მარიამ აქუბარდიას ხელოვნებას ერთი ადამიანის შინაგანი სამყაროს გარეთ გადმოდინების უსასრულო პროცესი შეგვიძლია ვუწოდოთ. ქართველი მხატვარი, ოკუპირებული გალიდან, იმ მოგონებებსა და ისტორიებს, რომელსაც ბავშვობაში, მანტრასავით იზეპირებდა, ახლა მეხსიერების კუნჭულებში ნელ-ნელა პოულობს და ტილოზე გადმოაქვს. მისი ხელოვნება მიტოვებულ სახლებსა და ომის ისტორიებში გაჟღენთილ საღამოებში გასულმა წლებმა ჩამოაყალიბა. ამ ინტერვიუში წაიკითხავთ მარიამის შემოქმედების შესახებ, რომელიც პირადი და კოლექტიური მეხსიერების ნაზავი და იმ განცდების ხილული ფორმაა, რომლებსაც სიტყვები ვერ იტევენ.
მარიამ აქუბარდია
მარიამ, საიდან მოდის თქვენი ხელოვნების ინსპირაცია?
ომიდან მალევე, 1994 წელს მამა ოკუპირებულ გალში დაბრუნდა. ის გაეროს მისიით ხალხის დასახმარებლად ჩავიდა და 30 წელი ემსახურა როგორც აფხაზ, ასევე ქართველ ხალხს. (მამა სტომატოლოგია). თითქოს სიტუაცია „მიწყნარდა“, მე, ჩემი და და დედაც მალევე ჩავედით. ყველა ზაფხულისა და ზამთრის არდადაგებს იქ ვატარებდით. შემიძლია ვთქვა, რომ ნახევრად ოკუპირებულ გალში გავიზარდე. მიტოვებულ მეზობლის სახლს უვლიდა ბებია – ანიავებდა, კარებს და ფანჯრებს აღებდა. მე და ჩემი და ძალიან დაინტერესებული ვიყავით მიტოვებული სახლის თვალიერებით. ჩვენს სახლს უკან საბავშვო ბაღი იყო აფეთქებული, რომელიც შემდეგ ღამ-ღამობით ტურების თავშესაფრად იქცა.
ღამე, შუა ქალაქში მახსოვს მათი გამაყრუებელი ხმა... სულ რაღაც 20 მეტრში. უფრო მეტ სისასტიკეს მატებდა იქაურობას. საბავშო ბაღის ეზოში ჭაობში მოტივტივე სათამაშოები დღემდე არ ამომდის გონებიდან. საღამოობით ქუჩაში მეზობლები იკრიბებოდნენ და ომის სისასტიკეებზე ყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს - რუსეთის მიერ ჩადენილს.
მონაყოლს თუ ნანახს საგულდაგულოდ ვიმახსოვრებდი, ეს ყველაფერი ჩემს გონებაში ძალიან ღრმად დაილექა.
ვხვდებოდი, რომ არ მქონდა ისეთი ცხოვრების და ბავშვობის გამოცდილება, როგორც სხვა ბავშვებს. ამდენმა დაგროვილმა ფაქტებმა და ემოციებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა იმაზე, რომ ხელოვნება მეკეთებინა.
ომის გამო მოგიწიათ სახლის დატოვება. როგორ ჩამოაყალიბა ამ მომენტმა თქვენი პიროვნება და როგორ აისახა ეს თქვენს ხელოვნებაში?
მე 2 წლის ვიყავი, როდესაც სახლი დავტოვეთ. ბუნებრივია, ეს მომენტი არ მახსოვს. ნათესავმა შეგვიფარა ზუგდიდში, სადაც ჩვენსავით ასობით ადამიანი რჩებოდა, მიდი-მოდიოდა. ემოციურად არ იყო მარტივი ამის გადახარშვა. რაღაც დისციპლინიდან, ძალიან მოწესრიგებული, უზრუნველი რეჟიმიდან ვარდები და გადადიხარ ქაოსში. როგორც ბავშვისთვის, ეს ძალიან მძიმე იყო. მახსოვს, გარკვეული დროის განმავლობაში ბაბუას მამაჩემის მამას არ ვყავდით ნანახი. მე ეზოში ვიყავი, და ვიღაც კაცი მომიახლოვდა სათამაშოთი ხელში. მე გავიქეცი და ვიკითხე: „ეს კაცი ვინ არის?“ მახსოვს, ბაბუამ იტირა. ომი თუ არ გკლავს, ემოციურად ანადგურებს ადამიანებს. ჩემი მთელი შემოქმედება ამ ისტორიებს ეძღვნება. ხშირად მეკითხებიან, არ აპირებ სხვა თემაზე მუშაობას?
