ნახევარს ვერ შევძლებდი ცხოვრებაში, რაც აქამდე ვქენი. შეიძლება ანიმაციაშიც კი არ მეცადა ბედი და ისე გასულიყო მთელი ცხოვრება, რაც მიყვარს და მაინტერესებს, ის ჩემს საქმედ არ გამეხადა და ჩემთვის უინტერესო სფეროში, რუტინულ სამსახურებში შემოვრჩენილიყავი.
რა გრძნობაა, როცა შვილის ფანტაზიას ეკრანზე აცოცხლებთ და მას საკუთარი შემოქმედების ნაწილად აქცევთ?
ცოტნე: ეს ნამდვილად ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი მომენტია. ისედაც ძალიან მიყვარს ბავშვების ავთენტური და შეულამაზებელი ამბების მოსმენა და ყურება. როდესაც ამას შენ თვითონ ქმნი, თან საკუთარი შვილის შესახებ, მაგ დროს მოტივაციისა და ინსპირაციის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდი.
ცოტნე რუსიშვილი ქართული ანიმაციური ფილმის „სხვა ლეველის ოდისეა“ შემოქმედებითი გუნდის წევრია
რა არის ის მთავარი გაკვეთილი, რომელიც შვილებისგან მიგიღიათ?
ცოტნე: მთავარი გაკვეთილი ის მიმიღია, რომ მათთან კომუნიკაციაში გულწრფელობის და თანასწორად ურთიერთობის გარდა, სხვა სწორი და მოკლე გზები არ არსებობს. ამიტომ, ყოველთვის ვუსმენ და ვპასუხობ ისე, როგორც თანასწორებს.
ცოტნეს სურს, რომ მისი შვილები თავისუფალი, დამოუკიდებელი ინდივიდები იყვნენ. მას სურს, საკუთარი მაგალითით აჩვენოს კატოსა და ანდრიას, რომ ოცნებებისთვის ბრძოლა აუცილებელია და დანებება გამოსავალი არ არის. ზოგჯერ, ყველაზე ღირებული, რისი გაკეთებაც მშობელს შეუძლია, შვილის უსაზღვრო ფანტაზიაში შესვლა და მასთან ერთად ახალი სამყაროების შენებაა – ზუსტად ისე, როგორც ამას ცოტნე რუსიშვილი აკეთებს.
Amazon Prime-ის ახალი სერიალი Off Campus რომანტიკული დრამების ჟანრს ახალ სიცოცხლეს სძენს. სერიალი ელ კენედის პოპულარულ წიგნებს ეფუძნება და მაყურებელს საინტერესო თინეიჯერულ დრამაში ეპატიჟება.
TheDiary-ის ახალი Cover Story საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. მისი მთავარი გმირები მსახიობი აპოლონ კუბლაშვილი და „დელფოსის“ გამორჩეული კოლექციაა, რომელიც თითბრისგან შექმნილ მოვერცხლილ და მოოქრულ ფიგურებს აერთიანებს.