სერია „ხანდახან დამშრალი შადრევნებიც ამოხეთქავენ“
ჩემი პასუხია: როდესაც ყველა დევნილი იცხოვრებს ღირსეულად, მე ჩემს სათქმელს ამოვწურავ და სხვა თემებით დავინტერესდები.
როგორი გახსოვთ აფხაზეთი? არის თუ არა ნამუშევარი, რომელიც ყველაზე მეტად გადმოსცემს აფხაზეთზე ყველაზე ადრეულ მოგონებებს?
აფხაზეთი ტკბილ-მწარედ მახსოვს. ძალიან მძიმედ, მაგრამ სიმსუბუქეს მაძლევდა ბებიას და ბაბუას დიდი სიხარული, რომელიც ჩვენი ნახვით იყო გამოწვეული. და არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ჩვენი ეზოს ესთეტიკა უიშვიათესი იყო – ციტრუსის ბაღები, აგავები, პალმები, ბანანის ხეები – ჩვენი ეზო ნამდვილი სუბტროპიკული ჯუნგლები იყო.
ამ ესთეტიკამ დიდი როლი ითამაშა ჩემი ნახატების სტილზე.
ჩასვლის ყოველ წელს ხალხის მდგომარეობა მძიმდებოდა. ყოველ წელს ერთით ნაკლები ადამიანი გვხვდებოდა სამეზობლოში – სრულად დაიცალა იქაურობა. ბებიას და ბაბუას თაობა გარდაიცვალა, ხოლო ჩემი მშობლების თაობა დეპრესიისგან მიილია. თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, მესმოდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა, უბრალოდ დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. ადამიანები უკეთესი ცხოვრების ძიებაში გაქრნენ. ქალაქები ბუნებამ აითვისა სრულად. ამის ნახვა ძალიან მძიმე იყო, დღესაც მიჭირს ამის გადახარშვა. ბებიამ და ბაბუამ ჩვენს დაბრუნებაზე ოცნება თან წაიღეს. ჩემი ნახატებიც ამის ნაზავია – ადამიანური სევდის და ბუნების აფეთქების და გამარჯვების ბეტონზე თუ ქალაქებზე.
„აგავა იწვის, მაგრამ ჩვენ ვერ ვამჩნევთ“
ნამუშევარი „აგავა იწვის, მაგრამ ჩვენ ვერ ვამჩნევთ“ – ეს ნამუშევარი ყველაზე მეტად გადმოსცემს ჩემთვის.
ნახატის რაღაც ფრაგმენტები დედას და მამას ქორწილის ფოტოებიდან ავიღე. ვფიქრობ, დღესაც იწვის და ვერ ვამჩნევთ.
თქვენი ნამუშევრები პირადი ამბების თხრობასთან ერთად, ერთგვარი დოკუმენტაციის როლსაც ასრულებს. რა არის თქვენი მთავარი ფოკუსი?
მიხარია, თუ ასეა – ჩემი მიზანიც ეს არის. უბრალოდ, 300,000-მდე ადამიანმა თავისი სათქმელი ვერ თქვა, მოერიდა, თავი ზედმეტად ჩათვალა. ციფრებად არ მინდა დავრჩეთ დევნილები. დღეს ყველა ადამიანი ვდგავართ ამ საშიშროების წინაშე, მაგრამ დევნილები 32 წელია, ცხოვრების ელემენტარული პირობების შექმნას ებრძვიან. ჩემი ფოკუსი მხოლოდ ეს არის – შევქმნა ხელოვნებით დოკუმენტაცია. ჩვენი ხმა სადღაც, რაღაც ფორმით მაინც ისმოდეს.
თქვენი ხელოვნება აფხაზეთთან კავშირის აღდგენის მცდელობაა, თუ დანაკლისისა და დისტანციის გადააზრების თქვენეული გზა?
ძალიან რთული კითხვაა და ღრმა დასაბუთებული პასუხები სჭირდება. ვეცდები მოკლედ და გასაგებად ვუპასუხო. კავშირის აღდგენამდე ფიქრისთვის სხვა ეტაპების გავლაა საჭირო. 32 წლის, ჯერ კიდევ არ დაწყებულ პროცესს ვერ გადავახტებით. ადამიანს გამოჯანმრთელებამდე მკურნალობა სჭირდება. მკურნალობის გარეშე ის ავადმყოფობას ვერ დაამარცხებს – სხეულს ვერ აღიდგენ, თუ საჭირო ეტაპები არ გაიარე. ამ პროცესების გამოტოვებით უბრალოდ ვერანაირ აღდგენაზე ვერ ვიფიქრებ. ჯერ თავიდან უნდა დავიწყოთ – უნდა მიეცეს დევნილებს შესაძლებლობა ილაპარაკონ პრობლემებზე და მოახდინონ რეაბილიტაცია, მიიღონ ღირსეული ცხოვრების პირობები. დანაკლისი, დისტანცია თავისთავად, მაგრამ ასევე საიდანღაც მოკვეთილი, ამოგლეჯილი მდგომარეობა – ეს არის ის, რაც დევნილობას ამძიმებს. ჯერ ამის გააზრებას ვცდილობ.
ფოტო გამოფენიდან „ხანდახან დამშრალი შადრევნებიც ამოხეთქავენ“.
ავტორი: ანა გაბისიანი
რას ნიშნავს თქვენთვის დღეს „სახლი“? შეიცვალა ეს განცდა წლების განმავლობაში?
სახლი ადამიანისთვის მხოლოდ კედლები არ არის, არა? იქ გაზიარებული ცხოვრების გამოცდილებაა ადამიანებთან ერთად. როდესაც მოგვიწია ზუგდიდში იძულებით გადასვლა, თავიდან ნათესავებთან, შემდეგ კი ქირით გადავედით. ჩემს ყველა კლასელს სახლი ჰქონდა, სადაც მათი მშობლები და მშობლების მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ. როცა მეც მიჩნდებოდდა კითხვა სახლზე, ბუნებრივია, ჩემი მშობლები მე და ჩემს დას გალის სახლზე გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის თქვენი ნამდვილი სახლი, რომელიც ბაბუაჩემის მამამ ააშენა და მთელი თაობები იქ გაიზარდნენ.
იქიდანვე გამიჩნდა ღრმა მიჯაჭვულობა ოკუპირებულ სახლზე, მაგრამ თან დისონანსური. ოკუპირებულ მიწაზე იდგა, მაგრამ სახლი ჩვენი იყო? ასე გაგრძელდა დღემდე – ყველაფერზე გაორებული შეგრძნებები. ის მართლაც ნამდვილი სახლი იყო – იქ ჩასვლიდანვე ბავშვური სილაღე, სიხალისე, სიცელქე მიბრუნდებოდა. შეგრძნებებით სულ ძიებაში ვარ, მაგრამ ჯერ არაფერი შეცვლილა – გალი, დიმიტროვის №2 გონებიდან არ ამოდის და არც შეგრძნებიდან.
თქვენი ხელოვნება ომისშემდგომ ემოციებზეა – როგორ ფიქრობთ, დრო მართლა ანელებს ტკივილს, თუ უბრალოდ სხვა ფორმით აგრძელებს არსებობას?
დრო ვერაფერს გაანელებს და ვერც გაამართლებს. დრო ვერ გაანელებს რუსეთის მიერ ცოცხლად ნაწამებ და წამებით მოკლულ 8,000 მშვიდობიან მოქალაქეს - ქალებს, ბავშვებს, კაცებს. უსახლკაროდ დარჩენილ 300,000 ადამიანს დრო ვერაფერს გაუნელებს, როდესაც ადამიანი საშუალოდ ნახევარი ცხოვრების განმავლობაში ბრძოლაშია. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ტკივილზე ფიქრი ყოველდღიურად ამარცხებს ადამიანს, და ამაზე არ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული. რაც არ უნდა განელდეს, ეს არის ის, რომ მტერი არ უნდა დავივიწყოთ, ვინ არის. არ ვამბობ, რომ სიძულვილში და ზიზღში უნდა გავატაროთ ცხოვრება. ბრაზი არ უნდა დაგვავიწყდეს და არ უნდა გაგვინელდეს მტრის მიმართ. მგონია, რომ სწორედ ამაზე ფოკუსირება წარმოშობს ჯანსაღსა და ახალს. ჯერ-ჯერობით ტკივილში ვცხოვრობთ, და ეს ნიჰილიზმს კვებავს.
თქვენი ინსტალაციები ბევრს ჰყვებიან მეხსიერებასა და ტრავმაზე. რომელ მათგანს გამოარჩევდით თქვენი შემოქმედებიდან?
ორს გამოვარჩევდი „ყინვის საწინააღმდეგოდ შეფუთული ციტრუსის ხეები“, რომელიც ვაგზლის მოედანზე იდგა ერთი თვის განმავლობაში, და გარშემო თითქმის ყველა გარე მოვაჭრე დევნილი იყო. ყოველ დღე მივიდოდი ინსტალაციის ადგილზე და ვესაუბრებოდი ასობით ადამიანს. დაუვიწყარი გამოცდილება იყო.
მეორე - „ჟანგის ფერი ცრემლების მდინარე“, რომელიც გალში სახლის გაყიდვას მივუძღვენი. ინსტალაციაში ჟანგიან თუნუქის სახლის კონსტრუქციაში ფანჯრებიდან ჩვენი სახლის ფერწერები მოჩანდა.
ამ ორ ინსტალაციაში ჩემი აზრით არის კავშირი: პირველი, ალბათ, ომის შემდეგ ჩემს პირველ ჩასვლას და ნანახის ემოციებს გადმოსცემს. მეორე კი - საბოლოოდ, გამომშვიდობებას.
რა არის ყველაზე რთული შემოქმედებით პროცესში?
ვერ ვიტყვი, რომ რამე რთულია როდესაც ზუსტად იცი რას აკეთებ და რატომ. ემოციურად არის რთული ის მომენტი როდესაც მიწევს მეხსიერებაში ქექვა ჩემი სამუშაო პროცესისთვის. თითქოს დასაწყიბებული მაქვს მოგონებები და იმდენი რამე მახსენდება თუნდაც ბედნიერი მომენტები, რაც სევდას მგვრის. ან პირიქით, ადამიანები რომლებიც დღეს არ არიან.
რას ფიქრობთ, როგორ აღიქვამს მომავალი თაობები თქვენს ნამუშევრებს?
არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. თუ საერთოდ გაუძლო დროს და მომავალი თაობებისთვის აღსაქმელად, ესეიგი რაღაცას მივაღწიე. ვისურვებ, რომ მომავალმა თაობებმა ომები აღარ გამოსცადონ, რადგან თუ ცოცხალი გადარჩი, ომი ბავშვობას გართმევს და ყველა ასაკში სილაღეს. ვისურვებდი, როგორც ფერწერულ დოკუმენტალისტიკას, ომზე აღმოცენებულ ხელოვნებას, რომელიც მინდა, რომ დარჩეს წარსულად.
მარიამ ახობაძის ხელოვნება ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და ფიგურატიულ ფერწერას აერთიანებს. მისი უნიკალური ხედვა და ემოციური თხრობა მნახველს ისტორიის ერთ წამში მოხვედრის საშუალებას აძლევს, სადაც ფერები, ფორმები და სიჩუმე თავის ამბავს ჰყვებიან. The Diary ქართველ ფერმწერთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.
გიორგი ქებურიამ ლონდონის მოდის კვირეულზე შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ქართული ბენდის, Skazz-ის, მუსიკის ფონზე წარადგინა. კოლექციაში დიზაინერმა კლასიკური და თანამედროვე ესთეტიკის შერწყმით დინამიკური და გამორჩეული სამოსი შემოგვთავაზა.